საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს პრეზიდენტის სასახლეში ნიკა გილაურს შეხვდა. მათ სახელმწიფო ვალების გადავადების დეტალებზე ისაუბრეს, რაც ევრობონდების გამოშვების წყალობით გახდა შესაძლებელი. პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ვალი 2013 წლის ნაცვლად, 2021 წელს დაიფარება და, რაც ყველაზე მთავარია, საპროცენტო განაკვეთი, გაზრდის ნაცვლად, შემცირდება. პრეზიდენტის შეფასებით, მთავრობის ეფექტიანი მუშაობა კიდევ უფრო გაუმჯობესებს საქართველოში საინვესტიციო გარემოს და ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას.
„ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი რამ წარმატებით განხორციელდა. მთავრობამ, პრაქტიკულად, ძალზე დიდი დროით გადაავადა საქართველოს სახელმწიფო ვალი. ეს ნიშნავს, რომ 2013 წელს ჩვენ ამ ვალის ძირითადი ნაწილი გადასახდელი არ გვექნება, რაც საშუალებას მოგვცემს ფული ქვეყნის განვითარებასა და ჩვენი ხალხის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე დავხარჯოთ და არა ძველი ვალების გასტუმრებასა და დაფარვაზე. საქმე, მართლაც, მოსალოცად გვაქვს, რადგან ეს ძალიან დიდი ნდობაა საერთაშორისო ინვესტორების მხრივ, თანაც იმ ფონზე, როდესაც საბერძნეთი, ჩამოიშალა, პორტუგალიაში ასეთი პრობლემებია, ასევეა ირლანდიასა და ისლანდიაში. ამ ქვეყნებს ინვესტორების უმეტესობა აღარ ენდობა და ამ ძალიან რთულ პირობებში, საქართველომ წარმატებით მოახერხა ვალების გადავადება და საერთო საკრედიტო რესურსის გაგრძელება. ეს მართლაც ძალიან კარგი ნამუშევარია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სესხი ათწლიანია და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებზე ბიუჯეტიდან ბევრად უფრო მეტი თანხის დახარჯვა გახდება შესაძლებელი. საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ 2021 წელს, მაშინ, როდესაც საქართველო ბევრად უფრო განვითარებული იქნება, ქვეყანას ამ ვალის დაფარვა არ გაუჭირდება. პრეზიდენტმა ქვეყანა იმ ოჯახს შეადარა, რომელსაც იპოთეკური სესხის გადავადების ხარჯზე, შეუძლია შვილებს კარგი განათლება მისცეს.
„ეს დაახლოებით იგივეა, რომ ოჯახმა აიღოს სესხი ბინის შესაძენად, ეს სესხი ძალიან დიდი პერიოდით გადაუვადონ და შესაძლებლობა გაუჩნდეს ფული შვილების განათლებას ან სხვა სასარგებლო საქმეს - თავის უახლოეს მომავალს მოახმაროს. ზუსტად ასევეა სახელმწიფო. იმ პირობებში, როდესაც გამოვიარეთ ომი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ნდობა ჩვენს მიმართ არის უფრო მაღალი, ვიდრე იყო ომამდეც კი, საქართველოს მიმართ. ეს პირდაპირი შედეგია იმისა, რომ საქართველოში ძალიან მარტივი გარემო შევქმენით ბიზნესის წარმოებისთვის. ჩვენ ყველა გავაკვირვეთ იმით, რომ წინა წლებში, მაშინ, როდესაც ჩვენი ეკონომიკა ყველა კრიტერიუმით უნდა ჩამოშლილიყო, არ ჩამოიშალა. საქართველომ მთავარი რამ შეძლო, ის, რაც ვერ შეძლო საბერძნეთმა და ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ. ქვეყანაში შევქმენით მთლიანად არაკორუმპირებული გარემო ყველა დონეზე, სხვაგვარად ფულს არავინ არ მოგცემს. ინვესტორებმა კარგად იციან, რომ სახელმწიფოს მთავრობის ყველა დონე არაკორუმპირებულია. მეორეც, იმას გარდა, რომ მსოფლიოს პირველი რეფორმატორები ვართ, ამ რეგიონში, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცესა და მთელი ჩვენ სამეზობლოს, ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა ვართ ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. სწორედ ამ მუშაობის შედეგია ის, რომ ჩვენ გვენდობიან. ასევე ამ მუშაობის შედეგია ის, რომ ახლა შეგვიძლია მშვიდად მოვახმაროთ ფული ჩვენი ქვეყნის განვითარებას და არა სხვისი ვალების გასტუმრებას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ნიკა გილაური მიიჩნევს, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორების ასეთი ნდობა გამოიწვევს საქართველოში დამატებით ინვესტიციების შემოსვლას როგორც დასავლური კომპანიებიდან, ისე აღმოსავლეთის კომპანიებიდან და შესაბამისად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. თანაც, მისი თქმით, ქვეყანას ვალის პრობლემა საერთოდ მოეხსნება.
„ჩვენი არაკეთილმოსურნეები ამბობდნენ: მართალია საქართველო განვითარდა, მაგრამ რაღაც მომენტში უწევს ეს ვალები და მერე აშკარად ჩამოიშლებაო. ახლა აღარავის აღარაფერი აღარ აქვს სათქმელი. არც ვალების პრობლემა დადგება მრავალი წლის განმავლობაში და ყველა კრიტერიუმი ისეთი გავვქვს, რომ განვითარება უნდა გაგრძელდეს. უნდა გაადვილდეს კიდეც იმ სოციალური პრობლემების გადაჭრა, რომელთა წინაშეც უდავოდ ვდგავართ. ეს არის ზუსტად ის, რასაც ნიშნავს პოლიტიკური სტაბილურობა და სწორად გატარებული პოლიტიკა. ეს განსაკუთრებით შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, რასაც ბევრი ეწინააღმდეგებოდა და უამრავი პრობლემა შეგვექმნა - წინა წლებში, რამდენჯერმე, ლამის, გადატრიალება მოხდა ამის გამო. წარმატების მთავარი მიზეზია ის, რომ კორუფციას ყველგან მოვუჭრეთ ხელი და ის, რომ გავამარტივეთ ბიზნესგარემო. ასე უნდა გავაგრძელოთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.