Google+

სიახლეები

20.01.2011
საქართველოს პრეზიდენტი კახეთს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სიღნაღს ესტუმრა და ახლადგახსნილი სასტუმრო "სოლომონი 1805" დაათვალიერა, რომელიც "ჭყონია ჰოლდინგ ჯგუფს" ეკუთვნის. დამსვენებლებისა და ვიზიტორთათვის აქ ყველა პირობაა შექმნილი როგორც გართობისთვის, ისე სამუშაოდ. სასტუმროს აქვს საკმაოდ კომფორტული ნომრები, თანამედროვე საკონფერენციო დარბაზი და  რესტორანი. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა, რომ სიღნაღში ტურიზმი განვითარდეს და მოსახლეობას დამატებითი შემოსავალი გაუჩნდეს.

„4 წლის წინათ გამოვაცხადეთ, რომ სიღნაღში დავიწყებდით აღორძინებას და მახსოვს როგორი უსახური, არაფრით გამორჩეული და უიმედობით მოცული პატარა ქალაქი იყო, რომელსაც მოსახლეობა ტოვებდა. დღევანდელ პირობებში, როდესაც მართლაც ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მათ შორის, ეკონომიკის დარგში - ფასები იწევს მსოფლიო ბირჟაზე , საწვავი, საკვები და ელემენტარული მოხმარების საგნები ძვირდება, ჩვენი ერთადერთი გამოსავალია სოფლის მეურნობის პროდუქციის გაზრდა. მით უმეტეს, რომ ჩვენ ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა არ ვართ. ამისათვის, შემოგვაქვს ახალი სათესლე მასალა და  ახალი ჯიშები. ასევე უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, რათა ხალხი დასაქმდეს და  შეძლონ გაძვირებული პროდუქციის ყიდვა. დასაქმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება საქართველოში არის ტურიზმი. თემურ ჭყონიამ გააკეთა ძალიან კარგი, მართლაც მაღალი დონის სასტუმრო ქობულეთში. ახლა გააკეთა ეს სასტუმრო, რომელიც ასევე ძალიან მაღალი დონისაა. ამას წინათ, ერთად ვიყავით სვანეთში და სასტუმროს მშენებლობას ვიწყებთ მესტიაშიც.  ყოველი აშენებული სასტუმრო ნიშნავს დასაქმებულ ადამიანებს. მთავარი, რაც სიღნაღში  შეიცვალა და რის გამოც ხალხმა ირწმუნა, რომ უკეთესობისკენ ცვლილება შესაძლებელია, მათ ოჯახებში გაჩენილი შემოსავლის წყაროა, რადგან, პრაქტიკულად, ყველა ოჯახში ერთი დასაქმებული ადამიანი მაინც არის. ამ ხალხისთვის ყველანაირი სოციალური პრობლემა, მათ შორის, ფქვილის, საკვების, საწვავის ფასების ზრდა, უდავოდ, მტკივნეულია, მაგრამ როდესაც საერთოდ არანაირი გამოსავალი არ არსებობს, არავითარი პერსპექტივა გაქვს და, პრაქტიკულად, მხოლოდ ბედის ანაბარა ხარ დარჩენილი, უფრო მძიმეა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა შემდეგ სოფელ ჯუგაანში გადაინაცვლა და ახალი,  თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა დაათვლიერა, რომელშიც 268  მოსწავლე სწავლობს. სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, ღია მოედანი, კომპიუტერული ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო საგნების, ინგლისური ენისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების კაბინეტები. მიხეილ სააკაშვილი ფიზიკის გაკვეთილსაც დაესწრო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაესაუბრა. ორ წარჩინებულ მოსწავლეს, სალომე კიკილაშვილსა და მარიამ ზედელაშვილს პორტატული კომპიუტერები გადასცა.

