23 ნოემბერი, ევროპარლამენტი
ბატონო თავმჯდომარე,
ევროპარლამენტის პატივცემულო წევრებო,
ქალბატონებო და ბატონებო,
დღეს ჩემი ევროპარლამენტში მოწვევა ჩემი ქვეყნისათვის უდიდესი პატივია. მსურს მადლობა მოვახსენო პარლამენტის თავმჯდომარესა და ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ამ შესაძლებლობისთვის.
მე აქ ჩამოვედი იმედის გზავნილის ჩამოსატანად და მტკიცე პირობის დასადებად.
მე ჩამოვედი რათა განვაცხადო რომ მშვიდობა - სამართლიანი და მგრადი მშვიდობა - შესაძლებელია ჩემს რეგიონში და რომ ამგვარი მშვიდობის მისაღევად ევროპის წვლილი აუცილებელია.
საუკუნეთა განმავლობაში კავკასიის რეგიონი იყო გეოპოლიტიკურ თავსატეხი, მომაჯადოვებელი პარადოქსი. ეს იყო რეგიონი სადაც ინდივიდი იყო თავისუფალი მაგრამ მოქალაქე - ჩაგრული; რეგიონი, სადაც თანაარსებობდნენ ტოლერანტული კულტურები, მაგრამ სადაც სახელმწიფოები ქმნიდნენ ხელოვნურ გამყოფ ხაზებს, სადაც ადამიანებს არასდროს დაუკარგავთ ჭეშმარიტი ევროპელობის განცდა, მაგრამ სადაც იმპერიების მიერ აღმართულმა კედლებმა ევროპა შორეულ მირაჟად აქცია; კავკასია იყო რეგიონი სადაც ადამიანები ესწრაფვოდნენ მშვიდობას მაგრამ ომებისთვის თავის არიდება შეუძლებლად მოჩანდა.
მე აქ ჩამოვედი რათა გითხრათ, რომ ეს დრო უნდა დასრულდეს და მას წერტილი სწორედ ჩვენ უნდა დავუსვათ; რომ თანამშრომლობამ უნდა ჩაანაცვლოს მტრობა; რომ დიალოგმა უნდა დაძლიოს ომის რიტორიკა.
ქალბატონებო და ბატონებო, მსოფლიოს ყველა პრობლემური კუთხისთვის ევროპარლამენტი იმედის სიმბოლოა - საოცარი დასტური იმისა, რომ ყველაზე სასტიკი კონფლიქტებიც კი შეიძლება იყოს დაძლეული და რომ მშვიდობა ამართლებს ნებისმიერ პოლიტიკურ რისკს.
თვითონ ეს შენობაც არ იარსებებდა - სიკვდილით, ნანგრევებითა და რევანშის სურვილით გარშემორტყმული - მამაც ლიდერებს რომ არ გადაეწყვიტათ საუკუნებრივი ომების და მტრობის დასრულება ჩვენი დროის ყველაზე ამბიციური და გასაოცარი პოლიტიკური ექსპერიმენტის წამოწყებით, იმ ექსპერიმენტისა, რომელსაც ევროპის გაერთიანება ერქვა.
ეს პარლამენტი, რომელიც დაყოფილია არა ეროვნული კუთვნილების არამედ პოლიტიკური ჯგუფების მიხედვით, ანსახიერებს ვიქტორ ჰიუგოს მიერ 1849 წელს პარიზის საზავო კონფერენციაზე გამოთქმულ ხედვას.
ნება მომეცით ამ დიდი პოეტისა და მოაზროვნის ციტატა მის საკუთარ ენაზე წარმოვთქვა:
« Un jour viendra où vous toutes, nations du continent, sans perdre vos qualités distinctes et votre glorieuse individualité, vous vous fondrez étroitement dans une unité supérieure, et vous constituerez la fraternité européenne.
Un jour viendra où il n'y aura plus d'autres champs de bataille que les marchés s'ouvrant au commerce et les esprits s'ouvrant aux idées.
