საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი იაკოვ ტაბაჩნიკი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
მიხეილ სააკაშვილი
მოგესალმებით ყველას, მივესალმები ბატონ იანს!
დღეს ჩვენთვის ძალზე ლამაზი და მზიანი დღეა.
უწინარესად, მსურს მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რასაც უკრაინისა და საქართველოსთვის, ასევე ჩვენი ურთიერთობისთვის აკეთებთ.
6 წლის განმავლობაში თქვენ საქართველოში, აჭარაში მუშაობდით. ეს ძალიან დიდი პერიოდია, როდესაც ადამიანი პროფესიულ საქმიანობას იწყებს.
თქვენ დღეს ვეღარ იცნობთ ბათუმს და დიდი სურვილი მაქვს იქ ჩამობრძანდეთ. რაც ბათუმში ხდება, შეუძლებელი სიტყვებით აღწერო - ეს უნდა ნახოთ.
ამავდროულად, თქვენ გაიკეთეთ შესანიშნავი კარიერა და შეიქმენით წარმოუდგენელი სახელი. თქვენ ბევრი კარგი რამ გააკეთეთ მუსიკისა და ხელოვნების დარგში. თქვენ ბრძანდებით არა მარტო თეატრის ხელმძღვანელი, მუსიკოსი და პროფესორი, არამედ უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწე უკრაინისთვის.
თქვენი საქმიანობა საქართველოში დაიწყეთ, ზუსტად ასევე, ჩემი კარიერის დასაწყისი უკრაინას უკავშირდება.
შესანიშნავად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ბრძანდებით უკრაინისთვის, მაგრამ განსაკუთრებით გვსურს მადლობა მოგახსენოთ იმისათვის, რაც საქართველოსთვის გააკეთეთ 2008 წელს და შემდეგ. მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში თქვენ ერთ-ერთი იყავით იმ რამდენიმე ადამიანს შორის, რომელმაც ხმა აიმაღლა სიმართლის მხარდასაჭერად და კეთილი სიტყვით საქართველო დასაცავად.
მართალია, კულტურისა და ისტორიის თვალსაზრისით, დიდი ერი ვართ, მაგრამ რიცხობრივად პატარა. პატარა ერებმა კი განსაკუთრებით არ უნდა დაივიწყონ სიკეთე.
ჩვენი ხალხი არადროს არ დაივიწყებს საკუთარ მეგობრებს და არადროს დაივიწყებს იმას, რაც თქვენ ჩვენთვის სრულიად უანგაროდ გააკეთეთ.
დღეს, ეს მომენტი დადგა.
ბატონო იან, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან ჩამობრძანდით, მოხარული ვართ თქვენი სტუმრობით და გვსურს დაგაჯილდოვოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართული ჯილდოთი - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.
ეს ჯილდო მიღებული აქვთ საქართველოს ყველაზე გამორჩეულ მოღვაწეებს, მათ შორის ნანი ბრეგვაძეს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება.
ამას გარდა, მინდა ვთქვა, რომ ბევრი პოლიტიკური ცვლილებისა და გადანაწილების გათვალისწინებით, არ მახსოვს საქართველოში იმდენი უკრაინელი ჩამოსულიყო, თუნდაც, ბოლო წლების განმავლობაში, რამდენიც ბოლო თვის განმავლობაში ჩამოვიდა. ვგულისხმობ ოფიციალურ დელეგაციებს, კუტურისა და საზოგადო მოღვაწეებს, ტურისტებს. ათობით ათასმა ადამიანმა დაიწყო უკრაინიდან ჩამოსვლა და ეს ძალზე მნიშვნელოვანია.
რაც არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ, პოლიტოკოსებმა, მთავარია ის, რაც ბოლო პერიოდის განმავლობში ხდება - ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის, როგორც არასდროს, მჭიდრო ურთიერთობა ყალიბდება.
ყოველივე ეს ახლა არ დაწყებულა, ეს ურთიერთობა სათავეს თქვენნაირი მოღვაწეებისგან იღებს.
