Google+

სიახლეები

23.11.2010
პრეზიდენტი სააკაშვილი ხელს უწვდის მოსკოვს

ფიგარო 23/11/2010
პიერ რუსლენი, ეტიენ მუგოტი

ინტერვიუ - ევროპარლამენტის წინ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთს შესთავაზებს უპირობო დიალოგს

სამშაბათს, სტრასბურგში ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა და, ამგვარად, ხელს გაუწვდის რუსეთს, რათა დასრულდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 2008 წლის ომის შემდგომი კრიზისი. განუმარტავს პრეზიდენტი სააკაშვილი თავის ინიციატივას ფიგაროს.

- ხართ თუ არა კმაყოფილი ნატოს ლისაბონის სამიტით და პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან თქვენი შეხვედრით ?

- დიახ, სასიამოვნოდ გაოცებულიც კი დავრჩი. მიუხედავად გადატვირთული სამუშაო განრიგისა, საქართველოს საკითხი ჩრდილში არ აღმოჩნდა: ავღანეთი, სტრატეგიული კონცეფციის მიღება, ურთიერთობები ნატოსა და რუსეთს შორის. მას შემდეგ, რაც უკრაინას ნატოში სწრაფი გაწევრიანება აღარ  სურს, ეგონათ რომ ყურადღება მოდუნდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. საბოლოო კომუნიკე წინა კომუნიკეებზე უფრო მტკიცე აღმოჩნდა. მასში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ის, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, რუსეთის შესახებ ერთ პარაგრაფში კი საუბარია საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ლისაბონიდან გამხნევებული დავბრუნდი, დავაფიქსირე რა, რომ საქართველო არასოდეს გახდება საერთაშორისო ვაჭრობის საგანი.

- ხომ არ წუხართ ნატოს რუსეთთან დაახლოვებით?

- მოსკოვთან ურთიერთობების დათბობას უდავოდ აქვს ადგილი, მაგრამ ამის საპასუხოდ რუსეთს კონკრეტული ვალდებულებების შესრულება მოუწევს. ლისაბონში დიმიტრი მედვედევი ძალიან თბილად მიიღეს, მაგრამ ვლადიმერ პუტინს კვლავ სურს მის მემკვიდრედ მოგვევლინოს. ერთი მხრივ, თუ რუსეთი დაუახლოვდება ევროპას და გახდება უფრო ცივილიზებული დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობაში - პრეზიდენტი სარკოზი პირველი იყო, ვინც ორი წლის წინათ ამის მცდელობას ჩაუყარა საფუძველი - ეს მხოლოდ შეამცირებს რუსულ პარანოიას და შედეგად, გააუმჯობესებს მის ურთიერთობას ყველა მეზობელ ქვეყანასთან. რუსულ მენტალიტეტში საქართველო წარმოადგენდა ბრძოლის ველს დასავლეთთან, ამერიკასთან და ნატოსთან დასაპირისპირებლად. მათთვის ეს ერთგვარად ცივი ომის გაგრძელებას ნიშნავდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მედვედევი ჩვენთან თანხმობაზე წამომსვლელი არ არის, დაპირისპირების ლოგიკა უწინდელი აღარ იქნება.

- საქართველოში, რუსეთის დამოკიდებულებაში პოზიტიური ევოლუცია ხომ არ შეინიშნება?

- ადგილზე მდგომარეობა კვლავ ტრაგიკულია. თითქმის ნახევარი მილიონი დევნილია, ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, დაკარგული გვაქვს სანაპირო ზოლის ორი მესამედი. რუსეთმა ნავთობის მიგნების მიზნით, აფხაზეთში კვლევა დაიწყო. რუსეთი უარს ამბობს მოლაპარაკებაზე, ის არ აღიარებს საქართველოს მთავრობას. მაგრამ ბოლო დროს რუსეთის ელიტაში ახალი ძვრები შეიმჩნევა. რუსეთში ბევრი ადამიანი, მათ შორის ყოფილი მინისტრები დადებითად აფასებენ ჩვენთან განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებს, კორუფციის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლას, პოლიციის რეფორმას, ეს ყველაფერი რუსეთის ხელისუფლებისთვის ერთგვარად შთაგონების წყაროა. ეს ძალზე დადებითი ძვრაა, რადგან ორი წლის წინათ საქართველო მათ ასპროცენტიან მტრად მიაჩნდათ. ვითარების ამგვარი შემობრუნებით, ჩვენ უნდა ვისარგებლოთ.
პირველი, ვინც ეს გაიგო, იყო ნიკოლა სარკოზი. 2008 წლის ზაფხულის ომიდან ორი თვის შემდეგ მან ისაუბრა რუსეთის გახსნილობის შესაძლებლობაზე და იმ ეფექტზე, რაც ამას მეზობელ ქვეყნებზე ექნებოდა. იმ დროს სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ ახლა რასაც ვუყურებ, უნდა ვაღიაროთ, რომ სარკოზი მართალი იყო. რა თქმა უნდა, საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის, მაგრამ შეინიშნება დადებითი ძვრები.

- თქვენი მხრივ, თუ ხართ მზად მოსკოვთან დიალოგისთვის? ამას ევროპარლამენტის წინაშე ხომ არ გააკეთებდით?

- დალაი-ლამას შემდეგ, მე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის ერთადერთი ლიდერი ვარ, ვისაც ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლის პატივი ორჯერ მერგო, პირველად ეს ოთხი წლის წინათ, «ვარდების რევოლუციის» შემდეგ იყო. ეს თითქმის სასწაულია, მაგრამ პრეზიდენტ სარკოზის დამსახურებაცაა.
მე ამით ვისარგებლებ და ავიღებ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას. ეს სადავო ინიციატივაა, რადგან ყველა ქვეყანას აქვს უფლება და მოვალეობაც კი იბრძოლოს, სამხედრო საშუალებების გამოყენებით, რათა დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი. მაგრამ მე სხვაგვარი ხედვა მაქვს. ჩვენ გვაქვს ავღანეთის მაგალითი, რომელმაც შეძლო საბჭოთა ოკუპაციის მოშორება, მაგრამ ქვეყანა დანგრეული დარჩა და პრობლემები კვლავ გადაუჭრელია. საქართველო უნდა გახდეს ევროპული თანამედროვე ქვეყანა. ჩვენ ვერ დავასრულებთ ისე, როგორც ეს ავღანეთმა და ჩეჩნეთმა დაასრულა.
ჩვენ ყველაფერი ვცადეთ რუსებთან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად. მაგრამ რამდენჯერაც დიალოგი შევთავაზეთ, იმდენჯერ უხეშად მივიღეთ უარი. მე ისღა დამრჩენია, მივმართო ევროპარლამენტის მორალურ ავტორიტეტს და მისი თანადგომით, ძალის გამოუყენებლობა, ცალმხრივად გამოვაცხადო. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ დამყრობლის წინააღმდეგ იარაღის გამოყენებას. ეს ჩვენს უფლებებზე უარის თქმას კი არ ნიშნავს, არამედ ბრძოლის იდეოლოგიურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ჭრილში გადაყვანას. საჭიროა სტრატეგიული მოთმინება, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს არა მარტო ჩვენი ტერიტორიის სრულ გათავისუფლებამდე, არამედ რუსეთთან შერიგებამდეც. წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოდან განვდევნით რუსეთს, მაგრამ ორმოცდაათი წლის განმავლობაში მტრად დავრჩებით. ეს მიუღებელია. ჩვენ ვერ შევცვლით ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიას, ჩვენ უნდა შევძლოთ რუსეთთან საერთო ენის გამონახვა.

- ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი გამოცხადებით რუსეთს ხელს უწვდით?

_ დიახ. ძალიან ღიად და ძალიან ევროპულად ევროპულ ფორუმზე. დიალოგის ამგვარი შეთავაზებისთვის ევროპარლამენტზე უკეთესი ადგილი არ არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდაა და არა მარტო ჩვენთვის. ყოფილი საბჭოთა კავშირის არც ერთ ქვეყანას არ განუცდია ამგვარი ოკუპაცია. ყველა ქვეყანა ადევნებს თვალს მოვლენების მომავალ განვითარებას რუსეთსა და საქართველოს შორის.

_ უპირობო დიალოგს სთავაზობთ?

_ დიახ. ნებისმიერ ადგილზე, ყოველგვარი პირობის გარეშე და ნებისმიერ დონეზე. საჭიროა დიალოგის დაწყება. ჟენევის მოლაპარაკებებისას განიხილება ადგილზე მომხდარი ერთეული შემთხვევები. მაგალითად, რაც შეეხება, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას (რომელში გაწევრიანებასაც საქართველოს შეუძლია  რუსეთს ხელი შეუშალოს), მოსკოვს არ შეუძლია საქართველოს იგნორირება. ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა.

_ შეუძლია საქართველოს რუსეთთან შერიგება, თუ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ რუსეთის კონტროლის ქვეშ დარჩება ?

_ ამჟამად, ცუდი მდგომარეობაა აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც. მოსახლეობა განდევნილია ორივე რეგიონიდან. აღარ ვართ სტალინის ეპოქაში. აზროვნება შეიცვალა. მდგომარეობა არ ექვემდებარება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. არ მგონია, რომ ეს რუსეთის ინტერესებში იყოს. დიალოგის დაწყება აუცილებელია, რაც რუსებისთვის მარტივი არ იქნება. დიალოგი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ აღნიშნული საკითხით, რადგან ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული. რუსები ფიქრობდნენ, რომ ამ საკითხის დავიწყების საფასურად, დასავლეთს რაიმეს მისცემდნენ. ახლა მიხვდნენ, რომ ამგვარი ტაქტიკა არ მუშაობს.

- კონსტიტუციის რეფორმის შედეგად პრეზიდენტის უფლებამოსილების ნაწილი გადადის პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის ხელში, მაშინ, როდესაც 2013 წელს იწურება თქვენი პრეზიდენტობის მეორე და ბოლო მანდატი. 2013 წელს პუტინივით პრემიერ-მინისტრად ხომ არ მოგვევლინებით?

- საქართველო არასდროს არ დაუშვებს პუტინისეულ სისტემას. ევროპული შთაგონებით გატარებული რეფორმა ძალიან გაწონასწორებულია და არ არის გათვლილი კონკრეტულ პიროვნებებზე, მით უმეტეს ჩემზე. ჩვენ სამი წელი დაგვრჩა განათლების, ეკონომიკის მართვის და დეცენტრალიზაციის სფეროებში რადიკალური რეფორმების განსახორციელებლად. ეს რეფორმები უნდა განხორციელდეს 2013 წლამდე. ეს რეფორმები თავიდანვე განწირული იქნებოდა კრახისთვის, მე რომ პოლიტიკური მომავლის არ მქონე, პენსიაზე გასასვლელ პრეზიდენტად აღვიქმებოდე.

- რას ელით საფრანგეთისგან?

_ ჩემთვის საფრანგეთი ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა. მას ბავშვობიდან ვიცნობ, აქ ვსწავლობდი. პრეზიდენტმა სარკოზიმ ქართული სახელმწიფო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში გადაარჩინა. ომის დროს მან ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენა და შეუძლებელი შეძლო: სიტუაცია დააწყნარა და ევროპას ეს რეგიონი გადაურჩინა. მან გადადგა სტრატეგიული ნაბიჯი, რადგან საქართველოს დაცემის შემთხვევაში, ცენტრალური აზია და კავკასიის რეგიონი დაკარგული იქნებოდა ევროპისთვის. კონფლიქტის შემდეგ, პარიზში განხორციელებულმა ჩემმა ვიზიტმა დაარწმუნა ქართველები რომ ჩვენ გვყავდა ერთგული მოკავშირეები. საფრანგეთი ჩვენი პირველი ბუნებრივი პარტნიორია.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)