05.04.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთს ესტუმრა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთს ეწვია, სადაც ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრა "თელიანი ველის" ქარხანაში შედგა, სადაც ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით გასვლითი სხდომა გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა მეღვინეებს სიტყვით მიმართა და მათ სრული მხარდაჭერა აღუთქვა. კერძოდ პრეზიდენტმა განაცხადა: "მალე მთელ მსოფლიოს დავუმტკიცებთ, რომ ქართული ღვინო ერთ-ერთი საუკეთესოა".
"ხარისხის სერთიფიკატების (რომლებიც ჩვენ უკვე გვაქვს) დასადასტურებლად, ჩვენი ღვინოები შესამოწმებლად მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში ხელახლა გავაგზავნეთ. ასევე, თბილისში მეღვინეების დიდ ფორუმს გავმართავთ, რომელზეც მთელი მსოფლიოდან იქნებიან წარმომადგენლები. მათ კახეთშიც ჩამოვიყვანთ, რათა ნახონ და დაწერონ, თუ რა არის ქართული ღვინო რელურად. საქართველოს მთავრობა თქვენს ასოციაციასთან ერთად დამატებით გამოყოფს ფულს, რათა ახალ ბაზრებზე ქართული ღვინის რეკლამირება გავწიოთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშილმა.
პრეზიდენტმა იმ ფაქტზეც გაამახვილა ყურადღება, რომ ღვინის საერთაშორისო ბაზარზე ჩილემ, ავსტრალიამ და სამხრეთ აფრიკამ დაიმკვიდრა ადგილი, თუმცაღა მათ საამისოდ ყველაფერი ნულიდან დაიწყეს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს ამის გაკეთება არ დასჭირდება, რადგან ჩვენი ღვინო მსოფლიოში უკვე საკმაოდ სახელგანთქმულია.
საქართველოს პრეზიდენტმა ფალსიფიკაციის საკითხზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიხუროს, ამ სფეროში არსებული პრობლემები კი, საქართველოს მთავრობამ მთელი რესურსის მობილიზებით უნდა გადალახოს.
"ჩვენ დავიმკვიდრებთ ადგილს ახალ ბაზრებზე და დავიბრუნებთ ძველს. ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ ისე, როგორც არასოდეს ყოფილა ქართული ღვინის წარმოებაში, უნდა დავიბრუნოთ ძველი რეპუტაცია, დარგი გავაძლიეროთ, გავაფართოვოთ და მსოფლიო ბაზრის სტანდარტებს შევუსაბამოთ. ყოველგვარი დაბრკოლება და პრობლემა მხოლოდ გაგვაძლიერებს. თუ დღე და ღამე მუხლჩაუხრელად ვიმუშავებთ და გონივრულად მოვიქცევით, ბევრად უფრო კარგ შედეგს მივაღწევთ და მეტ სარგებელსაც ვნახავთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მსოფლიო სტანდარტებს მივაღწიოთ. ამით კი ყველას დავუმტკიცებთ, რომ ჩვენი განადგურება არც ისე იოლია", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური