მიხეილ სააკაშვილი: „რომ გადავრჩეთ ექსტრაორდინალური მიღწევები გვჭირდება“
"ჩვენ არა ევროპის პროვინცია, არამედ რეგიონის ევროპული ცენტრი უნდა ვიყოთ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა იდეოლოგია და რეფორმატორთა გუნდი, რომელსაც მე წარმოვადგენ, დარჩეს ხელისუფლებაში 2013 წლის შემდეგ", - უთხრა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალ ტაბულას.
რა არის ეს იდეოლოგია, რა რეფორმებს გეგმავს მისი გუნდი, ამ და სხვა თემების შესახებ გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს პრეზიდენტთან.
გადაჭარბება არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ წლის მთავარი მოვლენა საკონსტიტუციო რეფორმაა. ვენეციის კომისია შიშობს, რომ ახალი კონსტიტუცია პოლიტიკური კრიზისების საფრთხეს შეიცავს და პრეზიდენტის ძალაუფლების კიდევ უფრო მეტ შეკვეცას გვირჩევს. მეორე მხრივ, თქვენი ადგილობრივი ოპონენტები თვლიან, რომ კონსტიტუციას საკუთარ თავზე ირგებთ და ძალაუფლებას ვერ ელევით.
სინამდვილეში არც ერთი ხდება და არც მეორე. ხელისუფლებას რომ ვებღაუჭებოდე, ამისათვის სულ სხვა გზები არსებობს - რეფერენდუმი მესამე საპრეზიდენტო ვადაზე, ან მთელი ძალაუფლების პრემიერისათვის გადაცემა. ვენეციის კომისიისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ ვერ დავუშვებთ პრეზიდენტის კონსტიტუციური როლის სრულ ნიველირებას და მისთვის მხოლოდ ცერემონიული ფუნქციების დატოვებას.
ახალი კონსტიტუციის პირობებში პრეზიდენტს უმნიშვნელოვანესი ფუნქციები ექნება. ის იქნება შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, ასევე პარლამენტსა და მთავრობას შორის წარმოშობილ დავებში საბოლოო არბიტრი. პრეზიდენტს აგრეთვე ექნება მნიშვნელოვანი პრეროგატივები დამოუკიდებელ მარეგულირებლებსა და ეროვნულ ბანკთან მიმართებაში.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვჭირდება გაწონასწორებული კონსტიტუციური მოდელი, სადაც არც ფუნქციების დუბლირება, ამ ნიადაგზე კონფლიქტები და არც ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრაცია არ იქნება. ძალაუფლება თანაბრად უნდა გადანაწილდეს, როგორც სხვადასხვა კონსტიტუციურ ინსტიტუტებს შორის, ისე პოლიტიკური სპექტრის შიგნითაც. ოპოზიციური პარტიებიც უნდა განვითარდნენ. უნდა გაფართოვდეს იმ პოლიტიკური ძალების წრე, ვინც იღებს კონსტიტუციით დადგენილ თამაშის წესებს და ჩართულია ჩვენი სახელმწიფოს საგარეო და საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
სწორედ ამ მართვის დეცენტრალიზებული მოდელის შექმნას ემსახურებოდა თავის დროზე საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში და ახლა კი პარლამენტის ქუთაისში გადატანა. ბათუმი, ქუთაისი და თბილისი უნდა გახდეს ის სამი მთავარი ცენტრი, საიდანაც მოხდება ქვეყნის მართვა. მთავრობა სულ უნდა მოძრაობდეს ამ ცენტრებს შორის. ის მუდმივად ყველგან უნდა იყოს და საქმე უნდა აკეთოს. ხალხი ყოველდღიურად უნდა გრძნობდეს, რომ მთავრობა მასთანაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დიდი მთავრობა უნდა გვყავდეს და მის გარეშე ვერავინ ვერაფერს აკეთებდეს. პირიქით, რაც უფრო მობილური და კომპაქტური იქნება მთავრობა, მით უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ხალხს.
ჩვენ მიერ წამოწყებულ საქმეს ბოლომდე მიყვანა უნდა. ამიტომ ნურავის გაუკვირდება, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა იდეოლოგია და რეფორმატორთა გუნდი, რომელსაც მე წარმოვადგენ, დარჩეს ხელისუფლებაში 2013 წლის შემდეგ.
დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების გადაბარებაზე საუბარიც კი უხერხულია. თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ამას გადაწყვეტს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით. როგორი იქნება ჩვენი საზოგადოების არჩევანი, ამაზე დღეს სპეკულაციები ნაადრევია. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ჩვენ შევქმნით ყველა აუცილებელ წინაპირობას იმისათვის, რომ ნებისმიერს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა დემოკრატიული გზით მოვიდეს ხელისუფლების სათავეში.
რის მიღწევას ცდილობთ რეფორმატორთა გუნდის და იმ იდეოლოგიის შენარჩუნებით, რასაც თავად ეს გუნდი წარმოადგენს?
პირველ რიგში საქართველოს მოდერნიზაციას. ევროატლანტიკურ საგარეო პოლიტიკას და დემოკრატიულ ფასეულობებს ალტერნატივა არ აქვს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს ბრმად ვბაძავთ.
ჩვენი პოლიტიკური იდენტობა ევროპაშია. ეს ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვიგრძვნია იმედგაცრუება, გვწყენია მათი გულგრილობა. რას ვიზამთ, თამაშის წესები უნდა მივიღოთ. შუა აზიიდან და ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალი უმოკლესი გზა საქართველოზე გადის. ჩვენ უნდა ვისარგებლოთ იმით, რომ ვგავართ ევროპას, მაგრამ ამავდროულად კარგად შეგვიძლია გავუგოთ თურქეთს, ირანს, ჩინეთს, შუა აზიის ქვეყნებს.
საქართველო, როგორც სახელმწიფო, უნდა დაეფუძნოს იმ ჭეშმარიტ ეროვნულ და სამოქალაქო ღირებულებებს, რომელიც კი არ აპირისპირებს და ყოფს ჩვენს მრავალფეროვან საზოგადოებას ვიწრო კლანური, ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით - არამედ აერთიანებს. ჩვენ ყველანი ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ყველას გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ეს სახელმწიფო ყველას თანაბრად გვეკუთვნის, განურჩევლად რელიგიური მრწამსისა, ეთნიკური წარმომავლობისა, სოციალური კუთვნილებისა.
აუცილებელია არაკორუმპირებული გარემოს შენარჩუნება. ჩვენთან ხელშეუხებელი არავინაა. ახლახან დააკავეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მანამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მმართველი უმრავლესობის არაერთი წევრი, რომ არაფერი ვთქვათ საშუალო დონის ჩინოვნიკებზე.
კიდევ უფრო უნდა განვითარდეს თავისუფალი ეკონომიკა. ჩვენ უნდა გავხდეთ ამ რეგიონის ვაჭრობის, მიმოსვლის ცენტრი, იმიტომ რომ გვაქვს ის, რაც ბევრ ქვეყანას არ მოეპოვება - არაკორუმპირებული და დანაშაულისგან თითქმის თავისუფალი გარემო, ეფექტიანი და პატარა მთავრობა, რომელიც მინიმალურად ერევა მოქალაქეების ცხოვრებაში. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ხალხს უხარია ჩამოსვლა, როგორც დასასვენებლად, ისე ბიზნესის საკეთებლად.
თავისუფალი ეკონომიკა ახსენეთ. სულ ახლახან მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირისკენ. გაფართოების სფეროში ევროკომისარმა ცოტა ხნის წინ „ზედმეტი ლიბერალიზმისათვის" გაგვაკრიტიკა. ნიშნავს თუ არა ევროკავშირთან დაახლოება, თავისუფალი ბაზრის პრინციპების დათმობას?
დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებას შევძლებთ ისე, რომ თავისუფალი ეკონომიკა დიდად არ ვაზარალოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იდეების, ადამიანების, საქონლისა და კაპიტალის გადაადგილების თავისუფლება პირველ რიგში სწორედაც რომ ევროპული ფასეულობებია.
დღეს უკვე თავად ევროპა ამბობს ნელ-ნელა უარს იმაზე, რისი შიშიც შეიძლება ჩვენც გვქონდეს - მაღალი გადასახადები და ხელგაშლილი ხარჯვა, ზედმეტი რეგულაციები და ბიუროკრატია თანდათანობით წარსულს ბარდება.
პირველ რიგში თავად ევროპელები ხვდებიან, რომ მუდმივად ძიძის როლში ყოფნას სახელმწიფო დიდხანს ვერ გაუძლებს. სოციალური ევროპის პროექტს გლობალურმა კრიზისმა ძლიერი დარტყმა მიაყენა. მგონია, რომ ევროპა გადმოდგამს უფრო მეტ ნაბიჯს თავისუფალი ეკონომიკისკენ და ადრე თუ გვიან ჩვენ სადღაც შუაში შევხვდებით.
ფრანგულ გამოცემა Дe Ьonde-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ახსენეთ, რომ მტკივნეულ რეფორმებს გარდაუვლად ეწირება პოპულარობა. რომელმა რეფორმამ მიაყენა თქვენს პოპულარობას ყველაზე დიდი დარტყმა?
ყველა რეფორმამ ვიღაც გაანაწყენა. პოლიციის რეფორმამ სამსახურიდან დათხოვნილი პოლიციელები გააბრაზა, ჯარის რეფორმამ - დათხოვნილი ოფიცრები, განათლების რეფორმამ - კიდევ უფრო მეტი ადამიანი. ამავდროულად, რა თქმა უნდა, შეცდომებსაც ვუშვებდით.
მაგრამ მთავარი ისაა, რომ საზოგადოებას არ გაუჩნდეს უსამართლობის განცდა. ვინც არ უნდა გაანაწყენო, თუ ის ფიქრობს, რომ შენ სხვა მოტივაცია არ გაგაჩნდა, გარდა იმისა, რომ კარგი გინდოდა, შეცდომას გპატიობს. არავის უნდა დარჩეს იმის შეგრძნება, რომ შენ აწყენინე მას იმიტომ, რომ ერთი კლანი მეორით ჩაგენაცვლებინა. როცა შენი მოტივაცია გულწრფელია და ქვეყნის ინტერესებით ხელმძღვანელობ, ვფიქრობ, ის ადამიანი, ვისაც ეწყინა, ადრე თუ გვიან გაპატიებს. ესაა ჩემი გამოცდილება.
როდესაც არაპოპულარულ ნაბიჯებს ვდგამ, კარგად მესმის, რომ დღეს თუ არა ხვალ, საზოგადოება ამას აუცილებლად გაიგებს და მიიღებს.
ასე მაგალითად, ჩვენ გვყავს ასი ათასობით ადამიანი, რომელსაც აქვს უნივერსიტეტის დიპლომი, მაგრამ არ იცის უცხო ენა. როდესაც ვამბობ, რომ უმაღლესის დიპლომი ვერ უნდა აიღო, თუ უცხო ენა არ იცი, იმასაც ვხვდები, რომ ჩემი ნათქვამი ზოგიერთს შეიძლება ეწყინოს. მაგრამ დღეს თუ არა ხვალ, ისინიც გააცნობიერებენ, რომ ეს არ არის ვინმეს ახირება, ეს დროის მოთხოვნაა. თუ გვინდა, რომ თანამედროვეობას ფეხი ავუწყოთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის.
შეცდომებსაც ვუშვებდითო, ახსენეთ. რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ შეცდომად?