Un jour viendra où les boulets et les bombes seront remplacés par les votes, par le suffrage universel des peuples, par le vénérable arbitrage d'un grand Sénat Souverain qui sera à l'Europe ce que le Parlement est à l'Angleterre, ce que la Diète est à l'Allemagne, ce que l'Assemblée législative est à la France ! »
თანამედროვეთა უმეტესობა ჰუგოს ინფანტილურ მეოცნებედ მიიჩნევდა, როდესაც მან ეს სიტყვა წარმოთქვა. ისტორიას კიდევ 100 წელი და ორი მსოფლიო ომი დასჭირდა მისი სათქმელის გასაგონად.
ქალბატონებო და ბატონებო,
დიდი ხანია მოვიდა დრო, რომ ჰიუგოს ხმა ჩემს რეგიონშიც ისმოდეს.
უკვე დიდი ხანია მოვიდა დრო, ამ ძმობის ხმამ დაძლიოს ხმა ზარბაზნებისა და სიძულვილისა.
უკვე დიდი ხანია მოვიდა დრო, რომ ევროპული მშვიდობა კავკასიაშიც გავრცელდეს.
და ეს ჩვენი, როგორც პოლიტიკური ლიდერების მოვალეობაა, საფუძველი ჩავუყაროთ მამაც ინიციატივებს რათა ყოველივე ეს გახდეს შესაძლებელი.
ქალბატონებო და ბატონებო,
ზუსტად შვიდი წლის წინათ, ვარდების რევოლუციამ უძველესი ევროპული ერის, ჩემი საყვარელი საქართველოს ევროპული ოჯახისაკენ ახალ მოგზაურობას ჩაუყარა საფუძველი.
2003 წლის 23 ნოემბერს ასობით ათასმა მოქალაქემ განურჩევლად რელიგიური, რეგიონული თუ სოციალური წარმომავლობისა მშვიდობიანად დაეუფლა თბილისის ქუჩებსა და პარლამენტს.
მათ გააკეთეს ბევრად უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ კორუმპირებული და უკან მაცქერალი რეჟიმისთვის ბოლოს მოღება: მათ საფუძველი დაუდეს იმას, რასაც რამდენიმე თვის წინათ, ჟურნალმა „ეკონომისტმა" მენტალური რევოლუცია უწოდა.
როგორც ამ ასამბლეის ზოგიერთმა წევრმა კარგად უწყის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კომუნისტური რეჟიმებისთვის თავის დასაღწევად მხოლოდ ორი გზა იყო: გზა ევროპისა და გზა ნაციონალიზმისა, გზა კანონის უზენაესობისა და გზა ომისა, გზა ჰაველისა და გზა მილოშევიჩისა.
კომუნისტური პარტიის ტირანიის დასრულების შემდეგ, გათიშულობა, კორუფცია, ვერტიკალურობა, ბიუროკრატია, ცინიზმი და ავტორიტარულობა - საბჭოთა საზოგადოების საფუძვლები - დარჩა.
შვიდი წლის წინათ, ქალბატონებო და ბატონებო, საქართველო მხოლოდ ფორმალურად იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, რადგან ის მაინც რჩებოდა ამ სამყაროს ნაწილად - შიშისა და სიძულვილის ნაწილად.
საბჭოთა მენტალიტეტის საზღვრები ჯერ არ იყო გაუქმებული და საბჭოთა კავშირი ჯერაც ცოცხლობდა გონებასა და სულში.
მხოლოდ "მენტალურ რევოლუციას" შეეძლო წინ გაძღოლოდა ჩვენი საზოგადოების ევროპულ საზოგადოებად ტრანსფორმაციას.
ეს არის ის გზავნილი, რომელიც ჩვენ, ქართველებმა ვუთხარით ჩვენს რეგიონს. ეს არის ის გზავნილი, რომელმაც ჩვენს მიმართ ამდენი ბრაზი გამოიწვია იმპერიის მიმართ ნოსტალგიით შეპყრობილ ხალხში.
მაგრამ, ეს არის გზავნილი, რომელმაც საქართველო რეგიონში რეფორმების ლაბორატორიად აქცია.
როცა ჩვენ ვარდების რევოლუციას ვედექით სათავეში, ჩვენ ვიყავით ნაწილი სტუდენტური ორგანიზაციებისა, ოპოზიციური პარტიებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა, რომელთაც ყველას აერთიანებდა ერთი ოცნება: უფუნქციო, კორუფციით პარალიზებული პოსტ-საბჭოთა ქვეყნის ევროპულ დემოკრატიად ქცევა.
ქალბატონებო და ბატონებო, საბჭოთა კავშირი ეფუძნებოდა ერთ პრინციპს: გათიშე და იბატონე.
საზოგადოების ნებისმიერ დონეზე, ადამიანები ერთმანეთთან ხელოვნურად იყვნენ დაპირისპირებულნი.
ყველა რესპუბლიკაში, სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები, სოციალური და ეთნიკური ჯგუფები მოქცეული იყვნენ მუდმივ მტრობაში ჰყავდათ; პოლიტიკა აღიქმებოდა, როგორც შიშისა და სიძულვილის მანიპულირების ხელოვნება.
ამგვარი მდგომარეობა ხსნის იმასაც, თუ რატომ იქცნენ ასე ადვილად ყოფილი კომუნისტი ლიდერები ნაციონალისტებად როგორც ბალკანეთში, ისე კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში.
7 წლის წინათ, საქართველო ჯერ კიდევ დანაწევრებული იყო შიშით განმსჭვალულ იზოლირებულ ჯუფებად. ზოგი ექსტრემისტი სახელმწიფოს სისუსტეს იყენებდა სხვადასხვა უმცირესობის საზოგადოებიდან გასარიყადაც.
სწორედ ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი პირველი ამოცანა იყო მულტიკულტურალიზმის და ჩვენი საზოგადოების მრავალფეროვნების შესისხლხორცება.
ჩვენ შევიმუშავეთ უმცირესობების ინტეგრაციის პროგრამა ყველა სფეროში - უმაღლესი განათლებით დაწყებული სამართალდამცავი ორგანოებით დამთავრებული.
საბჭოთა კავშირს კიდევ ჰქონდა ერთი მახასიათებელი თვისება: აბსოლუტური ცენტრალიზაცია.
შვიდი წლის წინათ, საქართველო ჯერ კიდევ მიჯაჭვული იყო დედაქალაქს. ჩვენ წამოვიწყეთ ყოვლისმომცველი დეცენტრალიზაციის პროგრამა, უდიდესი ინვესტიცია ჩავდეთ რეგიონალური ინფრასტრუქტურაში და რეალური ძალაუფლებით აღვჭურვეთ ადგილობრივი თვითმმართველობა.
შედეგად, მიტოვებული რეგიონები ჩვენი განვითარების ყველაზე უფრო გასაოცარ მაგალითებად იქცა.
ვარდების რევოლუციამდე, ყველა ძირითადი რეგიონალური მმართველი პრეზიდენტის მიერ იყო დანიშნული. მაშინ როცა მავანნი დაკავებული იყვნენ "ძალაუფლების ვერტიკალის" აღდგენით, და აუქმებდნენ ავტონომიურობას ყველა რეგიონში - ჩვენ სისტემატიურად ვუნაწილებდით ძალაუფლებას არჩეულ ინსტიტუტებს რეგიონებში.
ამ პოლიტიკამ სულ ახლახან, გასულ მაისს თბილისის მერის პირველ პირდაპირ არჩევნებამდე და იმ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში, ხოლო პარლამენტი ქუთაისში გადაგვეტანა.
საბჭოთა კავშირს საფუძვლად ედო კონტროლი და კორუფცია, ყოვლისმომცველი და არაეფექტური სახლმწიფო მანქანა.
სწორედ ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო ე.წ. „კაგებეს" დაშლა, მთელი პოლიციის, ისევე როგორც საბაჟოს ოფიცრების და საგადასახადოს თანამშრომლების დათხოვნა. ამავე დროს ჩვენ გავხსენით ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი განათლების სისტემა.
ხედვას, რომელიც ყველა ამ ნაბიჯს უდევს საფუძვლად, ყველაზე კარგად ასახიერებს საქართველოს ყველა დროშის გვერდით, ყველა ოფიციალურ შენობაზე მოფრიალე ევროპის დროშა.
