Google+

სიახლეები

24.03.2010
საქართველოს პრეზიდენტმა სამცხე-ჯავახეთის სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სამცხე-ჯავახეთის სკოლების მოსწავლეებს პირადად უმასპინძლა. სასახლის გაცნობა მიხეილ სააკაშვილმა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: "ეს არის ის, რაც თქვენ და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გეკუთვნით".

მან მოსწავლეებს ჯერ სასახლის ეზო დაათვალიერებინა, შემდეგ კი, სასახლის შიდა ფასადი. ბავშვებმა სასახლის მუზეუმიც ნახეს, რომელშიც ის ნივთებია საქართველოს პრეზიდენტისთვის ნაჩუქარი სუვენირებია გამოფენილი. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ყველა ეს საჩუქარი სახელმწიფოს საკუთრებაა.

"აქ არის არის მეათასე ბავშვი, რომელიც ამ სასახლეში ექსკურსიაზე მოვიდა. ზუსტად არ ვიცი თქვენგან მეათასე რომელია, ამიტომ, ჩავთვალოთ, რომ თითოეული თქვენგანი მეათასეა. დიდი მადლობა, რომ ამხელა გზაზე ჩამოხვედით. იცოდეთ, რომ ეს თქვენი ქალაქია და აქ ხშირად უნდა ჩამოხვიდეთ", - უთხრა ბავშვებს საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ბავშვებს შიდა ეზო დაათვალიერებინა და იმ მონუმენტის მნიშვნელობაზე ელეპარაკა, რომელიც სასახლის შადრევანს ამშვენებს.

"ეს არის შუშის ძეგლი, რომლის გაკეთების იდეა იყო ჩემი, მაგრამ მისი ხორცშესხმა ესპანელ არქიტექტორს მივანდეთ. ეს შადრევანი საქართველოს მრავალეთნიკურობის და მრავალკულტურულობის სიმბოლოა. იგი ბევრი შუშის გულისგან არის აწყობილი და ღამის განათებაზე სხვადასხვა ფერს იღებს. საქართველო სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა კულტურული და ტრადიციული ნიშნით განსხვავდებიან. საბოლოოდ, ყველა ერთად ბევრი გულის გაერთიანებას ვქმნით, რომელიც ერთ დიდ სვეტშია ასახული - ეს არის ჩვენი ქვეყანა.

პრეზიდენტმა ბავშვებს საქართველოს ისტორიაც შეახსენა და აღნიშნა, რომ ეს ისტორია ყველა ეთნიკური წარმომადგენლობის ქართველმა შექმნა.

"მე-20 საუკუნის დასაწყისში, ის, რომ ჯავახეთი ჩვენს ქვეყანას ვერ წაართვეს, ამაში დიდი წვლილი შეიტანა თავად ჯავახეთის მოსახლეობამ. წარმოშობით ეთნიკური სომხები და ეთნიკური ქართველები იარაღით ხელში ერთად იბრძოდნენ უცხოელი დამპყრობლის წინააღმდეგ და გმირობის სასწაული მაგალითები აჩვენეს ყველას. სწორედ მათ შეინარჩუნეს საქართველოს შემადგენლობაში ჯავახეთი, მათ შორის, თქვენი ახალქალაქი და ნინოწმინდა", - განუცხადა მათ პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდსაც შეეხო და ახალციხელი პოლიციელის გმირობის ამბავი გაიხსენა.

"მინდა ახალციხელი კაპიტნის გევორქ საგოიანის მაგალითი მოგიყვანოთ, რომელიც ტანკების კოლონას გადაუდგა და წინ არ ატარებდა. იგი ახლა პოლოვნიკია. ეს სწორედ იმის გამოძახილია, რასაც ჩვენ ყველა ერთად ვაკეთებთ. ჩვენ ერთად ვიბრძოდით ჩვენი ქვეყნისთვის, რათა საქართველო ყოფილიყო თავისუფალი და დამოუკიდებელი", - განუცხადა მათ ქვეყნის პირველმა პირმა.

კიდევ ერთი ადგილი, რომელიც პრეზიდენტმა ბავშვებს დაათვალიერებინა სასახლის მუზეუმი იყო, სადაც მსოფლიო ლიდერების მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის გამოგზავნილი საჩუქრები ინახება. ამ ნივთებს შორის არის ხმლები, ოქროს გვირგვინი, საათები და ღირსების ორდენები, ასევე ქართული და ამერიკული დროშებით გაფორმებული ის სპორტული ფეხსაცმელიც, რომელიც ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აჩუქა. სხვადასხვა სახელმწიფო მოღვაწეებისა და ლიდერების მიერ ნაჩუქარი სუვენირების ისტორია პრეზიდენტმა სამცხე-ჯავახელ მოზარდებს დეტალურად მოუყვა.

"ის, რასაც საქართველოს პრეზიდენტს ჩუქნიან, მით უმეტეს, თუ საჩუქარი ძვირფასია, საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის. საქართველოს პრეზიდენტს კი, ძალიან ხშირად, ძვირფას საჩუქრებს ჩუქნიან", - აღნიშნა მან.

მოსწავლეებთან პრეზიდენტმა განათლების რეფორმაზეც ისაუბრა. ამ რეფორმის თანახმად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების წესი უნდა გამარტივდეს.

"საქართველოში ყველა ადამიანს არა მარტო კონსტიტუციური, არამედ რეალური პირობები უნდა შეექმნას იმისათვის, რომ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოს. უპირველესად, რაც ჩვენ ამისათვის გავაკეთეთ ისაა, რომ ეთნიკური სკოლების წარმომადგენლებს გამარტივებული წესით შეეძლებათ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება. ენის ბარიერის გამო პრობლემა არავის არ უნდა შეექმნას და ამის გამო უცხოეთში არავინ არ უნდა წავიდეს. თითოეულმა ადამიანმა კარიერა სახელმწიფო ხელისუფლების ყველა დონეზე, ბიზნესში, ხელოვნების დარგებში, სპორტსა და სახელმწიფოს მართვაში უნდა გაიკეთოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ექსკურსია რამდენიმე საათს გაგრძელდა. პრეზიდენტის სასახლეში სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)