ჩვენ შეგვეძლო უკეთ აგვეხსნა საზოგადოებისთვის რეფორმების არსი. ქართველი ხალხი ერთმნიშვნელოვნად ხვდება ცვლილებების აუცილებლობას. ჩვენს საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის, რომ ან ძალიან მაგრები უნდა ვიყოთ ან საერთოდ არ ვიქნებით. არ შეიძლება ვიყოთ საშუალო ევროპული ქვეყანა, ვინაიდან მათგან განსხვავებით ყოველდღიურად მეტი საფრთხის წინაშე ვართ.
სინგაპურს სწორედ ამიტომ ვახსენებ ხშირად. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მაგარი ქვეყანა. საზოგადოება ამას იღებს, ის ხვდება, რომ ეს არის გადარჩენის ერთადერთი, უალტერნატივო გზა.
ამ ბოლო დროს ინტენსიურად საუბრობთ "ქამრების შემოჭერაზე", რა მიმართულებით ფიქრობთ სახელმწიფო ხარჯების შეკვეცას?
ყველა მიმართულებით. ჩვენ უნდა მივცეთ კიდევ უფრო მეტი თავისუფლება კერძო სექტორს, რომელიც ვერ განვითარდება, თუ სახელმწიფო ყველაფერს თვითონ აკეთებს.
საწყის ეტაპზე საჭირო იყო სახელმწიფოს ჩარევა. დღეს, ეფექტიანი ხელისუფლების პირობებში, შესაძლოა, სახელმწიფო ზოგიერთ პრობლემას უფრო სწრაფად წყვეტს, ვიდრე კერძო სექტორი, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის დროებითი, საგანგებო ღონისძიება, მანამდე სანამ კერძო სექტორი განვითარდება და შეძლებს პასუხისმგებლობის სახელმწიფოსგან გადაბარებას.
როცა ბავშვს ველოსიპედის ტარებას ასწავლი, ეხმარები, ხელით გიჭირავს და მიგყავს, მაგრამ ნელა. თუ სულ ხელით ატარე, შენც დაიღლები და ისიც. შესაბამისად, შორს ვერც ერთი წახვალთ - შეგრჩება ველოსიპედისტი, რომელმაც ველოსიპედის ტარება არ იცის. ამიტომ, აუცილებელია, შესაფერის მომენტში ხელი გაუშვა, რათა დამოუკიდებლად სწრაფად და შორს წავიდეს.
თავისუფლების აქტი. რა ხდება ამ მიმართულებით, დავიწყებას ხომ არ მიეცა?
შემოდგომაზე მივიღებთ.
ჩვენი ჟურნალი ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლების სოციალურ პოლიტიკას. სოციალური დახმარების პროგრამები, ერთი მხრივ, ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწვება, ხოლო მეორე მხრივ, ამ პროგრამებით მხოლოდ ღარიბი მოქალაქეები არ სარგებლობენ. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი სოციალური ბიუჯეტი უფრო ეფექტიანი, სამართლიანი და გონივრული გახდეს?
გაჭირვებული თანამოქალაქისადმი სოლიდარობის გარეშე შეუძლებელია საზოგადოება გვერქვას. სიღარიბესთან ბრძოლა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიზანზე უარს ვერ ვიტყვით, მაგრამ შეიძლება ვიკამათოთ ამ მიზნის მიღწევის გზებსა და მეთოდებზე, რა უფრო ეფექტურია - ბაზარი და კერძო ინიციატივა, თუ სახელმწიფო თავისი ბიუროკრატიითა და რეგულაციებით.