ეს ის ფესვებია, რომლისგანაც აღმოცენდა და აყვავდა ჩვენი მეგობრობის ხე და რომელიც ახლა გავძლევს ნაყოფს.
კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას ყველაფრისთვის.
ქართველი ხალხის სახელით, ქართველი და უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებისა და ქართულ-უკრაინული ურთიერთობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, გაჯილდოებთ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.
იაკოვ ტაბაჩნიკი
პატივცემულო პრეზიდენტო, ბატონებო და ქალბატონებო.
40 წლის წინათ, როდესაც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ცხოვრებამ დასავლეთიდან, სადაც მე დავიბადე, საქართველოში, იდუმალ ქვეყანაში მომიყვანა.
ამ ქვეყანაში გავიცანი საოცარი ხალხი - სტუმართმოყვარე, კეთილშობილი, მამაცი, გაბედული და, რაც მთავარია, ამაყი.
ეს ურთიერთობა მთელი ცხოვრების განმავლობაში მომყვება. ჩემი ქართველი მეგობრები - დიდი და, ამავადროულად, უბრალო ქართველები, მუდამ ჩემთან იყვნენ.
ამ დარბაზში იმყოფება ჩემი ძველი მეგობარი, გამოჩენილი არტისტი ვახტანგ კიკაბიძე, აქ არის ასევე დიდებული და შესანიშნავი ნანი ბრეგვაძე, რომელიც სამი დღის წინათ სევასტოპოლში ვნახე.
საქართველოში მყავდა მეგობრები, რომლებიც, სამწუხაროდ, ცოცხლები აღარ არიან. ეს ადამიანები ჩემთან ერთად მიუყვებოდნენ ცხოვრების გზას.
თქვენმა პრეზიდენტმა საოცარი ფრაზა თქვა, რომლის წარმოთქმასაც ბევრი პრეზიდენტი ვერ გაბედავდა: "ჩვენ პატარა ერი ვართ".
პატარა ერები არ არსებობს, შეიძლება იყოს მხოლოდ პატარა ქმედებები. არიან პატარა ერები, რომლებსაც იმდენი აქვთ გაკეთებული, რომ ღმერთმა ქნას, დიდმა ერებმა შეძლონ მაგდენის გაკეთება.
ახლა დიდი ტკივილით ვლაპარაკობ. როდესაც ჩემს მეგობარ ქართველებთან ერთად მოვფრინავდი, ისინი ამბობდნენ, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა. მე წავიკითხე სია, თუ ვის აჯილდოებენ ქართველები - პატარა საქართველო აჯილდოებს ძალიან დიდ ადამიანებს.
მე ბედნიერი ვარ, რომ მათ რიცხვში მოვხვდი.
დიდი ქვეყნები კი, ხშირად ნებისმიერ ადამიანს აჯილდოებენ, რადგან ჯილდოებიც ბევრი აქვთ და ხალხიც ბევრი ჰყავთ.
მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ვიცი, რომ თქვენ ძალიან ბევრი რამ გააკეთეთ საქართველოსთვის. მე მიყვებოდნენ ჩემი მეგობრები, რომ ბათუმი გახდა ისეთი ქალაქი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კურორტებში შევა.
ასევე ვიცი, რომ ჩამოსული იყვნენ ჩვენი მაღალჩინოსნები, რომლებსაც უკრაინაში დაბრუნების შემდეგ სიტყვები არ ჰყოფნიდათ აღეწერათ ის, რაც აქ ნახეს. საქმე ნებისმიერ სიტყვასა და დაპირებაზე მეტია.
გპირდებით, როდესაც ვილოცებ ჩემი მშობლებისთვის, შვილებისთვის, ჩემი სამშობლოსთვის - უკრაინისთვის, აუცილებლად ვილოცებ საქართველოსთვისაც, რადგან ეს ქვეყანა ჩემთვის მეორე სამშობლო გახდა.
უღრმესი მადლობა თქვენ!