Google+

სიახლეები

28.02.2011
საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს პარლამენტის უმრავლესობის წევრებს შეხვდა და მათთან მსოფლიოში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასა და ინფლაციაზე ისაუბრა. რეგიონებში არსებულ ვითარებაზე პრეზიდენტმა ინფორმაცია დეპუტატებისგანაც მიიღო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საერთაშორისო ბაზრებზე  შექმნილი მდგომარეობა გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზეც. როგორც მან აღნიშნა, გლობალური პრობლემებისგან გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი საქართველომ მაქსიმალურად უნდა აიცილოს თავიდან. ამას გარდა, შეხვედრისას კონკრეტული პროექტები განიხილეს, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა.

„იმისათვის, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს პატარა, უმწეო ნაფოტი მსოფლიო კრიზისის ამ ოკეანეში, ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ მაქსიმალურად  დისციპლინირებული; მაქსიმალური, კიდევ უფრო მეტი თავისუფლება მივცეთ ჩვენ ბიზნესს და გავუხსნათ უფრო მეტი შესაძლებლობები. ასევე, უნდა შევინარჩუნოთ ის მთავარი უპირატესობები, რაც საქართველოს აქვს - არაკორუმპირებული სახელმწიფო საგადასახადო სამართალდამცავი სისტემა და კარგი საგადასახადო გარემო. ამავე დროს, ეს კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ, რადგან ჩვენი ერთადერთი ალტერნატივა, იმ პირობებში, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა სხვადასხვა სუბიექტური და სხვა ფაქტორების გამო, როგორიცაა ომები, შეტაკებები, ძალადობა, განსაკუთრებით იქ, სადაც ნავთობი მოიპოვება მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ჩვენი ეკონომიკა არა მხოლოდ მაქსიმალურად უნდა გადავარჩინოთ, არამედ გონივრული, ძალიან ორგანიზებული და მიზანმიმართული მოქმედების შემთხვევაში, შეიძლება გაძლიერებულიც გამოვიდეს.   

ამავე დროს, ჩვენ კარგად ვიცით და ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ჩვენს ხალხს, თითოეულ ოჯახს დიდ დარტყმას აყენებს გაზრდილი ფასები. რეალური ხელფასები შემცირდა, რადგან თუკი ადამიანი ხელფასით გარკვეული რაოდენობის პროდუქტს ყიდულობდა, ახლა, რეალურად, ეს რაოდენობა შემცირდა. ამას ემატება ისიც, რომ არიან უმუშევრები, რომლებიც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. ამ სიტუაციაში მუდმივი ორიენტაცია იმაზე, რომ სახელმწიფომ გადაანაწილოს არსებული მწირი რესურსები, მაქსიმალურად დაეხმაროს ყველაზე გაჭირვებულ ფენებს და ჩვენ ყველანი ვიყოთ ჩვენს ამომრჩეველთან მაქსიმალურად ახლოს (უპირველესად, ეს ეხება პირველ რიგში რეგიონებიდან არჩეულ დეპუტატებს), გადამწყვეტია იმისათვის, რომ უკეთესი მომავალი შევქმნათ თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ეკონომიკური საკითხების გარდა, მიხეილ სააკაშვილმა იმ საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. უპირველეს ყოვლისა, ეს ქვეყნის დეოკუპაციას შეეხება და ასევე იმ პრობლემებს, რომლებიც საქართველოს 2008 წლის შემდეგ შეექმნა.  ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად ქვეყანას დიპლომატიური ბრძოლა უწევს. ამ ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მან  დეპუტატი დავით დარჩიაშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

„მინდა რამდენიმე სიტყვა დავით დარჩიაშვილზეც გითხრათ, რადგან თუკი ვინმე ხმალამოღებული იცავს საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო არენაზე, ბევრ თქვენგანთან ერთად, ეს სწორედ დავით დარჩიაშვილია. საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არენაზე დიდი ბრძოლა მიმდინარეობს და ჩვენ ვიბრძვით არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დეოკუპაციისთვის, ჩვენი პოზიციების გასამაგრებლად და ჩვენი მომავლისთვის. ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი. ის ვინც ჩვენ გვებრძვის,  ცდილობს, რომ გაამართლოს თავის მიერ ჩადენილი უსამართლობა. ამ ბრძოლაში ის არც სიბინძურეს ერიდება, არც მოსყიდვას, და არც ამორალური და არაკაცური მეთოდების გამოყენებას. ამიტომ, საბოლოოდ, მართლაც, როგორც დავითის და გოლიათის ბრძოლა, ჩვენი ბრძოლა, რა თქმა უნდა, გამარჯვებით დამთავრდება. ამ ბრძოლაში ჩვენ გვყავს ხალხი, რომელიც განსაკუთრებით წარმატებულია და ამიტომ, მინდა, დავით დარჩიაშვილს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადავცე", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)