Google+

სიახლეები

23.07.2010
საქართველოს პრეზიდენტი გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას შეხვდა

გარემოს დაცვის სამინისტრო მესამე უწყებაა, რომლის მუშაობაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირადად შეამოწმა. ეკოლოგიური ტურიზმისა და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კონკრეტული დეტალები იყო ერთ-ერთი მთავარი, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა დღეს სრული ინფორმაცია მიიღო. პრეზიდენტმა უწყებაში არსებული პრობლემებისა და ხარვეზების გამო, სამინისტროს მაღალჩინოსნები გააკრიტიკა. მიხეილ სააკაშვილმა სატყეო დეპარტამენტის რეფორმირების აუცილებლობაზე ილაპარაკა, რადგან მძაფრი კრიტიკის ობიექტი სწორედ ეს სფერო გახდა. მისი თქმით, ეს ის სექტორია, სადაც ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა რჩება.

"თქვენს სამინისტროს საქართველოს უმნიშვნელოვანესი დარგები აბარია. სამინისტროს კარგ მუშაობაზეა დამოკიდებული უკეთესი გარემოს არსებობა ყველა მოქალაქისთვის, ტურიზმის განვითარება, ხალხის დასაქმება, ინვესტიციების ჩადება, ქვეყნის მიმზიდველობის ამაღლება და ქვეყნის ღირსების წარმოჩინება. ჩემთვის ყველაზე პრობლემურ საკითხად, ტყეების რაციონალურად გამოყენება რჩება. ტყემ უნდა იმუშაოს საქართველოს ეკონომიკაზე და საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე. კარგია, რომ გადაკეთდა საჯარო სამართლის პირად, რადგან შესაძლებელი გახდება კომერციული საქმიანობის წარმოება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამ მხრივ,  მძიმე მემკვიდრეობა გვერგო, მაგრამ მთავარი, რასაც ტყეებთან დაკავშირებით უნდა მივაღწიოთ არის ის, რომ ყოველივე ამას მომსახურების ხასიათი უნდა ჰქონდეს. ეს შეეხება როგორც თქვენს სასმინისტროს, ისე სხვა სამინისტროებსაც. სამინისტროს ყველა თანამშრომელი უნდა გრძნობდეს, რომ ის უბრალო მოხელე  კი არა, ხალხის მსახურია. მე ვერ ვატყობ, რომ სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები თავს მოიაზრებდნენ ხალხის სამსახურში! ისინი არიან უხეშები და არც ერთ ინვესტორს და ნორმალურ მეწარმეს მათთან ურთიერთობის არავითარი სურვილი არა აქვს. მათ ჰგონიათ, რომ რაღაც აქვთ ჩაგდებული ხელში.  ასე სერვისს ვერ ავაწყობთ. ეს ხალხი თუ ვერ გაითავისებს, რომ არა ვიღაცის უფროსი, არამედ მომსახურე პერსონალია და ხალხის სამსახურში უნდა იყოს, დროზე გაუშვით სამსახურიდან. ბევრი ნორმალური ადამიანი ცხოვრობს რეგიონებში, რომელიც 600-700 ლარად ბევრად უკეთესად იმუშავებს, ვიდრე ეს მინი-გველეშაპები. მთავარ პრობლემას ამაში ვხედავ. ფსიქოლოგია გამოიცვალა პოლიციაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში, საჯარო რეესტრში. ამ უწყებებში იციან, რომ მათი სამსახური არის სერვისი, მაგრამ ამ ტყეებში ვერაფრით ვერ მიხვდნენ, რომ კაცობრიობის უფროსები არ არიან და, მით უმეტეს, რაღაც პატარა ტერიტორიის. ისინი იქ იმისათვის არიან, რომ ხალხს, კერძო მეწარმეებსა და ინვესტორებს ტყეების გამოყენება გაუადვილონ. ტყე არის დიდი ინდუსტრია. ნუ გგონიათ, რომ თქვენთან მოსულ ადამიანს მოწყალებას აძლევთ - ისინი ხელით უნდა ატაროთ და გულში ჩაიხუტოთ, რადგან ყველა, ქართველი იქნება ის თუ უცხოელი, ვინც ხალხს ასაქმებს, საქართველოს ეკონომიკაში შემოაქვს ფული და არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი. ჩვენი ამოცანაა გავაგრძელოთ ყველა ის პროგრამა, რომელიც ამ და სხვა სამინისტროებთან ერთად ცვლის საქართველოს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ლოპოტას, ყვარლისა და ბაზალეთის ტბების მსგავსი საკურორტო ადგილების განვითარებისთვის, საქართველოს მასშტაბით, კიდევ 23 ტბა არის შერჩეული. გარემოს დაცვის სამინისტრომ დეტალური შესწავლის შემდეგ, 25-წლიანი ლიცენზირებისთვის კონკრეტული სია ეკონომიკის სამინისტროში გადააგზავნა. სამინისტროს ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილი ამის საკითხსაც გაეცნო.

"მნიშვნელოვანია, რაც ამ ტბებთან დაკავშირებით ხდება. ბევრგან უკვე გაკეთდა მისასვლელი გზები. ფარავნის განვითარება სწორედ იმიტომ არის შესაძლებელი, რომ იქ გზა გავიყვანეთ. ნახეთ როგორი გზა მივიდა ყვარლის ტბასთან. გზების მეშვეობით უნდა შევძლოთ ამ კურორტების გაცოცხლება", - აღნიშნა მან.

ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობა, უცხოელ ინვესტორებთან ერთად დაგეგმილი პროექტები, მცირე აეროპორტები და შიდა ავიაცია - ეს ის თემებია, რომლებზეც პრეზიდენმა ყურადღება განსაკუთრებულად გაამახვილა. პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხების გადაწყვეტა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გასავითარებლად არის აუცილებელი. ამ სტრატეგიის ნაწილია მცირე აეროდრომების მოწყობა კახეთი, თუშეთში, რაჭაში, სამეგრელოსა და მესტიაში.  ამ პროექტის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო მზად არის მეტეოროლოგიურ სამსახურებს დახვეწასა და მოდერნიზაციაში დაეხმაროს.   

"ჩვენ ვანვითარებთ მცირე აეროპორტების ქსელს. ამ აეროპორტებისთვის ამინდის პროგნოზირება ძალზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში. მცირე ავიაციის ქსელი საქართველოს საარსებოდ სჭირდება. თუკი მცირე სახსრებით შევძლებთ მეტეოროლოგიური სამსახურების გაუმჯობესებას, უკან არ დავიხიოთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

სამინისტროს ხელმძღვანელობას პრეზიდენტმა მტკნარი და მინერალური წყლების საკურორტო ბიზნესში ჩართვა მოსთხოვა.

"მესტიაში საოცრად კარგი მინერალური წყლებია, რომლებიც სასტუმროების სერვისში უნდა შევიტანოთ და სამკურნალო პროცედურებისთვის გამოვიყენოთ. ისეთი კურორტი, სადაც ერთდროულად არის სათხილამურო ზონა, ზაფხულში დასვენების შესაძლებლობა, უნიკალური კულტურა და სამკურნალო მინერალური წყლები, პირადად მე, მსოფლიოში არსად არ ვიცი ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

შენიშვნებისა და კრიტიკის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილს სამინისტროს დამსახურებული თანამშრომლები არ გამორჩენია და სამ მათგანს ღირსების ორდენები პირადად გადასცა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)