საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიაზე
მოგესალმებით!
თქვენ დღეს ოფიციალურად გაწევრიანდით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.
ეს არის განსაკუთრებული პატივი, პრივილეგია და თქვენი წარმატება, ბედნიერება და კეთილდღეობა, საბოლოოდ, ქართული სახელმწიფოს ღირსების საქმეა, ისევე, როგორც თითოეული თქვენგანის პირადი ღირსების საკითხი.
ჩვენი ქვეყანა იმყოფება ბრძოლაში თავისი არსებობისათვის. ჩვენ ომი გამოგვიცხადა ბევრად უფრო დიდმა სახელმწიფომ, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები, ადამიანური ღირსება, მათ შორის სიცოცხლის უფლებაც და რომელიც ყოველდღიურად ემუქრება ქართულ სახელმწიფოებრიობას და საქართველოს თავისუფლებას.
ჩვენს ჰიმნში არის სიტყვები „თავისუფლება დღეს ჩვენი" და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თავისუფლება დღეს ჩვენი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა და საქართველოს თავისუფლება დღეს ჩვენი არის მუქარის და საფრთხის ქვეშ. ამ თავისუფლების პირველი დამცველი ხართ თქვენ.
ჩვენი შიარაღებული ძალები ორი წლის წინათ არ შეეპუა ბევრად უფრო მრავალრიცხოვან მტერს და შეერკინა მას, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა საქართველოს ისტორიაში.
ის, რომ დღეს საქართველოს დედაქალაქი დგას; ის, რომ საქართველო აგრძელებს განვითარებას; ის, რომ საქართველო ლაზარეს მსგავსად მკვდრეთით აღსდგა იმის მიუხედავად, რომ, თითქმის, არავის არ ეგონა ეს მსოფლიოში, პირველყოვლისა, იმ ბიჭების დამსახურებაა, რომლებიც გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე და თუნდაც რამდენიმე დღით შეაჩერეს მრავალჯერ აღმატებული მომხდური მტრის ძალა.
ამგვარად, ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის გადარჩენისათვის, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის, ჩვენი შვილების მომავლისათვის.
თქვენ იცით, რომ შეიარღებული ძალების ავტორიტეტი საქართველოში დღეს, როგორც არასდროს, ძალიან მაღალია. როდესაც ამ ფორმით გაივლით თქვენს სამეზობლოში, თქვენს უბანში, თქვენს სოფელში, ყველგან, სადაც იქნებით საქართველოში, ყველა ადამიანი რიდითა და პატივისცემით მოგეპყრობათ.
თქვენ მართლაც ძალიან კარგ საქმეს მოკიდეთ ხელი.
საქართველოს შეიარაღებული ძალები ყველაზე მაღალი ნდობის მქონე სახელმწიფო ინსტიტუტია საქართველოში არის და მოსახლეობასთან მას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ავტორიტეტი აქვს მსოფლიოს შეიარაღებულ ძალებს შორის.
ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან არაფერი ისე შეუცნობლად არ გამოხატავს ამ ფორმის მატარებლის დამსახურებასა და პატივისცემას, როგორც სახალხო მხარდაჭერა და ხალხის მხრიდან ასეთი სიყვარული.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თქვენი შენაერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი კონკრეტული ამოცანების შემსრულებელი.
ჩვენ გვიპირისპირდება ძალაб რომელსაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი აქვს ოკუპირებული და რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი. მან უკვე ყველაფერი სცადა. მან სცადა ეკონომიკური და ენერგეტიკული ემბარგო, მაგრამ საწინააღმდეგო შედეგი მიიღო.
მან სცადა უამრავი შეიარაღებული პროვოკაციის მოწყობა - დაბომბვა, აფეთქება, მაგრამ საქართველომ უკან არ დაიხია და არ გადავიდა განვითარების გზიდან.
მან სცადა მასობრივი შიდა აშლილობის მოწყობა, პოლიტიკური დესტაბილიზაცია. საქართველოს დემოკრატიულმა პოლიტიკურმა სისტემამ ამასაც გაუძლო და უფრო გაძლიერდა.
დაბოლოს, მან სცადა ფართომასშტაბიანი იტერვენცია, რომლის მიზანი არა სპეკულაციურად, არამედ დეკლარირებულად იყო საქართველოს ხელისუფლების დამხობა, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბოლოს მოღება და საქართველოს საბოლოო დამონება.
რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ მას ესეც არ გამოუვიდა - ჩვენი დროშა დღეს აქ ფრიალებს, თქვენ აქ დგახართ და საქართველოს განვითარება გრძელდება. საქართველოსთან მიმართებაში მან ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია.
ბოლო ხანებში მან სხვადასხვა დივერსიების მოწყობა სცდა. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ, მათ შორის, საქართველოს ოკუპანტთან ამ ყველა აქტის გამოძიებისას.
თქვენ ნახეთ, რომ მათი მხრიდან უკმეხი პასუხი მივიღეთ, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ვარაუდები იმის თაობაზე, თუ ვის მიერ იყო ორგანიზებული ყოველივე ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ.
თქვენ კარგად იცით, რომ ეს ძალა და კონკრეტულად მისი ლიდერი სპეციალიზირდება პოლიტიკურ ძალადობაში და მის სახელს უკავშირებენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მომხდარ პოლიტიკურ მკვლელობებს.
მას შემდეგ რაც ყველაფერი გამოსცადეს საქართველოს მიმართ, ერთადერთი, რაც მათ რჩებათ, ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ტერორი, პირდაპირი ფიზიკური ანგარიშსწორება. მით უმეტეს, რომ ამ ძალის ლიდერმა ორი წლის წინ საჯაროდ მთელი მსოფლიოს გასაგონად საჯაროდ დაიფიცა, რომ ის ამას გააკეთებს. ჩვენს შემთხვევაში, არც დაუმალავს და არც უარუყვია, რომ ამას გააკეთებს და მისი ღისების საკითხია, რომ ეს გააკეთოს.
ამიტომ, მეგობრებო, ვინაიდან დაცვის ხაზი ახლა აქაც გადის, ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად, რათა ჩვენი პასუხი ამ ისტერიულ მუქარებზე იყოს სიმშვიდე და ცივსისხლიანობა. ამავე დროს, უნდა ვიყოთ ფხიზლად და გამოვიჩინოთ პროფესიონალიზმი. ჩვენ ამას აქამდეც ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ. ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობის საკითხია ის, რომ სააქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული არც ერთი მზაკვრული გეგმა, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს სახელმწიფოებრიობას, არ განხორციელდეს.
ამაზე ერთნაირად ვაგებთ პასუხს მეც და თითოეული თქვენაგანიც, ჩვენი ოჯახების, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების და მათი მომავლის წინაშე.
კიდევ ერთხელ, დიდი პატივია თქვენთან ერთად ერთ სამსახურში ყოფნა, რადგან ჩვენ ისედაც ერთ სამსახურში ვართ.
გისურვებთ წარმატებს ამ სამსახურში და, ზოგადად, ცხოვრებაში.