Google+

სიახლეები

24.01.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ფოთში მაგისტრალური გაზსადენი გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ფოთში მაგისტრალური გაზსადენი გახსნა და ბუნებრივი გაზიც აანთო. ფოთის გაზიფიცირება პრეზიდენტის ინიციატივის - „გაზი ყველა სოფელს" - ნაწილია, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში  განხორციელდა. ფოთის სრული გაზიფიცირება წელიწადნახევარში დასრულდება.  პრეზიდენტის განცხადებით, პროექტი ძალზე მნიშვნელოვანია არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით და, ზოგადად, ფოთის განვითარებისათვის.

ჩემი ვარაუდით, ფოთი რომ სრულფასოვან ქალაქად გადაიქცეს და მაქსიმუმ ხუთ წელიწადში მოსახლოების რაოდენობამ 100 ათასს მიაღწიოს, ამისათვის საჭიროა შეიქმნას წარმოება, რაც შეუძლებელია კომუნიკაციების გარეშე. სამი წლის წინათ ჩვენ მოველაპარაკეთ ამერიკელებს და შემოვიყვანეთ მილი, რის შემდეგ „სოკარმა" დაიწყო დაქსელვა. ამერიკელებმა მილი გაგვიკეთეს მილენიუმის პროგრამის ფარგლებში და, სხვათა შორის, ბევრად უკეთესად განვითარდა პროცესი ვიდრე წყალსადენის შემთხვევაში - წყალსადენზე, მათ პროგრამას გარკვეული  პრობლემები შეექმნა. ეს იმას ნიშნავს, რომ აქაურობისთვის დღევანდელი დღე მართლაც ისტორიულია. ფოთში არასდროს არ ყოფილა გაზი, არასდროს არ ყოფილა ნორმალური წყალსადენი და ელექტროენერგიაც აქ შეზღუდულად ჰქონდათ. რეალურად, არ იყო არც დენი და არც გაზი საწარმოს გასახსნელად. ქალაქი ააშენეს ცარიელ  ადგილზე, ჭაობში ყველაფრის გარეშე. მას შემდეგ, რაც ნიკო ნიკოლაძემ რკინიგზა და პორტის კომუნიკაცია შექმნა, არც ერთ ხელისუფლებას თითი თითზე არ დაუდევს იმისათვის, რომ ფოთი გამხდარიყო ქალაქი. ახლა, ნელა-ნელა მოიქოქა მანქანა და გაკეთდა წყალსადენი, გაზსადენი, მოხდა მისი დაქსელვა და, რაც მთავარია, შემოვიდა დენი და ყველაფერი ერთად,  პლუს კომუნიკაციები ყველა მიმართულებით. ამიტომ, ახლა უკვე შესაძლებელია, რომ ფოთი სწრაფი ტემპით განვითარდეს. 

ჩვენი გეგმაა, რომ ფოთი გახდეს 100-პროცენტიანი დასაქმების ქალაქი, მაგრამ ეს  შეუძლებელია დიდი საწარმოების გარეშე, რომლებიც ისარგებლებენ თავისუფალი ეკონომიკური ზონით და იმ საგადასახადო ინფრასტრუქტურით, რომელიც ამისთვის საგანგებოდ შევქმენით.

ძალიან მიხარია, რომ ეს ახლა საწარმოების შემოტანის საშუალებას მოგვცემს. აქამდე არც დენი გვქონდა და არც გაზი, როგორ უნდა გახსნილიყო რომელიმე დიდი საწარმო თუ ელემენტარული პირობებიც არ გვქონდა? ფოთი არასდროს არ ყოფილა  მორგებული ქალაქის ცხოვრებაზე. ახლა ამერიკელებს გავაკეთებინეთ დიდი წნევის  გაზსადენი. დენი 110 მეგავატი შემოვიყვანეთ, მაშინ, როდესაც სულ 15 მეგავატი იყო თავისუფალი, ამიტომ აქ ვერც ერთი სერიოზული ქარხანა ვერ ამოქმედდებოდა. ახლა ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ პირობები, რომ ინვესტორები შემოვიდნენ, თორემ თქვენ შრომა არ გეზარებათ", აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 

მიხეილ სააკაშვილი ფოთში გვათუების ოჯახსაც ესტუმრა, სადაც ბუნებრივი გაზი პირველმა თავად აანთო. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს და აზერბაიჯანის მეგობრობის და თანამშრომლობის დამსახურებაა ის, რომ საქართველოში გაზის ფასი არ იზრდება მიუხედავად მისი გაძვირებისა მსოფლიო ბაზარზე.

„მინდა ყველას გვესმოდეს რა მოაქვს აზერბაიჯანთან ჩვენს თანამშრომლობას  (ჩვენი არაკეთილმოსურნეები ხშირად სვამენ ამ კითხვას). იმ პირობებში, როცა მსოფლიოში ყველაფერი არაპროგნოზირებადია, აზერბაიჯანთან ჩვენ გვაქვს ფიქსირებული, მრავალწლიანი კონტრაქტი, რომლის თანახმად გაზის ფასი არ უნდა გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკა ისე არ იზრდება, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ზრდა მაინც გვაქვს და ყველაფერი შედარებითია. მართალია, ხალხს ძალიან უჭირს, მაგრამ ეკონომიკური ზრდა რომ არ გვქონდეს, ეს გაჭირვება სრულ ტრაგედიაში გადაიზრდებოდა. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი განვითარების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ენერგეტიკული წყაროების, მომარაგების სტაბილური საშუალება გვაქვს. ეს არის აზერბაიჯანთან მეგობრობისა და თანამშრომლობის შედეგი.

ფოთში წყალსადენის მშენებლობასაც დავასრულებთ და არც ერთ სახლში აღარ იქნება წყლის პრობლემა. ბუნებრივი გაზი, დაპირებისამებრ, უკვე შემოვიყვანეთ. ფოთის აეროპორტის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მშენებლობა კიდევ უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს და ქალაქს აეროპორტიც ექნება. ყოველივე ეს, საკანონმდებლო ბაზასთან ერთად, იმის საფუძველია, რომ დიდი საწარმოები ამუშავდეს და ფოთელები 100 პროცენტით დასაქმდნენ. ეს არის ჩვენი ჩანაფიქრი და ეს დევს ჩვენს საპროგრამო დებულებებში ფოთთან დაკავშირებით", განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.    




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)