Google+

სიახლეები

21.05.2010
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის უმრავლესობას შეხვდა

საარჩევნო კამპანია საბოლოო სტადიაში შედის.

ჩვენ, როგორც ყველაზე კარგად ორგანიზებულ და წამყვან პოლიტიკურ ძალას საქართველოში, გვაქვს ორმაგი პასუხისმგებლობა.

ერთი ის არის, რომ რეფორმების და აღმშენებლობის თვალსაზრისით, მსოფლიო ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენს მიერ აღებული კურსი მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.

მეორე კი ის არის, რომ ეს არჩევნები სამაგალითოდ უნდა ჩატარდეს, რათა ვერავინ ვერაფერში ვერ დაგვდოს ბრალი და ვერ მოგვდოს შარი.

ჩვენი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამ არჩევნებს როგორც შიდაპოლიტიკური, ისე საგარეო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საგულდაგულოდ ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად და საარჩვენო კომისიის მხრიდან ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია.

ჩვენი მედიასაშუალებების ხელმისაწვდომობის მხრივ, არ ვიცი არც ერთი ქვეყანა, სადაც საარჩევნო კამპანიის დროს თითოეულ პარტიას სატელევიზიო არხებზე ამდენი საათი შეუძლია ილაპარაკოს. თითოეულ პარტიას ყველა არხზე შეუძლია რეკლამა განათავსოს, მიუხედავად იმისა, რომ კომერციულად ეს ამ არხებისთვის წამგებიანია.

ეს შეუმჩნეველი არ დარჩა საერთაშორისო საზოგადოებას.

პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოვუწოდებ.  

მე არ ვლაპარაკობ იმ ხალხზე, რომლებიც ღიად არიან დაკავშირებული საქართველოს მტერთან და ოკუპანტ ქვეყანასთან. მათთვის პასუხისმგებლობისკენ მოწოდება მგლის თავზე სახარების კითხვას ნიშნავს, რაც ჩვენი ფუნქცია არ არის. საზოგადოება მათ თვითონ გამოუტანს ვერდიქტს.

მე ვლაპარაკობ იმ პოლიტიკლურ ძალებზე, რომლებსაც აქვს პრეტენზია, რომ არიან საქართველოს შიდაპოლიტიკური საკითხების მონაწილენი და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და წესების დაცვით მოქმედებენ.

ჩვენც ვყოფილვართ ოპოზიციაში და გახსოვთ, რომ ჩვენი დაპირებები მინიმალური იყო.

მაშინ ხალხს დავპირდით, რომ ვისაც 5 ჰექტარზე ნაკლები მიწა ექნებოდა, გადასახადებისგან გათავისუფლდებოდა.

ასევე დავპირდით პენსიის გაორმაგებას, ძველი დავალიანებების გასტუმრებას და პირველკლასელებისთვის უფასო სახელმძღვანელობის დარიგებას.

ჩვენ ხალხს დავპირდით მინიმუმს და დავპირდით იმას, რაც ვიცოდით, რომ რეალურად იყო შესრულებადი. თუმცა დაპირებულზე ბევრად მეტი გაკეთდა.

ჩვენი ლოზუნგის თანახმად, გასაკეთებელი ძალიან ბევრი გვაქვს.

მაგრამ, როდესაც ხალხი პანიკაშია ჩავარდნილი და მხოლოდ რეიტინგის ამაღლების მიზნით საზოგადოებას ყველაფერს (მალე ალბათ მარსზე და მთვარეზე გაფრენას დაპირდებიან) პირდება, ეს უკვე არანაირ ჩარჩოში არ ჯდება.

ხალხს ჰპირდებიან უფასო ჯანდაცვას, უფასო წამლებს, უფასო კვებას, უფასო მგზავრობას, უფასო ცხოვრებას, მოკლედ, კომუნიზმს აყვანილს უმაღლეს რანგში.

ჩვენს ხალხს უჭირს, მაგრამ ნურავის ნუ ჰგონია, რომ გაჭირვებული ადამიანი შეიძლება გაასულელო - ჩვენს საზოგადოებას აქვს ძალიან სწორი ინსტიქტები.

მათი დაპირებები რომ თანხაში გამოვსახოთ, ყოველივე ეს კოსმოსურ მასშტაბებს გაუტოლდება - იაპონიის ათი ბიუჯეტი არ ეყოფა ამ დაპირებების შესრულებას.

ჩვენი მთავარი კაპიტალი არის ის, რომ არასდროს არ ვპირდებით იმას, რასაც არ შევასრულებთ.

ჯობს ნაკლები დავპირდეთ და ბევრი გაკეთდეს.

მთავარი პოლიტიკური კულტურა, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ დაამკვიდრა, არის ის, რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ სიმართლეს ან, როგორც მინიმუმ, არ ვამბობთ ტყუილს. პოლიტიკაში სიმართლის თქმის კულტურა თითქმის აღარ არსებობდა.

ტყუილი პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტად ვერავინ ვეღარასდროს ვერ უნდა აქციოს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია თუკი გვსურს, რომ ყველა ის ცვლილება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, შეუქცევადი იყოს; თუკი გვსურს, რომ საქართველო ამ უზარმაზარ ეკონომიკურ შტორმს გადაურჩეს, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს და, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ჩვენზე, რეგიონზე და მთელ ევროპაზე.

საქართველოს დამანგრეველი ძალის, ერთ-ერთი ქვეყნის ხელმძღვანელობის მცდელობის მიუხედავად, ამ არჩევნებს ორგანიზებულად და მშვიდად ჩავატარებთ.  

ჩვენ წინასწარ ვიცით, ზოგიერთები აუცილებლად იყვირებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს უკვე წესად იქცა, რადგან ტყუილი პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტი გახდა. ჩვენ ყველაფერი უნდა  ვიღონოთ, რომ ეს ასე არ მოხდეს. ამისათვის უკვე ყველა ღონეს მივმართეთ: ცესკო გამჭვირვალე გახდა, მედია ხელმისაწვდომია...

საარჩევნო დღის პროცესიც ყველასათვის გამჭვირვალე უნდა იყოს.

ამ ნეგატიური ტენდენციების მიუხედავად, კარგია, რომ პოლიტიკური სპექტრის  ერთი ნაწილის რიტორიკა გახდა საქმეზე კონცენტრირებული და პროფესიული. ეს საკუთარი თვალით ვნახე მეორე არხის ეთერში. სერიოზულ ხალხში რადიკალიზმი მოდაში აღარ არის.

ბოლო 15-16 წლის განმავლობაში პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღების დადებითი ტენდენციები პირველად შეინიშნება. ნაწილობრივ, ალბათ, ესეც ჩვენი მიღწევაა. საზოგადოება ბევრად უფრო მეტად დაიხვეწა და ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში დიდი ინფორმაცია მიიღო.  

თქვენ ყველამ სოფელ-სოფელ მოიარეთ საქართველო, აქ ახლა მეც სოფლიდან მოვედი და მინდა თქვენგან მოვისმინო რა ინფორმაცია ჩამოიტანეთ რაიონებიდან, რას გვავალებს ხალხი, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ხალხის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სწორი მიმართულებით ვიმუშაოთ, რას არ ვაკეთებთ სწორად და რა არის შესაცვლელი და გამოსასწორებელი. ეს წინასაარჩევნო კამპანიის კიდევ ერთი დიდი გაკვეთილია ჩვენთვის.

სოფლებში  იმისთვის კი არ დავდივართ, რომ ხალხს მოვუყვეთ რას ვპირდებით მათ, არამედ იმისთვის, რომ ზუსტად გავიგოთ რას გვავალებს ის, რა არ მოსწონს და რისი გამოსწორება სურს.

ჩვენ უნდა გავაათმაგოთ მუშაობა და ბევრად მეტი გავაკეთოთ.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)