ჩვენ კარგად გვესმის ის რისკები, რაც სიღარიბესთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამებს უკავშირდება. რამდენიმე წლის წინ რაჭის ერთ-ერთ სოფელში ვიყავი. მათი შრომისმოყვარეობით პირდაპირ აღვფრთოვანდი - ციცაბო ფერდობზე თესავდნენ სიმინდს. ორი წლის შემდეგ ისევ იმ სოფელში ავედი და სიმინდი აღარ დამხვდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მადლიერებით მომახსენეს, რომ სიმინდი აღარ სჭირდებათ, ვინაიდან სოციალურ დახმარებას იღებენ და პურს ყიდულობენ.
ეს მაგალითია იმისა, რომ სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამები ქრონიკულ სიღარიბეს აჩენს. დახმარების მიმღებს უყალიბდება დამოკიდებულება - კმაყოფილდება იმით, რასაც იღებს და მეტის მისაღებად შრომა აღარ უნდა. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნების უფლება, რომ საზოგადოების ერთი, შრომისმოყვარე ნაწილის ხარჯზე ვარჩინოთ ამავე საზოგადოების მეორე, ასევე შრომისუნარიანი ნაწილი, რომელსაც საკუთარი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად მუშაობა არ უნდა. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მხოლოდ მათ, ვინც საკუთარი თავის დახმარების უნარს მოკლებულია.
ამიტომ ჩვენი ამოცანაა ეს ადამიანები შესაძლებლობებით უზრუნველვყოთ, განათლება მივცეთ. ეს იქნება მათი სიღარიბიდან გამოყვანის ყველაზე უებარი საშუალება. ხოლო სოციალური დახმარება, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფებზე მივმართოთ.
მოკლედ, გასაკეთებელი მართლაც რომ ძალიან ბევრია. შეიძლება ბოლომდე ახლაც ვერ ვუხსნით ყველაფერს კარგად ხალხს, მაგრამ უფრო მეტად ვცდილობთ.
ხანდახან ეს მცდელობა პოპულიზმად აღიქმება. კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ პოპულარობის შესანარჩუნებლად თქვენს პრინციპებთან კომპრომისზე მიდიხართ.
ჩვენ უწყვეტი კამპანიის რეჟიმში ვმუშაობთ, მაგრამ ამას პირადი პოპულარობისთვის არ ვაკეთებთ. დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიტიკა სხვანაირად უბრალოდ არ კეთდება. კამპანია გვჭირდება იმისათვის, რომ რეფორმების მხარდასაჭერად მაქსიმალურად ფართო საზოგადოებრივი ძალების მობილიზება მოვახდინოთ.
თავისუფალ საზოგადოებას ისე ვერ ავაშენებთ, თუკი ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის გაცნობიერებული მხარდაჭერა არ გვექნება. მოდერნიზაციის პოლიტიკის წარმატებას საზოგადოების ინფორმირებული არჩევანი განაპირობებს. საზოგადოებას უნდა სჯეროდეს, რომ მისი არჩეული წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის წინსვლისათვის და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებას არ ივიწყებენ.
ჩვენი საზრუნავი არა პერსონალური რეიტინგია, რომელიც ადრე თუ გვიან შარშანდელი თოვლივით გაქრება, არამედ ის, თუ რის გაკეთებას შევძლებთ, როგორ შევა ჩვენი დრო ისტორიაში, როგორ შეაფასებენ ამ წლებს მომავალი საქართველოს მოქალაქეები.
არც ერთი ჩვენგანი არ არის პლასიდო დომინგო, მარია კალასი, გრეტა გარბო ან ჯიმი ჰენდრიქსი. რა თქმა უნდა სასიამოვნოა, როდესაც ქუჩაში ხალხი სიყვარულით გესალმება, მხარს გიჭერს, მაგრამ ეს მხარდაჭერა ბოლომდე უნდა დახარჯო, დახარჯო რეფორმაში. პოლიტიკოსი მათ შორის იმითაც ფასდება, თუ როგორ შეცვალა საზოგადოების მენტალიტეტი.
თქვენ რამდენად შეძელით შეგეცვალათ ჩვენი საზოგადოების მენტალიტეტი?
მენტალიტეტის ცვლილება ბარომეტრით არ იზომება, ეს რაღაც საერთო განცდაა. თავისუფალ საზოგადოებას შეუიარაღებელი თვალით ამოიცნობ - როგორ აცვია ხალხს ქუჩაში, რა ფერები მოსწონს, როგორ მოძრაობს. მოგზაურობისას ბევრს დავდივარ ფეხით. ავტორიტარულ ქვეყნებში თავს ცუდად ვგრძნობ - ვხვდები, რომ ხალხი შეზღუდულია, გაუცხოებული. ამიტომ ვამბობ, როცა საქართველოზე მსჯელობთ, ჩამოდით და თქვენი თვალით ნახეთ. ჩვენი საზოგადოება წინ მიდის - მისი თავისუფლების ხარისხი დღითი დღე იზრდება.
არაერთი წელია, რელიგიური ფუნდამენტალიზმი თქვენი ოპონენტების საყვარელ იარაღად იქცა. მათ მიაჩნიათ, რომ ლიბერალური რეფორმები და დასავლეთთან დაახლოება ეროვნულობას გვაკარგვინებს და ჩვენს ტრადიციებს ანგრევს. ანტიდასავლური განწყობების გასაღვიძებლად ერთმორწმუნეობის ფაქტორს რუსეთიც იყენებს. რატომ? ისინი მართლები არიან და დღეს ჩვენს საზოგადოებაში ფუნდამენტალიზმისათვის უფრო ხელსაყრელი ნიადაგია, ვიდრე ლიბერალიზმისთვის?
ჩვენი საზოგადოება პრინციპულად არ არის ფუნდამენტალისტური. არიან ადამიანები, ვისთვისაც რელიგია მართლა უზენაესი ღირებულებაა, მაგრამ არიან ხელმოცარული ფარისევლებიც, რომლებსაც გულის სიღრმეში არაფრის სჯერათ და საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად რელიგიის თემით სპეკულირებენ. სწორედ ასეთი ხალხი შეიჭრა კავკასიის ეთერში.
რუსეთთან ერთმორწმუნეობაზე საუბარი არნახული ცინიზმია. კომუნისტების გარდა, არავის მიუყენებია იმხელა ზიანი ქართული მართლმადიდებლობისათვის, რამდენიც ეს რუსეთის იმპერიამ გააკეთა. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და არის ზოგადეროვნული ინსტიტუტი. ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლით რუსეთი ჩვენი ეროვნულობის მოსპობას ცდილობდა.
უამრავი მცდელობის მიუხედავად, ჩვენი ეკლესია რუსეთის თუ ადგილობრივი ბნელი ძალების ხელში ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად რომ არ იქცა, პირველ რიგში პატრიარქის დამსახურებაა. შეუძლებელია არ დაინახო, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, ყველა გადამწყვეტ მომენტში დაიჭირა ზომიერი პოზიცია. ეს არის ადამიანი, რომლის ავტორიტეტიც დიდი ხანია კრიტიკის მიღმაა, მიუხედავად ამისა, პატრიარქს არ დაუკარგავს კრიტიკული ხედვა. მას კარგად აქვს გააზრებული, რომ ბნელი ძალების ხელში ეკლესიას შეუძლია დამანგრეველი როლიც ითამაშოს, მაგრამ საბოლოოდ ეს თავადაც დაანგრევს.
ზოგადად, საფრთხე იმისა, რომ საზოგადოება გამზადებულ დასკვნებს ბრმად გაჰყვეს, ყოველთვის არსებობს. ეს საბჭოთა ტოტალიტარული აზროვნების გადმონაშთია. ამიტომაც შემოგვაქვს სკოლაში კრიტიკული აზროვნების კურსი, როგორც საგანი. ყველა დოგმა, ყველა მზა პასუხი უნდა დადგეს ეჭვქვეშ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოგვიწევს ფუნდამენტური ეროვნული ფასეულობების გადაფასება - არა, პირიქით, ასე უკეთ გავიაზრებთ იმას, რა არის ნამდვილი და რა ყალბი.
საზოგადოების მენტალიტეტი პირდაპირ უკავშირდება განათლებას. საშუალო სკოლებში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით მასწავლებლების კვალიფიკაციის კუთხით. რას აპირებთ?
განათლების რეფორმის კონკრეტული კომპონენტების, მაგალითად, ეროვნული გამოცდების წარმატებას და კორუფციის აღმოფხვრას, უკიდურესად კრიტიკულად განწყობილი ხალხიც ვერ უარყოფს, მაგრამ განათლების სისტემის რეფორმირებისას დაშვებული იქნა შეცდომები. ჩვენ საკმარისად არ შევუწყვეთ ხელი არჩევანის თავისუფლებას, მრავალფეროვნებას, შეჯიბრობითობას. კონკურენციის გარეშე განათლების სისტემა ვერ განვითარდება.
მასწავლებლებს სჭირდებათ გადამზადება. ყველა ადამიანი ექვემდებარება გადამზადებას. ამ ხალხისთვის ჩვენ არაფერი შეგვითავაზებია, გარდა მუქარისა, რომ ყველა უნდა გავყაროთ. ეს არ არის პოლიცია. ახალი მასწავლებლის მოყვანას უნდა ძალიან დიდი დრო. ჩვენ ამდენი დრო არ გვაქვს. ახლა ჩვენი ამოცანაა გადავამზადოთ მასწავლებლების არსებული კონტინგენტი. მატერიალურად წავახალისოთ ისინი, ვინც მუდმივად ზრუნავს საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მათ შორის ისინი, ვინც ფლობს უცხო ენას, იცის კომპიუტერის მოხმარება, სარგებლობს ინტერნეტით.
ამას ბავშვებიც შეუწყობენ ხელს, დღევანდელი ბავშვი ინტერნეტის თაობას განეკუთვნება. ის დამოუკიდებლადაც ვითარდება და მასწავლებლისგან მეტს ითხოვს. ამგვარად მასწავლებელი ორმაგი წნეხის ქვეშ ექცევა - ერთი მხრივ მოსწავლე, მეორე მხრივ - ჩვენ.
გლობალიზაციის პირობებში, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა უცხო ენა და მსოფლიო კულტურა, მხოლოდ წიგნიდან კი არა, ცოცხალ უცხოელთან ყოველდღიური, უშუალო ურთიერთობიდანაც შეიძინონ. ამ პროცესში, სწავლობენ არა მხოლოდ ქართველი მოსწავლეები, არამედ ჩვენი სტუმრებიც - ეცნობიან ქართულ კულტურას, ისტორიას, ერთი თვეა აქ არიან და ბევრი ქართული სიტყვის მნიშვნელობა უკვე იციან. გავა დრო და ჩვენ, ამ მასწავლებლების სახით, რამდენიმე ათასი საქართველოს ელჩი გვეყოლება.
რასაკვირველია, უნდა მოვიზიდოთ ახალი ხალხი. ახალი ხალხის მოსამზადებლად კი, საჭიროა საუნივერსიტეტო განათლების მკვეთრი გაუმჯობესება.
ცოტა ხნის წინ, სასკოლო პროგრამაში ახალი საგნის, პატრიოტიზმის დამატებაზე ისაუბრეთ. როგორ უნდა ასწავლოთ პატრიოტიზმი თავისუფალი საზოგადოების მოქალაქეს?
პატრიოტიზმი არ არის სასწავლო დისციპლინა. მისი ხელოვნური კულტივირება შეუძლებელი და კონტრპროდუქტიულია.
