სიახლეები
18.04.2010
მიხეილ სააკაშვილმა კრაკოვის ქუჩებში პოლონეთის მოქალაქეებს მიუსამძიმრა
ლეხ და მარია კაჩინსკების დაკრძალვის შემდეგ, ვაველის სასახლიდან გამოსულმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კრაკოვის ქუჩებში პოლონეთის მოქალაქეებს მიუსამძიმრა. მათ შორის იყვნენ პოლონეთში მცხოვრები ქართველებიც.
მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას პოლონელები ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ. პრეზიდენტმა ერთ-ერთ პოლონურ არხს მცირე ინტერვიუც მისცა, სადაც განაცხადა, რომ ლეხ კაჩინსკი მისი მეგობარი იყო და უზომოდ წუხს მომხდარი ტრაგედიის გამო.
"ლეხ კაჩინსკი გმირი იყო. ის გმირი იყო ქართველი ხალხისთვის. გმირი მაშინ ხდება ადამიანი, როცა ისეთი რაღაცის გაკეთება შეუძლია, რაც სხვებს არ ძალუძთ. არ აქვს მნიშვნელობა, რა ხდებოდა მსოფლიოში, მე დღეს აქ უნდა ვყოფილიყავი, ამისთვის შემოვლითი გზით ჩამოსვლა მომიხდა. ჩემი ხალხი ტირის მთელი კვირის განმავლობაში ამ ტრაგედიის გამო", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური