სიახლეები
21.03.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მარნეულის რაიონის მოსახლეობას ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მარნეულის რაიონს ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობას ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
აზერბაიჯანელი ეროვნების მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილმა ახალი წელი და გაზაფხულის დღესასწაული აზერბაიჯანულ ენაზე მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენმა აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის მეგობრობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.
„აზერბაიჯანელი ერი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და შრომისმოყვარეა. საქართველოსთვის გაჭირვების ჟამს, როდესაც გაზის მიწოდება შეგვიწყდა, ჩვენმა და ჩემმა პირადმა მეგობარმა ილჰამ ალიევმა ნახევარ აზერბაიჯანს გაზის მიწოდება შეუზღუდა და გაზი ჩვენც გაგვინაწილა" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანელი ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ დაპირდა, რომ ქართული ენის შესწავლის შემთხვევაში, ხელს შეუწყობს მათ მაღალ თანამდებობებზე დანიშვნას.
მარნეულში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რაიონის ცენტრში ძიუდოს დარბაზი გახსნა, შემდეგ კი 'სახალხო ბანკის' მარნეულის ფილიალი მოინახულა, პენსიონერებს პენსიის 5 ლარით მომატება მიულოცა და აღნიშნა, რომ პენსიების ზრდა მომავალშიც გაგრძელდება. მიხეილ სააკაშვილი მარნეულის უფასო სასადილოსაც ესტუმრა, სადაც მოსახლეობას გაესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური