სიახლეები
25.02.2011
საქართველოს პრეზიდენტი ოკუპაციის მუზეუმში კადეტთა კორპუსს შეხვდა
მოგესალმებით ყველას!
მინდა მივესალმო ჩვენსსტუმრებს, აქ არიან იუნკერების ოჯახის წევრები, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირთა შტამომავლები.
მინდა მივესალმო ნიკოლ ჟორდანიას, მთავრობის პირველი თავმჯდომარის შვილიშვილს.
მინდა მივესალმო ქართველ კადეტებს, თანამედროვე ქართველ იუნკერებს, ქუთაისის კადეტთა სასწავლებლის კურსანტებს, ასევე ჩვენს ოფიცრებს, რომლებიც დღეს აქ, საქართველოს ოკუპაციის მუზეუმში ჩვენთან ერთად იმყოფებიან - მუზეუმში, რომელიც ვისურვებდი, რომ არ ყოფილიყო თუკი არ იქნებოდა ოკუპაცია. ეს მუზეუმი აუცილებელია იმისათვის, რომ არასდროს არ დაგვავიწყდეს და არასდროს არ შევეგუოთ იმას, რაც ხდებოდა და, რაც დღესაც ხდება საქართველოს ტერიტორიაზე.
- დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია თავისი მასშტაბითა და მნიშვნელობით. ერთი მხრივ, ეს არის ჩვენი ერის უდიდესი ტრაგედიის დღე - ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ის, რასაც ჩვენი წინაპრების თაობები საუკუნეების განმავლობაში ეწირებოდნენ - 25 თებერვალს ჩვენ წაგვართვეს სუვერენიტეტი - უფლება გვეცხოვრა დამოუკიდებლად და გვქონოდა ჩვენი სახელმწიფო.
- მაგრამ, ამავე დროს, დღევანდელი დღე არის დიდი გაკვეთილი, რომელიც არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ. გაკვეთილი იმისა, თუ რა ადვილია სახელმწიფოებრიობის დაკარგვა; იმისა, თუ რა დაუნდობელია იმპერია, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საქმე, რომელიც დღემდე ეცილება ჩვენს უფლებას - "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს". ეს არის გაკვეთილი იმისა, თუ როგორ არასდროს არ უნდა მოვდუნდეთ და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ყველა ატრიბუტს, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.
- საბჭოთა იმპერიას არ უნდოდა, რომ ჩვენ ეს გაკვეთილი გვხსომებოდა. ამიტომ, ყველაფერი გააკეთეს, რათა ჩვენი ეროვნული მეხსიერებიდან მთლიანად ამოშლილიყო 25 თებერვლის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. ისინი, ვინც უარი თქვა ამის დავიწყებაზე, უბრალოდ დახვრიტეს ან გადაასახლეს, დანარჩენებისთვის კი, ჩვენი ისტორიდან ამოხიეს მათთვის არასასურველი გვერდები და ახალი, ფიქტიური ისტორიის ფურცლები ჩააკერეს.
- იმპერიის ბოროტი ირონია იქამდეც მივიდა, რომ 25 თებერვალი ზეიმის დღედ გამოაცხადეს. თქვენ ეს აღარ გემახსოვრებათ, მაგრამ 25-30 წლის წინათ, ყოველ 25 თებერვალს საქართველოს მოსახლეობა ზეიმობდა საქართველოს გასაბჭოების დღეს, როგორც უდიდეს მიღწევას, რომელმაც ჩვენი ქვეყანა შავბნელი წარსულისაგან გაათავისუფლა. ამ დღეზე იწერებოდა ლექსები, სიმღერები, იდგმებოდა მონუმენტები, იღებდნენ ფილმებს. ამ დღეს ბავშვები გამოდიოდნენ ქუჩებში და აწყობდნენ საზეიმო მარშებს, აფრიალებდნენ საბჭოთა დროშებს. 23 თებერვალს კი, ბოლო დროს, გვილოცავდნენ, როგორც კაცების დღეს.
- მაგრამ არავინ არ გვიყვებოდა, რომ ეს წითელი დროშა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების სისხლით იყო შეღებილი; არავინ არ გვახსენებდა იმას, რომ ეს დროშა პირველად თქვენი წინაპრების - პირტიტველა იუნკრების გვამებზე იყო აღმართული.
- არავინ არ გვეუბნებოდა, რომ 25 თებერვალი იყო საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღე - დღე, როდესაც მოკლეს საქართველოს სახელმწიფო.
- საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი დღესაც ოკუპირებულია, იგივე იმპერია, რომელმაც მოაწყო 1921 წლის 25 თებერვალი ოცნებობს საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმებაზე. იგივე კაბინეტებში, რომლებშიც ის ტრაგიკული დღე იგეგემებოდა და იმართებოდა, ისევ ფიქრობენ, როგორ გაიმეორონ ახალი 25 თებერვალი. Mმახსოვს პირველ შეხვედრაზე პუტინმა თავმომწონედ განმიცხადა, რომ ის იჯდა სტალინის კაბინეტში, კრემლში.
- განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მაშინ ეს იმპერია იბადებოდა, ახლა კი იგი კვდება და მილევის სტადიაშია. მაშინ ის იწყებდა მოძრაობას მსოფლიო დომინაციისაკენ და ამ გზაზე საქართველო იყო ერთ-ერთი პატარა დაბრკოლება, რომელიც უნდა გადაელახა, ახლა კი მას დაკარგული აქვს გავლენა, მისი პოზიციები დღითიდღე სუსტდება და საქართველო არის ბოლო საშუალება შეინარჩუნოს პოზიციები ან იმპერიის სტატუსის მოჩვენებითობა მაინც.
- ამიტომ, ჩვენ ახლა ასმაგად გვმართებს სიფრთხილე და მობილიზაცია; ამიტომ, ჩვენ ახლა გაცილებით ღრმად უნდა გავიაზროთ რა იყო 25 თებერვალი და ვისწავლოთ ოკუპაციის შედეგად მიღებული გაკვეთილებიდან.
- ეს გაკვეთილები აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ აღარასდროს არ მივცეთ ვინმეს იმის საშუალება, რომ კიდევ ერთხელ წაგვართვან ჩვენი თავისუფალი არჩევანი: გვქონდეს სუვერენული, დემოკრატიული, ევროპაზე ორიენტირებული, ქმედებებში თავისუფალი სახელმწიფო.
- საქართველოს ევროპისკენ მისწრაფება, ევროპულ წიაღში დაბრუნება ისტორიული მიზეზებითაა განპირობებული. როცა კი საქართველოს მისცემია დამოუკიდებლად არსებობის საშუალება, ეს მისწრაფება არც არასდროს დამდგარა ეჭვის ქვეშ. ამავე დროს საქართველო ხდება მნიშვნელოვანი რეგიონალური სუბიექტი ახალი სტანდარტების შემქმნელი და გზის მანათებელი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის.
- ჩვენი პირველი რესპუბლიკა სრულიად სხვა ისტორიულ ეპოქაში, საკმაოდ დიდი ხნის წინათ არსებობდა. ისტორიაში პარალელები ყოველთვის სარისკოა, მაგრამ არ შეცვლილა მთავარი - მაშინაც და დღესაც საქართველოს სურდა შემდგარიყო წარმატებულ, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოდ; მაშინაც და დღესაც კრემლში მსხდომი ადამიანები არაფერს არ ერიდებიან, რათა ეს პროცესი - ქართველი ხალხის ნების გამოხატულება - შეაჩერონ.
- საქართველოს არჩევანი ევროპული და თავისუფლების გზის სასარგებლოდ უდავოდ ნათელი იყო მაშინაც და დღესაც. მაშინაც და დღესაც ცხადზე ცხადი იყო საქართველოს მრავალეთნიკური ხალხის მტკიცე სურვილი: 1) საქართველო დაუბრუნდეს ევროპას და 2) საქართველო იყოს დემოკრატიული სახელმწიფო.
- გადავხედოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ეთნიკურად არაქართულ - სომხურ, რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, პოლონურ და სხვა ხელმოწერებს. მათი რაოდენობა შთამბეჭდავია. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები მხარს უჭერდნენ და ახლაც უჭერენ ამ ქვეყნის ევროპულ დემოკრატიად ჩამოყალიბებას.
- 1921 წლის ოკუპაციას, საქართველოში ნამდვილი სასაკლაოს მოწყობა მოყვა. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ტიტანური მსხვერპლი, რომელიც ქართველმა ხალხმა ოკუპაციის შედეგად გაიღო. ცხადია, დროსთან ერთად ბევრი რამ დავიწყებას მიეცემა-ხოლმე, მაგრამ როგორ შეიძლება დავივიწყოთ ის, რომ 1921 წლიდან 1953 წლამდე საქართველოს ტერიტორიაზე დახვრიტეს 80 ათასი ადამიანი, ხოლო გადაასახლეს 200 ათასამდე. ყველამ კარგად იცის, რომ 30-იან წლებში ადამიანთა გადასახლება უმრავლეს შემთხვევაში სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო.
- ყოველივე ამის შედეგად, ქართული საზოგადოებიდან, ფაქტობრივად, გაქრა პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კლასები, ანუ ის ხალხი, რომელსაც ეყრდნობა ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფო.
- მაგრამ დღეს უკვე სხვა დროა. დღეს ჩვენ ხელახლა ვაშენებთ სახელმწიფოს; მოკლე დროში ვცდილობთ აღვადგინოთ და შევქმნათ ის, რაც წაგვართვეს და მოგვკვეთეს; ავაშენოთ სახელმწიფო, რომელიც არა მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძვის, არამედ ქმნის ახალს, აღწევს წარმატებებს და სხვებისთვის ხდება მისაბაძი. ამის საწინდარია ქართველი ხალხის დაუშრეტელი პოტენციალი.
- დღეს აღარ არის 1921 წელი, საქართველოს სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი. დღეს საქართველოს უფრო მეტი მეგობარი ყავს ვიდრე ოდესმე იმიტომ რომ საინტერესო, მიმზიდველი ქვეყანა გახდა, რომელიც სიმპატიას და პატივისცემას იმსახურებს. . . და, რაც მთავარია, ჩვენი ხალხის ერთად დგომის წყალობით, საქართველო გადარჩა და შეინარჩუნა განვითარების საშუალება.
- ჩვენი ბოლო წლების უმთავრესი მონაპოვარი არ არის არც დაგებული გზები და არც ახალი შენობები, არც ის, თუ რამდენი პროცენტით იზრდება ეკონომიკა ან რამდენი მილიონია უცხოური ინვესტიცია. ყოველივე ეს ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ უმთავრესი არის ის, რომ ჩვენ, როგორც ერმა და საზოგადოებამ, დავიწყეთ სახელმწიფოებრივი აზროვნება.
- ბოლო წლებში საქართველოში შეიქმნა პოლიტიკური კლასი, რომელიც აზროვნებს სახელმწიფოებრივად და რომლის მოქმედების, ფიქრისა და მსოფლმხედველობის ქვაკუთხედს წარმოადგენს ქართული, დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის, დაცვის და განვითარების იდეა. პოლიტიკური კლასი, რომელისთვისაც საქართველო აღარ წარმოადგენს რომელიღაც იმპერიის პროვინციას, რომლისთვისაც პოლიტიკური ცენტრი არის თბილისი და მალე ამას დაემატება ქუთაისი; რომელსაც ესმის როგორ მუშაობს თანამედროვე, დემოკრატიული, საჯარო პოლიტიკა. სწორედ ეს იყო განსხვავება ბალტიის ქვეყნებსა და საქართველოს შორის 80-იანი წლების დამლევს. მათ მოასწრეს დამოუკიდებლობის 20-წლიან პერიოდში 1939 წლამდე პოლიტიკური კლასის ფორმირება და ახალ დამოუკიდებლობას მომზადებულები შეხვდნენ. მათ შეძლეს სწორად მანევრირება, ჩვენ კი პოლიტიკური გზამკვლევის არქონის გამო 90-იან წლებში, თითქმის ყველა დადებულ ნაღმზე ავფეთქდით. ყველა დიდი ხნით ადრე გადებულ მახეში გავებით.
მაშინ რომ დღევანდელი პოლიტიკური გამოცდილება გვქონოდა, ჩვენ ამ შეცდომების უმეტესობას თავიდან ავიცილებდით.
- ბოლო წლებში შეიცვალა დამოკიდებულება სახელმწიფო ატრიბუტიკისადმი, გაჩნდა სულ სხვა პატივისცემა დროშისა და გერბის მიმართ. ხალხმა, მათ შორის, ძალიან პატარა ბავშვებმაც კი, ზეპირად იციან ეროვნული ჰიმნი. ჩვენი დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ეს ასე არ იყო. გასული საუკუნის 90-იან და ჩვენი საუკუნის პირველ წლებში საქართველო იმდენად არშემდგარი სახელმწიფო იყო, რომ სახელმწიფო სიმბოლიკა, სახელმწიფოებრივი აზროვნება, გარკვეული დოზით პატრიოტიზმიც, შეიძლება ითქვას, ირონიისა და ქილიკის ობიექტადაც იყო ქცეული.
- ბოლო წლებში საქართველოში რეალური ფუნქციონირება დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტებმა. სახელმწიფომ დაიწყო საკუთარი ფუნქციების შესრულება, გაჩნდა ორმხრივი ვალდებულებები და მოვალეობები სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის. ანუ შედგა ერთგვარი სოციალური კონტრაქტი სახელმწიფოსა და მის მოქალაქეს შორის, რაც სახელმწიფოებრიობის უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს და, რაც ასევე არ არსებობდა 7-8 წლის წინათ.
- ბოლო წლებში, ჩვენ პირველად, მრავალი წლის განმავლობაში გაგვიჩნდა მაღალკვალიფიციური ქართველი სამხედრო ოფიცრები და ჩამოყალიბებული არმია. გაგვიჩნდა ქართული სუვერენული სახელმწიფოს სამხედრო განათლების სკოლა და სამხედრო კვალიფიკაციის ამაღლების მექანიზმი. მოგეხსენებათ, რომ როგორც იმპერიის ერთ-ერთ დაპყრობილ სუბიექტს, რომელიც ამავე დროს ცნობილი იყო თავისი თავისუფლებისმოყვარეობითა და ეროვნული სიამაყით, საბჭოთა კავშირმა გეგმაზომიერად გაუნადგურა კვალიფიციური ოფიცრების თაობები, ხოლო შემდეგ საერთოდ აკრძალა ქართველი ოფიცრების გაზრდა.
- ერთი სიტყვით, ჩვენ აღვადგინეთ სახელმწიფოებრიობის ყველა ის მენტალური თუ ფიზიკური ატრიბუტი, რაც დიდი მონდომებით გაანადგურა ჯერ რუსეთის, ხოლო შემდეგ საბჭოთა იმპერიამ, რათა საქართველო არასდროს არ შემდგარიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. მათ ეს იმდენად წარმატებით მოახერხეს, რომ 80-იანი წლების დამლევს, როდესაც დღის წესრიგში რეალურად დადგა საბჭოთა კავშირის დაშლის საკითხი, მოსკოვში ყველა დარწმუნებული იყო, რომ საქართველო ვერასდროს ვერ შედგებოდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, რადგან მას აღარ გააჩნდა ამისათვის საჭირო ატრიბუტები. მეტიც, ძალიან ბევრი საქართველოშიც იგივეში იყო დარწმუნებული. ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი ათწლეული, მართლაც, ამის დასტურს წარმოადგენდა.
- დღეს ჩვენ უკვე სხვა რეალობაში ვიმყოფებით. დღეს საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო, მისი მოქალაქეები აზროვნებენ სახელმწიფოებრივად, ჩვენ გვყავს პოლიტიკური კლასი, რომელიც ჩამოაყალიბა სუვერენულმა ქართულმა სახელმწიფომ, ფუნქციონირებენ სახელმწიფო ინსტიტუტები, გვაქვს სახელმწიფო სიმბოლიკა, რომელსაც ხალხი პატივს სცემს, მოქალაქეს გაცნობიერებული აქვს პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე და სახელმწიფო ასრულებს ძირითად ვალდებულებებს საკუთარი მოქალაქეების მიმართ. სწორედ ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი, ეს არის ის, რაც შეუძლებელს ხდის ისტორიის შემობრუნებას და ახალი 25 თებერვლის დადგომას. დამოუკიდებლობა აბსოლუტური ღირებულებაა, როდესაც ის გაქვს, ყველაფრის მიღწევა შეიძლება. დღეს ჩვენ გვირტყამს მსოფლიო კრიზისი. სოციალურად და ეკონომიკურად ჯერ კიდევ ძალიან დაუცველები ვართ, მაგრამ, მაგალითად, სინგაპური ჩვენზე ბევრად უარეს მდგომარეობაში იყო, როდესაც განვითარება დაიწყო. თუმცა მან დამოუკიდებლობა შეინარჩუნა, სხვებს ხელების ფათურის საშუალება არ მისცა და სწორი პოლიტიკა გაატარა. ის მსოფლიოს უმდიდრეს სახელმწიფოდ იქცა. იგივეს ვიზამთ ჩვენ, ჩვენი მოდერნიზაციის პროგრამით და აღმშენებლობით. ყოველივე ეს, ძირითადად, ახალგაზრდების მხრებზე გადავა.
- რაც მთავარია, ჩვენ დღეს გვყავხართ თქვენ - მომავალი თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხერხემალი იქნება.
- ჩვენს პირობებში, განვითარება არ არსებობს ძლიერი ჯარის გარეშე, რომლის შენებაც ხანგრძლივი პროცესია. საბჭოთა დროს სამხედრო კარიერის არაპრესტიჟულობის და საბჭოთა ჯარის გახრწნილობის გამო, დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე საქართველოს პრაქტიკულად არ ჰყავდა მაღალი რანგის გამოცდილი ოფიცრები. ამიტომაც, თქვენთვის და სამხედრო კარიერით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის, იუნკრები და მათი მასწავლებლები ყოველთვის მისაბაძ მაგალითად დარჩებიან.
- თქვენი შემდგომი თაობებისთვის კი, მაგალითად იქცევით თქვენ, არა იმით, რომ იუნკრების ბედი გაიზიაროთ, არამედ იმით, რომ შექმნათ, დაიცვათ, გააძლიეროთ და გააერთიანოთ ჩვენი თავისუფალი საქართველო.