ეს დროშა ავაფრიალეთ იმის საჩვენებლად, საით მიგვყავდა საქართველო ჩვენს რეფორმებს.
რა თქმა უნდა, ჩვენს მშვიდობიან რევოლუციას ჰქონდა წარუმატებლობები და ნაკლოვანებები;
რა თქმა უნდა ჩვენ გვქონდა შეცდომებიც.
მაგრამ როგორც ჩემმა საყვარელმა დიდმა ფილოსოფოსმა, "ევროპული კოსმოპოლიტიზმის" საფუძვლისჩამყრელმა - ემანუელ კანტმა საფრანგეთის რევოლუციაზე აღნიშნა "შენ არ შეგიძლია იყო მზად თავისუფლებისათვის, ვიდრე არ გახდები თავისუფალი".
ემანუელ კანტი გულისხმობდა სწორედ იმას, რომ არც ერთ წიგნს არ ძალუძს გასწავლოთ როგორ მართოთ სახელმწიფო, თანაც იცხოვროთ თავისუფლებაში. ამის სწავლა მხოლოდ საკუთარ შეცდომებსა და წარმატებებზეა შესაძლებელი.
ჩვენ გვქონდა შეცდომები და ამ შეცდომებზე ვსწავლობდით კიდეც. ამავე დროს ჩვენ გვქონდა მოულოდნელი წარმატებებიც.
ახლახან, მსოფლიო ბანკმა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველო ნომერ პირველი რეფორმატორ ქვეყნად დაასახელა ეკონომიკაში. დღეს საქართველოს ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ მსოფლიოში მეთორმეტე და აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში პირველი ადგილი უკავია.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" მონაცემებით, ერთ დროს პოსტსაბჭოთა მაფიის ცენტრად აღიარებულმა საქართველომ, 2004 - 2009 წლებში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მე ვაფასებ ამგვარ რეიტინგებს, რადგან ისინი წარმოდგენას გვიქმნიან იმ სოციალურ და მორალურ ტრანსფორმაციის თაობაზე, რომელიც ჩემს ქვეყანაში მოხდა; იმ "მენტალურ რევოლუციაზე", რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრე.
საქართველოს მოქალაქეებს თავიანთი ქვეყანა პოსტ საბჭოთა სახელმწიფოდ აღრ მიაჩნიათ. ისინი საკუთარ სახელმწიფოს ხედავენ, მსჯელობენ და აკრიტიკებენ, როგორც ევროპულ დემოკრატიას.
ეს ცვლილებები ცდება ნებისმიერ ლიდერსა და პარტიას, რომელიც ვარდების რევოლუციას ედგა სათავეში. ეს არის ის, რაც არავის არ ეკუთვნის და რისი ჩახშობაც არავის ძალუძს - არც ჩვენ და არც ვინმე სხვას.
ასეთმა რევოლუციამ მსოფლიოს ამ ნაწილში ღირშესანიშნავ ფაქტამდე მიგვიყვანა. ფაქტი კი ასეთია - დღეს, ინსტიტუტები უფრო პოპულარული ხდება, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური ფიგურა.
ჩვენ ახლა ყველაზე მეტად გვინდა ვაკეთოთ მეტი და მეტი და აღებული გვაქვს ვალდებულება, ამ რეფორმების გზა, როგორც არასდროს, კვლავაც გავაგრძელოთ.
ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატია არის მუდმივი პროცესი და მუდმივი შრომა.
ქალბატონებო და ბატონებო,
ჩვენს მიერ შემოთავაზებული ალტერნატივა, დემოკრატიის ჩვენი მოდელი, რა თქმა უნდა, ყველას სიხარულით არ მიუღია.
მას მწვავე წინააღმდეგობა შეხვდა რევიზიონისტული ძალებისგან, რომლებიც საბჭოთა კავშირის დანგრევას „20-ე საუკუნის ყველაზე მძიმე კატასტროფად" მიიჩნევენ.
