საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს ტრადიციული ბრიფინგი გამართა და გასული კვირის მოვლენები შეაფასა. უპირველეს ყოვლისა, იგი მუნხენის უსაფრთხოების 47-ე კონფერენციას შეეხო. მისი თქმით, ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიება - სართველოს პრეზიდენტმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ძალზე მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები გამართა.
"უპირველესად, გამოვყოფდი შეხვედრას გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან. საუბრისას, ლიდერები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებს შეეხნენ. მერკელის განმარტებით, ოფიციალურ მოსკოვთან შეხვედრისას, მუდმივად დგება დღის წესრიგში 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების საკითხი. გერმანიის კანცლერი დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით. ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან და გადაწყდა რომ 2012 წელს მწვანე კონტინეტზე საქართველოს საელჩო გაიხსნება. მიხეილ სააკაშვილი ასევე შვეიცარიის პრეზიდენტს მიშელინ კალმი-რეის შეხვდა. მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული პრობლემური საკითხები განიხილეს. საყურადრებოა ის, რომ საუბარი შეეხო შვეიცარიის როლის გააქტიურებას, როგორც მედიატორი ქვეყნის, საქართველოსა და რუსეთს შორის", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
როგორც მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, ამ კონფერენციამ და შეხვედრებმა ქართულ მხარეს საშუალება მისცა, საერთაშორისო საზოგადოებამდე კიდევ ერთხელ მიეტანა ჩვენი პრობლემები - ეს შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს და იმ ქმედებებს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დღემდე ახორციელებს. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: "ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამატებითი შეიარაღების შეტანა და შეუსრულებელი ვალდებულებები - რუსეთი არღვევს არა მარტო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას, არამედ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას".
"მიუნხენში პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა იმ სამშვიდობო ინიციატივების შესახებ, რომლითაც საქართველო გამოდის და რომლის ფარგლებშიც გამოთქვამს მზადყოფნას რუსეთთან დიალოგის დაწყების თაობაზე. მან ყურადღება ასევე უსაფრთოხების თემაზე გაამახვილა, მათ შორის, რეგიონულ კონტექსტში. პრეზიდენტის თქმით, საქართველო ამ საკითხებში ჩართულია და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობს, მათ შორის, ენერგეტიკულ პროექტებში. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა გაყინულ კონფლიტქებსა და მათგან მომდინარე საფრთხების თაობაზეც", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.
პრესსპიკერმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტი 11 თებერვალს წლიური ანგარიშით წარსდგება კანონმდებლების წინაშე და ის შეეხება ყველა იმ თემას, რომელიც აწუხებს ქვეყნის მოსახლეობას. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გლობალური ინფლაციის პროცესებსა და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყენა იმყოფება.
მანანა მანჯგალაძე იმ შეხვედრასაც შეეხო, რომელიც გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის გაიმართა. ელექტროენერგიის ვაუჩერების საკითხზე ატქიურად მუშაობენ ენეგეტიკისა და ჯანდაცვის სამინიტროები და სავარაუდოდ, ვაუჩერების გაცემის პროცესი 10 თებერვლიდან დაიწყება.
პრესსპიკერმა საქართველოს რამდენიმე რეგიონში კლიმატური პირობების გამო გართულებული მდგომარეობის შესახებაც აღნიშნა. მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტმა ამ რეგიონების გუბერნატორებს დაავალა, რომ ადგილობრივი მოსახლოების დასახმარებლად მაქსიმალური მობილიზაციის პირობებში იმუშაონ.