Google+

სიახლეები

21.03.2011
საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ, ძმებო.

თქვენ იცით როგორ მიყვარხართ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ადვილი არ არის, მსოფლიოში ბევრი ცუდი რამ ხდება და ბევრიც ჩვენ გადაგვხვდა თავს,  სხვა გამოსავალი არ გვაქვს - უნდა ვიშრომოთ, ვისწავლოთ და ავაშენოთ. გაძვირდა საკვები პროდუქტები, საწვავი, რაც თქვენთვის მიწის დამუშავებას ართულებს.

დღეს ვნახე, როგორი აღმშენებლობა მიმდინარებს მარნეულში.

მარნეული არის საქართველოს მშვენება და კიდევ უფრო გალამაზდება.  ჩვენ ვამაყობთ იმით, რასაც თქვენთან ერთად ვაკეთებთ აქ.

ჩვენი ხელებით იქმნება ახალი საქართველო, ჩვენი ხელებით იქმნება ახალი მარნეული და ჩვენი ხელებით იქმნება ჩვენი შვილების ცხოვრება.

ჩვენს ძმობას მყარი საფუძველი აქვს.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ აზერბაიჯანული კულტურა,  აზერბაიჯანული ენა, რომელიც ქართული კულტურის, ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია.

ამავე დროს, მიხარია, რომ სკოლებში უკეთესად სწავლობენ ქართულ ენას, რადგან ეს თქვენი წარმატების საწინდარია ჩვენს ერთიან სახელმწიფოში. ამით უფრო მეტად ვეზიარებით დანარჩენი საქართველოს კულტურას, რადგან ის ამდიდრებს ჩვენს ერთიან, მრავალეთნიკურ, მრავალრელიგიურ კულტურას.

მე მინდა მივესალმო იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდები აქ სულ უფრო მეტად გრძნობენ თავს ერთიანი ქართული სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად და ეს არის ყველაზე მთავარი, რითაც მე ვამაყობ.

პირადად მე და ყველა ერთად ვამაყობთ არა იმდენად დაგებული გზებით, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, საამაყოა, რადგან საქართველოს საუკეთესო გზები ექნება რეგიონში; არა იმდენად ახლადაშენებული შენობებით, თუმცა მინდა, რომ საქართველოში აშენებული ნაგებობები  ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი იყოს მსოფლიოში; არა მხოლოდ იმით, რომ  ვქმნით კარგი განათლების სისტემას, თუმცა მომავალში ეს არის ჩვენი წარმატების საწინდარი; არა ბევრი სხვა მიღწევებით, რომლებიც დღეს საქართველოს აქვს, არამედ იმით, რომ ჩემი მთავრობის მთავარი კურსია თქვენთან ერთად შევქმნათ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი სხეული. ამ სხეულში კი ყველა კულტურული, ეთნიკური, რელიგიური წარმომავლობის და ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანები თავს იმ ქვეყნის შვილებად იგრძნობენ, რომელშიც არასდროს არ ინანებენ, რომ დაიბადნენ, რომელსაც ყველასთან ერთად ააშენებენ, რომლისთვისაც იბრძოლებენ და რომლისთვისაც მოკვდებიან.

იგრძნოთ, რომ ყველანი ვართ ერთიანი საქართველოს შვილები - ეს არის ყველაზე მთავარი რასაც ჩემი მთავრობა ქმნის და რასაც, პირადად მე, მინდა შევალიო ჩემი სიცოცხლეც და მოღვაწეობაც.

კიდევ ერთხელ გილოცავთ საერთო ეროვნულ დღესასწაულს, რადგან დღევანდელი დღესასწაული საერთოა მთელი საქართველოსთვის.  

ეს არის გაზაფხულის დღე და იმის მიუხედავად, რომ წვიმს, სითბო მაინც არის ჩვენს გულებში, თანდათანობით კი მთელ საქართველოში დათბება.

გისურვებთ წარმატებულ წელიწადს, აღმშენებლობას და ყველა სიძნელის ერთად გადალახვას.

მინდა გითხრათ, რომ რამიზ ჰასანოვი როგორი აზერბაიჯანელიცაა,  ისეთივე ქართველია. ის  აქედან არის და ჩვენი სისხლი და ხორცია. ამავე დროს, იგი იყო აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში და  ჩვენი დიდი მეგობარი ბაქოში. ამას წინათ, ამ სპორტის სასახლეს, ამ ახალ ცენტრს ჩვენ ერთად ჩავუყარეთ საფუძველი.

ჩვენი მეგობრობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და იმისთვის, რომ ეს ქვეყანა  უყვარს, მსურს, საქართველოს სახელით, ღირსების ორდენი გადავცე.

დიდი მადლობა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)