მათ სრულმასშტაბიანი ემბარგო დაუწესეს ჩემს ქვეყანას 2006 წელს, განახორციელეს ჩვენი მოქალაქეების დეპორტირება, მუდმივად ბომბავდნენ ჩვენს ტეროტორიას და, ბოლოს, 2008 წელს, შემოიჭრნენ კიდეც მასზე.
ახლა, როდესაც ვლაპარაკობ, ამ ძალებს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, რაც წარმოადგენს საერთაშორისო კანონმდებლობის და 12 აგვსიტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების უხეშ დარღვევას, რომელიც ჩემი კეთილი მეგობრის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ძალისხმევის შედეგად დაიდო, რომელიც მაშინ ევროპის კავშირის მოქმედი თავმჯდომარე იყო.
დღეს, საქართველოს ჯერ კიდევ გააჩნია 500 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, რომლებიც სახლებში მხოლოდ იმიტომ ვერ ბრუნდებიან, რომ ძველი იმპერიალისტური მენტალიტეტით აღჭურვილმა ადამიანებმა გადაწყვიტეს შეხვდნენ 21-ე საუკუნეს ეთნიკური წმენდის კამპანიების ორგანიზებით და ბერლინის კედლი აშენებით ჩემს ქვეყანაში.
ალბათ იკითხავთ: როგორ ვუპასუხეთ ამ აგრესიას?
ჩვენ სრულად შევასრულეთ ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და გავაკეთეთ იმაზე მეტიც რისი ვალდებულებაც გვქონდა; არც ერთხელ რუსეთის მიერ საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი არ გამოგვიყენებია არაფრის არშესრულების საბაბად.
გასულ აგვისტოს, ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჰანსიორგ ჰაბერმა, საჯაროდ შეაფასა საქართველოს თავშეკავებულობა და ჩვენი სტრატეგია შეთანხმების მიმართ, როგორც „კონსტრუქციული უნილატერალიზმი".
როდესაც ტანკები და რაკეტები დედაქალაქიდან 50 კილომეტრის მოშორებით დგას, მთავრობები, როგორც წესი, ალყაშემორტყმული ქვეყნის როლს თამაშობენ; აცხადებენ, რომ თავისუფლება ის ფუფუნებაა, რომლის უზრუნველყოფაც არ შეუძლიათ და იწყებენ ოპოზიციის ჩახშობას და საზოგადოების დახურვას.
ჩვენ ზუსტად ამის საწინააღმდეგო გავაკეთეთ.
ჩვენ, ქალბატონებო და ბატონებო, დემოკრატიას შუბლზე იარაღმობჯენილი ვაშენებთ.
რკინის ფარდის წინ, რომელიც საოკუპაციო ჯარებმა აფხაზეთის რეგიონის გარშემო ააშენეს, პატარა დაბა ანაკლიაში, ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, შენდება ახალი ტურისტული კურორტი, მშვენიერი სასტუმროებითა და ქვიშის პლაჟებით.
ზოგიერთები გვთავაზობენ, რომ გავჩერდეთ, დაველოდოთ ვითარების გაუმჯობესებას და მხოლოდ მაშინ დავიწყოთ შენება, როდესაც ნიადაგი შედარებით გამყარდება.
ჩვენი ფილოსოფია სრულიად საწინააღმდეგოა - ჩვენ ვაშენებთ შენობებს არა იმიტომ, რომ ნიადაგი მყარია, არამედ იმიტომ, რომ მათი აშენებით გავამყარებთ ნიადაგს.
ანაკლიაში, 2005 წელს, დაიწყო განვითარების ახალი ფაზა, მას შემდეგ, რაც ეს ადგილი ორჯერ დაინგრა 1993 და 1998 წლების კონფლიქტების შედეგად.
2008 წელს ეს ადგილი კიდევ ერთხელ გახდა სრული ნგრევის მოწმე.
და რამდენიმე კვირის შემდეგ, მშენებლობა ისევ დაიწყო.
