Google+

სიახლეები

29.03.2010
საქართველოს პრეზიდენტმა ხავიერ სოლანა და სთროუბ თელბოთი ოქროს საწმისის ორდენებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხავიერ სოლანა დე მადარიაგა ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. ევროკავშირის ერთიანი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის ყოფილ უმაღლეს წარმომადგენელს, საქართველოს პრეზიდენტმა მას ჭეშმარიტი მეგობარი უწოდა და მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ხავიერ სოლანა სხვადასხვა საერთაშორისო ტრიბუნიდან საქართველოს მიმართ დღემდე გამოხატავს. შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე სთროუბ თელბოთიც დაესწრო. ოქროს საწმისის ორდენი მიხეილ სააკაშვილმა მასაც გადასცა.

"2008 წლის აგვისტოს, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა თანადგომა, მე ვნახე ხ.სოლანა საქმეში. მან ძალიან რთულ სიტუაციაში ძალიან სწრაფად იმოქმედა და შეიძლება სწორედ ამის გამო ავირიდეთ მოვლენების გაცილებით მძიმე სცენარით განვითარება. კარგად მახსოვს, როგორ უჭერდა ბატონი სოლანა მხარს ჩვენს სამშვიდობო გეგმას, რომელიც ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე წარმოვადგინეთ. მოხარული ვარ გადავცე ოქროს საწმისის ორდენი ჩემს დიდ მეგობარს და, რაც მთავარია, საქართველოს დიდ მეგობარს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თავის მხრივ, მადლობა ხავიერ სოლანამაც გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ იგი კვლავაც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას.

"უპირველეს ყოვლისა, მოხარული ვარ საქართველოში სტუმრობით და ჩემთვის დიდი პატივია თქვენგან ამ ორდენის მიღება. ეს არის ჩვენი მეგობრობის კიდევ ერთი დადასტურება. თქვენ ბრძანეთ, რომ მე თქვენი და საქართველოს მეგობარი ვარ. ეს მართლაც ასეა და გარწმუნებთ, რომ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები. ასევე მოხარული ვარ, რომ მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, საქართველო მზად არის ხელი მოაწეროს ძალზე მნიშვნელოვან დოკუმენტს - ხელშეკრულებას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ. ეს იქნება ყველაზე ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულება, რომელსაც ევროკავშირი ვინმესთან აფორმებს", - აღნიშნა ხავიერ სოლანამ.

სიტყვა სთროუბ თელბოთმაც წარმოთქვა და ქვეყანაში მიმდინარე დადებით პროცესებზე ილაპარაკა.

"მე საქართველოს პირველად 80-იან წლებში ვეწვიე. მე ყველაზე თამამ ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი იმას, რასაც მე და ყველა ჩვენგანი ახლა ხედავს. მხოლოდ საკუთარ თავს არ ვგულისხმობ. მხედველობაში მაქვს, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს პრეზიდენტი რომელიც დგას დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ქვეშ. ამ დროშას კი ევროკავშირის დროშა უმშვენებს გვერდს. მოხარული ვარ, რომ უახლოეს მომავალში აშშ-ში ჩამობრძანდებით. ბატონო პრეზიდენტო, მსურს იცოდეთ, რომ ამერიკაში თქვენი ყოველი ვიზიტის დროს თქვენ გაიგებთ ძალზე მნიშვნელოვან სიტყვას - ეს არის მეგობრობა. მადლობას გიხდით სტუმართმოყვარეობისთვის და გილოცავთ იმ წარმატებებს, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ მიაღწია. თქვენ დიდი მხარდაჭერა გაქვთ, რომელიც ამ ოთახში გამოიხატა, მაგრამ გარწმუნებთ, ამ ოთახის გარეთ ეს მხარდაჭერა ბევრად უფრო დიდია", - განაცხადა სთროუბ თელბოთმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)