Google+

სიახლეები

23.06.2010
საქართველოს პრეზიდენტმა იაპონიაში მოასპარეზე ქართველი დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა იაპონიის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ლევან ცაგურია.

"თუ ვინმე არის ქართველი კაცის წარმატებისა და ღირსების სიმბოლო, ეს ლევან ცაგურიაა, მისი სპორტული კარიერითა და მიღწევებით. მან შეაღწია მსოფლიოს ყველაზე დახურულ სპორტულ ლიგაში და ის იყო პირველი ევროპელი, რომელმაც გზა გაუკვლია სხვებს. მასთან ერთად, დღეს სპორტის ამ განსაკუთრებულ სახეობაში იაპონიაში კიდევ სამი ქართველი გამოდის. ლევან ცაგურია იქ მამლუქივით კი არ არის, არამედ ასპარეზობს როგორც ჭეშმარიტი ქართველი. რიგითმა იაპონელმა საქართველო მხოლოდ მაწვნით იცოდა და ახლა კი, ლევანის მოღვაწეობის შედეგად, ჩვენი ქვეყანა ყველამ ფართოდ გაიცნო. მას "შავი ზღვა" (კოკაი) იმიტომ უწოდეს, სოხუმელი ლტოლვილია. ყველაზე კარგად სწორედ მათ იციან, რას ნიშნავს ყველაფრის დაკარგვა და წარმატების ხელახლა მიღწევა. მინდა საქართველოს სახელით, ლევან ცაგურიას ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადავცე და ჩვენს ქვეყანას მივულოცო, რომ მას ასეთი ღირსეული მამულიშვილი ჰყავს. დიდი მადლობა ლევან, ყველაფრისთვის!" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თავის მხრივ მადლობა პრეზიდენტს ლევან ცაგურიამაც გადაუხადა და მიხეილ სააკაშვილს თავისი სანუკვარი ოცნება - აფხაზეთში დაბრუნება - გაანდო. როგორც კოკაიმ აღნიშნა, იგი იმედოვნებს, რომ ეს ოცნება მალე აუხდება.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ოცნების ასრულებას დიდი ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური სიძლიერე სჭირდება.

"მგონია, რომ შენში ეს იდეალურად არის შერწყმული. ამ პატარა ადამიანებმა აფხაზეთიდან გამოყარეს ეს გოლიათი და ასობით ათასი სხვა წარმომავლობის ადამიანი: ქართველები, სომხები, ებრაელები, ბერძნები, უკრაინელები, ესტონელები, აფხაზები...  ჩვენი ბრძოლა საქართველოს გამთლიანებისთვის დავითის და გოლიათის ბრძოლაა. ჩვენ ვერ გაგვტეხეს და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)