დიდმა პოეტმა და ცნობილმა რუსმა დისიდენტმა ალექსანდრ გალიჩმა, ერთ-ერთმა იმ 8 გმირთაგან, ვინც 68 წელს დემონსტრაცია მოაწყო წითელ მოედანზე პრაღაში შეჭრის წინააღმდეგ, საქართველოს შესახებ დაწერა:
ციტატა
(თარგმანი):
„მშვენიერო და ამაყო ქვეყანა / შენ ცილისწამებას ღიმილით პასუხობ "
ბოლოს, როდესაც ანაკლიაში ვიყავი, ვნახე დისკოტეკების რიგი, ისეთივე გამოცოცხლებული, როგორც ნებისმიერ ადგილას ევროპაში; იქ ახალგაზრდები ცეკვავდნენ ისევე, როგორც ამას იბიცაზე ან სან-ტროპეში გააკეთებდნენ.
ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ ბოლო დისკოტეკის შემდეგ ნაპირზე საოკუპაციო ჯარის მიერ აღმართული კედელია.
ნება მომეცით გკითხოთ: რა არის ქვიშიან ნაპირზე აღმართულ ბერლინის ახალ კედელზე უფრო აბსურდული?
..................
ქალბატონებო და ბატონებო,
მოკლედ, რომ ვთქვა, ჩვენ გვესმის, რომ მშვიდობა ჩვენი უზენაესი ინტერესია და დარწმუნებული ვართ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია.
მშვიდობის საფრთხის ქვეშ დაყენებით ჩვენ საფრთხის ქვეშ დავაყენებთ ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ, და ყველაფერს, რის მიღწევაც მომავალ წლებში გვინდა.
და, ამრიგად, აქ მოვედი, რათა ჩვენს პოლიტიკაში კონსტრუქციული უნილატერალიზმის ახალი ეტაპი გამოვაცხადო.
აქ ვარ, რათა ავიღო ინიციატივა, რომელიც, ვიმედოვნებ, თქვენი დახმარებით, განმუხტავს დაძაბულობას და საშუალებას მოგვცემს დავიწყოთ სერიოზული მოლაპარაკებები.
აქ მოსვლამდე ბევრი ვიფიქრე და ასევე, კონსულტაცია გავიარე ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებთან.
საქართველოს მთავრობა ცეცხლის შეწვეტის შესახებ 12 აგვისტოს ხელშეკრულებას განუხრელად ასრულებს. ჩვენ ყოველთვის გვესმოდა და გვესმის, რომ ცეცხლის შეწვეტის შესახებ ეს ხელშეკრულება მკაფიოდ კრძალავს ძალის გამოყენებას.
მაგრამ, იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველო ნამდვილად იღწვის რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად - დღეს ცალმხრივი ინიციატივით გამოვდივართ, რათა გამოვაცხადოთ, რომ საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას თავისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღსადგენად, რომ ის გამოიყენებს მხოლოდ მშვიდობიან საშუალებებს მისი დეოკუპაციისა და გაერთიანებისთვის.
მაშინაც კი, თუ რუსეთის ფედერაცია უარს იტყვის თავისი საოკუპაციო ჯარების გაყვანაზე; მაშინაც კი, თუ მისი შეიარაღებული რაზმები გააორმაგებენ ადამიანთა უფლებების დარღვევას, საქართველო დაიტოვებს მხოლოდ თავდაცვის უფლებას ახალი შეტევის და შეჭრის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიის იმ 80 პროცენტზე, რომელსაც საქართველოს მათავრობა აკონტროლებს.
ვაპირებ სათანადო წერილებით მივმართო მივმართავ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ეუთო-ს გენერალურ მდივანს და ევროპის კავშირის ხელმძღვანელობას, სადაც მკაფიოდ იქნება გაცხადებული, რომ ჩვენ არ გვინდა ძალის გამოყენება ჩვენი უკანონოდ გაყოფილი ქვეყნის გასაერთიანებლად, არც საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ, არც მათი მარიონეტების წინაღმდეგ, მაშინაც კი, როდესაც გაერო-ს წესდება შეიძლება გვაძლევდეს ამის უფლებას.
ჩემი პირობა აქ, თქვენს წინაშე, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიანი სუბიექტის ცალმხრივ დეკლარაციას.
