Google+

სიახლეები

25.11.2010
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია გახსნა. 1865 წელს აგებულ ტაძარში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. სწორედ ამ  ეკლესიაში მოღვაწეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და   უნეტარესი ილია მეორე. რესტავრატორების  გადაწყვეტილებით, ეკლესიას ძველი იერსახე დაუბრუნდა და აღდგენილია კომუნისტების დროს განადგურებული უნიკალური გუმბათი.

"დღეს საქართველო ცდილობს გავიდეს სამშვიდობო გზაზე. წმინდა ნიკოლოზი ჩვენი განსაკუთრებული მფარველია და შეგვეწევა ჩვენ.  შრომას, რომელიც თქვენ ჩადეთ ამ წმინდა ტაძრის მშენებლობასა და მოპირკეთებაში, წმინდა ნიკოლოზი დააფასებს და შეეწევა საქართველოს", - აღნიშნა კათოლიკოს პატრიარქმა და მიხეილ სააკაშვილს სულიერი პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად, საჩუქრად ჯვარი გადასცა.

"მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გითხრათ, რომ ყველგან სადაც მივდივარ, ყოველთვის როცა წინ რთული გამოცდა  მელის, ვამოწმებ თქვენს ნაჩუქარ ჯვარს, რომელიც ყოველთვის თან მაქვს. მინდა იცოდეთ, რომ თქვენი სულიერი გზა, გზას მინათებს არა მარტო მე, არამედ მთელ მსოფლიოში გაბნეულ ჩვენს თანამემამულეებს. თქვენი დიდი მოღვაწეობა ამ ტაძარში დაიწყო. ეს მე ერთი წლის წინათ გავიგე  და ამ ტაძრის აღდგენა გადავწყვიტე. ჩვენ ვამთავრებთ მის კეთებას გარედან და სულ მალე შიგნიდანაც განახლდება.  გვსურს, რომ ეს მთელი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი  იყოს, რადგან აქ მოღვაწეობა დაიწყო და მთელი საქართველოს საკეთილდღეოდ მოღვაწეობას აგრძელებს  ჩვენი სულიერი  მამა. ამ ტაძარს, ჩვენს ერს და თქვენს ადგილობრივ მრევლს მართლაც დიდი სულიერი კავშირი აქვს, რომელსაც მეუფე დიმიტრი ბრძნულად ხელმძღვანელობს. მას  საოცარი ავტორიტეტი აქვს.  ის, რაც აქ, ბათუმში თუნდაც რწმენის თვალსაზრისით  ხდება,  ნამდვილი სასწაულია.  ღმერთი იყოს ჩვენი შემწე და  ყველაფერს გავაკეთებთ,  რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)