„განათლებული საზოგადოება ასეა: თუ იქნებით მომზადებული, როგორი მძიმე  ეკონომიკური გარემოც არ უნდა შეიქმნას, ყველას ერთნაირი შესაძლებლობა გექნებათ. თქვენ ზუსტად ისეთივე პირობები გაქვთ, როგორიც აქვთ ბავშვებს კალიფორნიაში, ჰონკონგში,   შანხაიში. მთავარია, რომ მომზადება და განათლების ხარისხი გქონდეთ ერთნაირი.  დიმასთან [შაშკინთან] ერთად უკვე ვილაპარაკეთ იმის თაობაზე, რომ წელიწადში ორჯერ-სამჯერ, მთელი საქართველოს მასშტაბით, გამომგონებლების კონკურსი დავნერგოთ, მანამდე კიმსგავსი კონკურსები სკოლებში უნდა გაიმართოს. უნდა იყოს პრიზები, წახალისება, თანამედროვე  ლაბორატორიები, რათა თითოეული ბავშვი მუდმივად ფიქრობდეს ახლის შექმნასა და გამოგონებაზე. თუ ჩვენ არ ვისწავლეთ გამოგონება, აზროვნება და შემდეგ მისი ცხოვრებაში დანერგვა, უიმედოდ ჩამოვრჩებით თანამედროვე მსოფლიოს კონკურენციას. ჩვენი ამოცანაა, რომ თითოეულმა თქვენგანმა ამ პატარ-პატარა გამოგონებით, საბოოლოდ, რაღაც შექმნას. კარგია, რომ ოლიმპიადებში მონაწილეობას იღებთ. მთავარია, საქართველოში სწავლის და ინფორმაციის მიწოდების პირობები იყოს. იმის მიღწევა, რომ ყველას შეეძლოს ინგლისურად წერა-კითხვა, ძალზე მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციის წვდომა. დღესდღეობით, თანამედროვე ცოდნა ისე იცვლება, რომ პლაკატის დაბეჭვდასაც ვერ ასწრებ ისე ძველდება. ზოგიერთი ცნობა ბეჭდვის პროცესშივე ძველდება, ამიტომ  მუდმივად ინტერნეტში უნდა იყოთ „შემძვრალი", ეძებდეთ, სწავლობდეთ და აზროვნებდეთ. რით ხართ მათზე ნაკლები, ვინც ქმნის და იგონებს?  თქვენც უნდა შექმნათ ახალი და თქვენი სკოლა, მასწავლებლები, ოჯახი და ქვეყანა ასახელოთ, მათ შორის, თქვენი ჯუგაანი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვებთან საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილი მასთან შესახვედრად საგანგებოდ შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა. საუბრისას, პრეზიდენტმა ყურადღება რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნზე გაამახვილა.  

„მიხარია, რომ ახალი სკოლა გაიხსნა. მსგავსი სკოლა უკვე რამდენიმე გავხსენით და ყოველ ჯერზე ვფიქრობ როდის მოვა დრო, რომ მთელ საქართველოში ასეთი სკოლები იქნება. მახარებს ისიც, რომ აქამდე ძალიან კარგი ბეტონის  გზით მოვედით. ეს გზა ისეთი დანგრეული იყო, რომ ლამის ტრაქტორებით გვიწევდა მგზავრობა. მართალია, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, მაგალითად, მოსაწესრიგებელია ამბულატორია. თუმცა, ნელ-ნელა ყველაფერი გაკეთდება. მთავარი არის, ის, რომ, იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში ასე ძვირდება საკვები, დავამუშაოთ მიწები და შევქმნათ პროდუქცია. ჩვენ შემოგვაქვს ახალი სათესლე ჯიშები, ვამზადებთ ხალხს, მაგრამ კახეთის მიწა ისეთია, თუ ადამიანი ხელს გაანძრევს, როგორი გვალვაც არ უნდა იყოს, ყველაფერს მიაღწევს. ვინც ბევრს შრომობს, ის საკუთარ ოჯახსაც კვებავს და ქვეყანასაც. მინდა ისეთი პირობები შევქმნათ, რომ ბირჟაზე მდგომი ხალხი მიწას მივამაგროთ, რადგან გარშემო ბევრია დაუმუშავებელი მიწა და იმის საშუალებაც არის, რომ მოსავალი მივიღოთ. ქვეყანას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება დღეს საკვები პროდუქტების წარმოება, რადგან ყველაფერი ძვირდება. ისეთი ტექნოლოგიები უნდა შევქმნათ, უცხოეთიდან არაფრის შემოტანა არ დაგვჭირდეს და ჩვენ თავად გავიტანოთ მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ტექნოლოგიები. ამ ახალ სკოლებში ძალიან ბევრი გამომგონებელი გაიზრდება. ისინი საკუთარ ოჯახებსაც ასახელებენ, სოფლებსაც და მთლიანად ქვეყანას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.       

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)