ეს ინიციატივა, ქალბატონებო და ბატონებო, არ არის ადვილი ქვეყნისთვის, რომელიც ნაწილობრივ ოკუპირებულია და ყავს 500 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და დევნილი.
ეს ინიციატივა აგრძელებს და განავრცობს „კონსტრუქციული უნილატერალიზმის" ჩვენს პოლიტიკას.
ქალბატონებო და ბატონებო, მე მზად ვარ ღრმა და ყოვლისმომცველი დიალოგისთვის ჩემს რუს კოლეგასთან.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას იმ იმედით, რომ ჩვენი დღევანდელი პირობა რუსეთის ფედრაციას დაარწმუნებს შეწყვიტოს ამ მოლაპარაკებების ბლოკირება.
მაგრამ ჩვენ, აგრეთვე, გვჭირდება პოლიტიკური დიალოგის დაწყება.
და იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის ხელმძღვანელობას ნათლად უნდა დაანახოს, რომ დღეს ვითარება სრულიად არასწორი და არამდგრადია.
იმისთვის, რომ ვუბიძგოთ მათ კომპრომისისკენ, აუცილებელია, მკაფიოდ დავახასიათოთ თუ რა ვითარებასთან გვაქვს სააქმე.
ამიტომაც გთხოვთ, საქართველოს საერთაშორისო საზღვრების შიგნით რუსეთის სამხედრო ყოფნა კვალიფიცირდეს როგორც სუვერენეული ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია. ევროპის მრავალმა ქვეყანამ, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ეს უკვე გააკეთა.
ამასთან, ის სასტიკი სამხედრო კამპანიები რომელთაც ასობით ათასი საქრთველოს მოქალაქე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოაძევეს კვალიფიცირდეს, როგორც ეთნიკური წმენდა.
თუკი არ დავგმობთ ეთნიკური წმენდას, რატომ ჩათვლიან ოკუპანტები ოდესმე საჭიროდ ხალხის საკუთარ სახლებში და სოფლებში დაბრუნებას?
ქალბატონებო და ბატონებო, რადგანაც ომის პირველი მსხვერპლი სიმართლეა, იგი ასევე ყოველთვის არის მშვიდობის მყარი საფუძველი.
ჩვენს კონსტრუქციულ უნილატერალიზმს და პირობას, რომლის შესახებაც ახლა განვაცხადე, არ ექნება მოსალოდნელი შედეგი თუ ჩვენი ევროპელი მეგობრები არ იტყვიან სიმართლეს - თუ თქვენ არ იტყვით სიმართლეს.
დღეს მე აქ მოვედი, მოკრძალებით, რათა გითხრათ, რომ ჩვენ თქვენზე ვართ დამოკიდებული.
...................
ქალბატონებო და ბატონებო,
ჩვენს რეგიონს ძალზე ბევრი ომი გამოუვლია უახლეს ისტორიაში. დროა, კიდევ ერთხელ გავაკეთო ჰიუგოს პარაფრაზირება, დროა ქვემეხები მრგვალი მაგიდებით შევცვალოთ.
ჩვენს რეგიონს ჰქონდა საკუთარი ვარშავა, საკუთარი კოვენტრი, საკუთარი ორადურ-სურ-გლანი და ახლა კი, დროა, ომი და ნგრევა ერთად უარვყოთ.
დროა ვთქვათ, რომ ჩვენ აღარასოდეს არ უნდა გვქონდეს ახალი გროზნო - რუსეთის ერთ-ერთი რეგიონის დედაქალაქი 400 ათსიანი მოსახლეობით, რომელიც სრულიად აღიგავა პირისაგან მიწისა.
დროა ვთქვათ, რომ აღარასდროს არ უნდა დავუშვათ საკუთარი სახლებიდან ხალხის გამოძევება ეროვნების, რწმენის ან წარმომავლობის გამო, როგორც ეს მოხდა ჩემს ქვეყანაში და რეგიონის სხვა ქვეყნებში.
