Google+

სიახლეები

26.05.2010
საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე

დღეს ჩვენი უძველესი ერის ახალგაზრდა სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ.

 

ეს დღე ალბათ ყველაზე სათაყვანოა თითოეული ქართველისთვის, რადგან თავისუფლების მოყვარე პატარა ერისთვის არაფერია უფრო ძვირფასი და უფრო სათუთი, ვიდრე სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა.

 

მით უმეტეს, ერისთვის, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში იბრძვის არსებობისთვის, რომელმაც გაუძლო უამრავ განსაცდელს, გაუძლო თითქმის მსოფლიო იმპერიის ყველა შემოტევას და ოკუპაციას.

 

ხშირად მსოფლიოს უძლეველ იმპერიათა მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია გრძელდებოდა ათეულობით და ასეულობით წლის განმავლობაში....

 

იყო შემოტევები, რომელიც ანადგურებდა ყველაფერს, რაზეც ქართველი კაცი შეძლებდა საკუთარ სამშობლოში ფეხის მოკიდებას.

 

მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ერი არ გატყდა, არ დაყარა ფარ-ხმალი, არ შეეგუა პატივისა და ღირსების აყრას, არ დათმო ოცნება დამოუკიდებლობისა და თავისუუფლების შესახებ.

 

ყველა ჯერზე დაამარცხა მტერი, დაამარცხა იმით, რომ ის იმპერიები გადაშენდნენ, მათთვის ადგილი მხოლოდ ისტორიის ფურცლებზეღაა,... საქართველო კი ისევ არსებობს.

 

ბევრჯერ წაგვაქციეს, მაგრამ ვერც ერთხელ ისე, რომ ხელახლა ფეხზე დადგომის ჟინი და მონდომება დაგვეკარგა.

 

ისევ არსებობს ქართველი ერი ისეთივე შეუდრეკელი და გაუტეხელი, როგორც დღიდან მისი დაბადებისა.

 

ისევ ფრიალებს ხუთჯვრიანი ქართული დროშა. 

 

ამიტომ არის ეს დღე ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასი..

 

მსოფლიოში ძალიან ცოტა მეგულება ერი, რომელსაც ქართველის ერის მსგავსად თავისუფლებისთვის ბრძოლის ასეთი დიდი გამოცდილება აქვს.

 

ამიტომ, თუკი რომელიმე ერს ესმის დამოუკიდებლობის ფასი, უპირველესად, ეს ჩვენ - ქართველები ვართ.

 

 

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

 

 

ჩვენს თაობებს დიდი პრივილეგია გვერგო წილად. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც საქართველო დამოუკიდებელია. ჩვენ დღეს ზეიმით აღვნიშნავთ ჩვენს დამოუკიდებლობას და ისე ვულოცავთ ერთმანეთს, რომ არ გვეშინია დამპყრობლის რეპრესიების.

 

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მშობლები და ბაბუები ამას ვერ ახერხებდნენ. მათთვის სიტყვა "დამოუკიდებლობის" ხსენებაც კი, სიკვდილის საფრთხეს შეიცავდა. მათთვის ყველაფერი - ქართული, ენა და დამწერლობაც კი, ხშირად მალვით იყო შესანახი, რათა ისიც არ წაერთმიათ.

 

ჩვენი წინაპრების ყველა თაობა იბრძოდა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ძალიან ცოტას ერგო ბედნიერება ებრძოლა დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, თუმცა მათი ენით აღუწერელი თავგანწირვის მიუხედავად, აქამდე ვერცერთმა თაობამ ვერ შეძლო, რომ საბოლოო დამოუკიდებლობის მოპოვება.

 

ჩვენი დროის თაობებს გვაქვს პატივი ვიყოთ იმ ცოტაოდენთა შორის, ვინც იბრძვის დამოუკიდებლობის დასაცავად და გვაქვს შანსი გავხდეთ პირველნი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ვინც ნავსს გატეხს და შექმნის გარანტიებს საქართველოს სამუდამო დამოუკიდებლობისთვის.

 

ერთი მხრივ, ეს დიდი პატივია, ხოლო მეორე მხრივ, უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი წარსულისა და მომავლის წინაშე.

 

დამპყრობლის მორჩილების ქვეშ ცხოვრებაში რაიმე კარგი რომ ყოფილიყო, მილიონობით ჩვენი წინაპარი არ გასწირავდა თავს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

 

დამოუკიდებლობა ნიშნავს უფლებას, თავად ავირჩიოთ ჩვენი მომავალი, თავად განვსაზღვროთ ჩვენი განვითარების კურსი, თავად დავგეგმოთ საგარეო პოლიტიკა, შევარჩიოთ მეგობრები და ალიანსები, რომელთა წევრობა იქნება საუკეთესო ჩვენი სამშობლოს დასაცავად და გასაძლიერებლად.

 

დამოუკიდებლობა ნიშნავს საშუალებას, ვიდგეთ საკუთარი ქვეყნის სამსახურში და ვმოქმედებდეთ ჩვენი (და არა სხვისი) ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

 

დამოუკიდებლობა ნიშნავს თავად ვირჩევდეთ ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოდელს. 

 

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ნიშნავს ერთადერთ გზას თავისუფალი საზოგადოებისაკენ.

 

არ არსებობს ხალხის თავისუფლება დამოუკიდებლობაწართმეულ ქვეყანაში.

 

მხოლოდ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა არის ჩვენი ერის ფუნდამენტური იდეის პოლიტიკური გამოხატულება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს კულტურას, ჩვენს უნარს ვეტრფოდეთ თავისუფლებას, ჩვენს დამოკიდებულებას გარეშე ძალის მიერ თავსმოხვეული მმართველობისადმი, ჩვენს პასუხისმგებლობას წინაპართა წინაშე, ჩვენს მტკიცე უარს ვიყოთ მართული სხვათა მიერ....

 

მხოლოდ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა შეესატყვისება ჩვენს ქართულ და კავკასიურ ოცნებას მომავალზე.

 

საქართველოს დამოუკიდებლობა ეფუძნება არა რომელიმე პოლიტიკოსის ან პოლიტიკური ძალის ახირებას, არამედ ჩვენი ხალხის თავისუფალ სულს და გაუტეხელ ეროვნულ სიამაყეს.

 

დღეს ჩვენს დამოუკიდებლობას ისევ უპირისპირდება იმპერია. არსებობენ ძალები, რომლებიც გეგმავენ და მცდელობას არ აკლებენ, რომ ისევ დაგვამარცხონ თავისუფლების შენარჩუნების ამ ბრძოლაში.

 

მათი მოციქულები ახლა ჩვენს რიგებშიც გამოჩნდნენ და გვიკიჟინებენ, რომ ხელი ავიღოთ ოცნებაზე დამოუკიდებლობის შესახებ. გვეუბნებიან, რომ მორჩილება და უუფლებობა ჩვენი გადარჩენის და არსებობის ერთადერთი ფორმაა. მათი ლოგიკით, ერთადერთი პასუხი, რომელიც საქართველოს აქვს - თავზე ნაცარის წაყრა და ეროვნულ ღირსებაზე უარის თქმაა. მათი ფილოსოფიით, თუ მტერი ძლიერია, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს.

 

სულ სხვა ფილოსოფია აქვს ქართულ მრავალსაუკუნოვან გენს. გენს, რომელმაც გამოგვატარა ბასიანი, შამქორი და დიდგორი.

 

ჩვენ მაშინდელ ლიდერებს და პატრიოტებს ერთი წამითაც რომ დაეშვათ ფიქრი დანებებასა და ხელის ჩამოშვებაზე, დღეს არათუ სახელმწიფოებრიობა, არამედ ეროვნებაც აღარ შეგვრჩებოდა.

 

თითოეულმა ქართველმა მამულიშვილმა ეს ძალიან კარგად იცის. ამიტომ, ვერაფერი მოადუნებს ჩვენს პასუხისმგებლობას ქართველი ერის დიდებული წარსულისა და საოცნებო მომავლის წინაშე.

 

ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად დღეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებული ვიქნებით ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში; რამდენად შევძლებთ რეფორმების გაგრძელებას; რამდენად მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაციას;

რამდენად გავაგრძელებთ ინტეგრაციას ჩვენს ევროპულ ოჯახსა და ნატოში; რამდენად გავიზრდებით, როგორც დემოკრატიული, ევროპული ერი.

ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად დღეს ეფუძნება იმასაც, თუ რამდენად შევინარჩუნებთ დამოუკიდებლობას კორუფციისაგან;

რამდენად შევძლებთ ეკონომიკის განვითარებას; რამდენად შევქმნით ჩვენი ხალხისთვის ახალ სამუშაო ადგილების ხოლო ქვეყნისთვის რეგიონალური ეკონომიკის ახალი ცენტრის ფუნქციას.

რაც მთავარია, იმაზე, თუ რამდენად დაცული იქნება ჩვენი საზოგადოება კრიმინალისა და ძალადობისგან. რამდენად სტაბილური იქნება გარემო;

რამდენად ერთიანი იქნება ჩვენი ხალხი; რამდენად მტკიცე იქნება სახელმწიფო აპარატი სამართალდამცავი და თავდაცვის თვალსაზრისით.

 

კრიტიკოსები, რომელთაც აღიზიანებს წელში გამართული, ამაყი ქართველი სამხედროს დანახვა, აცხადებენ, რომ ის, რაც დღეს ამ პროსპექტზე ხდება, არის ჩვენი იარაღის ჟღარუნის ახირება.

 

ყველამ კარგად დაუგდეთ ყური ქართული არმიის მარშის და სამხედრო ტექნიკის ხმას. ეს ხმა იარაღის ჟღარუნი კი არა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გულის ფეთქვის ხმაა.

 

რაც არ უნდა ეცადოს მტერი, რომ ამ გულის ფეთქვა შეაჩეროს, ის ამას ვერ მიაღწევს.

 

მათ, ვისაც უნდოდათ ჩვენი დამოუკიდებლობის წართმევა, ვერ გაიგეს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ შევქმენით ფუნქციონირებადი სახელმწიფო, რომელიც ემსახურება ხალხს და ახერხებს ეროვნული ინტერესების დაცვას.

 

ვერ გაიგეს, რომ ჩვენთვის ინსტიტუტების სიმტკიცე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი კეთილდღეობა, სახელი და კორუფციული სიმდიდრე....

 

ვერ გაიგეს, რომ ჩვენს ქვეყანაში, დრო როდესაც მცირერიცხოვანი კორუმპირებული და უსამართლო ელიტა დახურულ ოთახებში განსაზღვრავდა ქვეყნის მომავალს, უკვე ისტორიას ჩაბარდა;

მათ ვერ გაიგეს მთლიანად საქართველო; ვერ გაიგეს ქართული სულის უტეხობა; ვერ გაიგეს ის, რაზეც უკვე უკვდავი ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი ამბობდა:

 

"ამ მთათა გამო, ამ ტყეთა გამო,

ყველაფრის გამო, ირგვლივ რაც არი;

ვინც აქ იშვა და ვინც აქ იზარდა,

არ შეიძლება იყოს ლაჩარი".

 

 

ვერ გაიგეს, რომ ჩვენი ათასწლოვანი სიმტკიცის ეროვნული სული ახლა თანამედროვე, ღია, ევროპული საზოგადოების სხეულით იმოსება.

 

ჩვენი ინსტიტუტები მტკიცეა როგორც არასდროს; ეკონომიკა გაჯანსაღების გზას ადგას; ევროპული ინტეგრაცია პროგრესირებს....

 

ჯერაც რჩება დიდი წინააღმდეგობები, მაგრამ ჩვენი სვლა დამოუკიდებლობისა და გამარჯვებისკენ მიმავალ ერთადერთ სწორ გზაზე გაგრძელდება და მას ვერაფერი შეაჩერებს.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)