მომავალ თაობაში პირველ რიგში უნდა აღვზარდოთ მოქალაქე, რომლისთვისაც ფასეულია როგორც მისი პირადი, ისე მისი სახელმწიფოს თავისუფლება. ჩვენ უნდა მივცეთ ისეთი ცოდნა და უნარები, რაც ამ თავისუფლების დასაცავად არის აუცილებელი. ადრეული ასაკიდან ჩვენი მოქალაქეები უნდა აცნობიერებდნენ საკუთარ სამოქალაქო პასუხისმგებლობას თავისი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე.
ახალგაზრდამ უნდა შეითვისოს ისეთი ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობები, როგორიც არის ტოლერანტობა და ადამიანის უფლებები. სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს მოზარდებში დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობის და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. პლურალისტურ პოლიტიკურ სისტემას ისე ვერ ავაშენებთ, თუკი მოქალაქეებს არ ექნებათ დებატების კულტურა, მრავალმხრივი ხედვა.
ჩვენ გვჭირდება ისტორიის ახალი სახელმძღვანელოები. ბევრი რამ ჩვენ საბჭოთა მეთოდებით ვისწავლეთ, გვეუბნებოდნენ, რომ წარსული თქვენია, განადიდეთ წარსული, მომავალზე კი არ იფიქროთ, იმიტომ რომ თქვენს მომავალს ჩვენ ვწყვეტთ, მოსკოვში. იმისთვის, რომ მომავალი უკეთესი იყოს, ჩვენ კრიტიკულად უნდა შევხედოთ წარსულს.
ყველა იმ საფრთხის პირობებში, რის წინაშეც დღეს საქართველო დგას, აუცილებელია ასევე სამოქალაქო თავდაცვის სფეროში ადამიანებისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების მიცემა. ყოველივე ამან მოზარდი ცხოვრებისთვის უნდა მოამზადოს.
რაც შეეხება საფრთხეებს. რუსეთთან ომის რისკის შემცირებასთან ერთად, ბოლო რამდენიმე თვეა, საერთაშორისო საზოგადოების აშკარა გააქტიურება შეიმჩნევა. ვგულისხმობ მაღალი დონის ვიზიტებს, გაეროს ბოლო რეზოლუციას. რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ქართულ საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით?
ის, რომ ამერიკა ოკუპირებულ ტერიტორიებად მოიხსენიებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, მარტივად მისაღები გადაწყვეტილება არ ყოფილა. პროგრესი აშკარად შეიმჩნევა. მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ უფრო ცხადი და ხელშესახები პოლიტიკის დანახვა გვინდა საქართველოს დეოკუპაციის მიმართულებით.
იგივე შეიძლება ითქვას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციაზე. სამწუხაროდ, გაწევრიანება სასურველზე მეტ დროს წაიღებს, მაგრამ ჩვენ არჩეულ კურსს არ გადავუხვევთ და ამ გზას, ყველა სიძნელის მიუხედავად, ბოლომდე გავივლით.
ომი ევროპისთვის სიმართლის მომენტად იქცა. მან ნაწილობრივ კარგად გაართვა თავი ამოცანას. ზოგიერთი სკეპტიკურად გვიყურებდა, ფიქრობდა, რომ საქართველოში სისტემა ჩამოიშლება. დღეს, სკეპტიკოსები ხედავენ, რომ ეს ასე არ მოხდა. დღეს, ყველას უწევს იმის გათვალისწინება, რომ რეგიონალური მნიშვნელობის ფაქტორი ვართ.
ჩვენს რეფორმებს ბევრი ქვეყანა პირდაპირ იზიარებს. რუსეთში ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გაიზიაროს. ჩვენ რეგიონში მოდის განმსაზღვრელები გავხდით. დღეს მსოფლიო კონიუნქტურა ძალიან რთულია. გლობალურმა კრიზისმა დაასუსტა ჩვენისთანა პატარა ქვეყნების შანსები. იმისთვის, რომ გადავრჩეთ, ექსტრაორდინარული მიღწევები გვჭირდება.