მე მზად ვარ ვიმუშავო რუსეთის ხელმღვანელობასთან, რათა ეს აღარასდროს არ განმეორდეს; რათა ომის შედეგები შემობრუნდეს და მშვიდობისთვის სათანადო პირობები დამყარდეს.
ის კედლები, რომელიც საქართველოს ყოფს, ბომბებით არ ჩამოიშლება, ის შეიძლება მოანგრიოს მხოლოდ მოქალაქეთა თავდადებამ საერთაშორისო სამართლის აღსასრულებლად.
აღსანიშნავია, რომ არაჩვეულებრივი წნეხისა და მოსკოვიდან მრავლობითი საფრთხის მიუხედავად, არც ერთმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ არ აღიარა საქართველოს დანაწევრება.
ეს უჩვენებს - ზოგიერთების განცვიფრების და სიბრაზის მიუხედავად - რომ ძველი დრო ნამდვილად დასრულდა.
ეს უჩვენებს, რომ საბჭოთა დროის დამონებული ერები იქცნენ ძლიერ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რომლებსაც ძალუძთ საკუთარი პოლიტიკის განსაზღვრა.
მოკლედ, სსრკ-ში დაბრუნებას არც ერთი მათგანი არ აპირებს.
ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენმა რეგიონმა საკუთარი არჩევანი გააკეთა.
ომი ამის შესაჩერებლად დაიწყო, მაგრამ ტანკებს ისტორიის შეცვლა არ ძალუძს და დროა, იმპერიალიზმის გრძელი და მტკივნეული პერიოდი მშვიდობიანად დასრულდეს.
ამიტომ, მოვუწოდებ რუსეთის ხელმძღვანელებს არჩევანი მომავლის სასარგებლოდ გააკეთონ.
მათ შეიძლება ძალზე დადებითი როლი შეასრულონ ჩვენი საერთო რეგიონის პოზიტიურ ტრანსფორმაციაში, მიიღონ სხვა ქვეყნები არა როგორც ვასალები, არამედ პარტნიორების სახით.
ჩვენ ყველას გვინდა - პირადად მე, მსურს - რუსეთი იყოს პარტნიორი და არა მტერი.
ჩვენზე მეტად არავის არ სურს, რომ რუსეთი ისეთი ქვეყანა გახდეს, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და მხარს უჭერს ადამიანის ძირითად უფლებებს.
ამიტომაა, რომ მთელი გულით ვუჭერ მხარს ევროპელი და ამერიკელი ლიდერების ძალისხმევას რუსეთთან ურთიერთობების გასამყარებლად.
ეს კონფლიქტი არაფრით არ უწყობს ხელს ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების დალაგებას: მსურს რუს ხალხს ვუთხრა: მათ ყოველთვის სიხარულით მიიღებენ საქართველოში როგორც პარტნიორებს, ტურისტებს, სტუდენტებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს და, უბრალოდ, როგორც მეგობრებს, მაგრამ არა როგორც საოკუპაციო ჯარს.
.....................
ქალბატონებო და ბატონებო,
მინდა ჩემი გამოსვლა დავასრულო პირველი ქართული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ნოე ჟორდანიას სიტყვებით.
თქვენ შეიძლება იცოდეთ, რომ 1918 წელს საქართველო იყო ევროპის პირველი სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა.
საქართველოში წითელი არმიის შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, ნოე ჟორდანიამ საქართველოს ევროპული არჩევანი ასე ახსნა:
„რა მიგვაქვს ჩვენ ევროპელი ერების კულტურულ სალაროში? 2000-წლიანი ეროვნული კულტურა, დემოკრატიული წეს-წყობილება და ბუნებრივი სიმდიდრე."
დღეს საქართველოს სხვა პრეზიდენტი მოგმართავთ იგივე გზავნილით ევროპის იდეეებისა და ფასეულობების სიყვარულის შესახებ.
იშვიათია, რომ სახელმწიფოს თავის ისტორიის განმავლობაში ორჯერ მიეცეს ერთი და იგივე შესაძლებლობა.
დღეს აქ მოვედი იმისთვის, რომ გითხრათ: ჩვენ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მივაღწიოთ ჩვენს ევროპულ მიზანს.
დიდი მადლობა.