სიახლეები
09.08.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვლი კახეთს ეწვია
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთის რეგიონს ეწვია და გლეხებს საშემოდგომო სამუშაოების დაწყება მიულოცა.
'თქვენ იცით, რომ ეს რთველი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ზოგიერთმა ძალებმა რუსეთში გადაწყვიტეს, რომ ეს არის ბოლო შემოდგომა, როცა მათ შეუძლიათ საქართველოს გამთლიანების, გაძლიერებისა და განვითარების პროცესის სამუდამოდ შეჩერება. ისინი იმ ხალხის მემკვიდრეები არიან, ვინც 1921 წელს ადგილობრივი კოლაბორაციონისტების დახმარებით მოახერხა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის წერტილის დასმა. ახლაც იმავე გეგმებით მოქმედებენ. მათ ორი გეგმა აქვთ, პირველი - სრული ეკონომიკური ემბარგო და ბლოკადა, მაგრამ მათ არაფერი გამოუვიდათ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წელს ორჯერ აღემატება რუსეთის წლევანდელი ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდას, მათი ნავთობის შემოსავლების მიუხედავად. მეორე მეთოდი არის საერთაშორისო პროპაგანდისტული ბლოკადა. ჩვენს მტრებს არც ეს გამოსდით. ამას მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ქვეყნების რეიტინგიც მოწმობს. თუმცა ამას რომ თავი დავანებოთ, აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს შეტაკება მოხდა ბანდიტებთან ცხინვალის რეგიონში და დაიღუპა ერთ-ერთი სპეცრაზმელი, აფხაზეთიდან დევნილი, მე მის შვილებს ვპირდები, რომ ბინა ექნებათ თბილისშიც და აფხაზეთშიც, როცა ამ ტერიტორიას დავიბრუნებთ. ვისაც საქართველოს დანაწევრება სურს, მიზანს ვერასოდეს მიაღწევს. ჩვენ მივდივართ ასეთ მსხვერპლზე, რომ საქართველოში ვერ გაიხარონ ბანდიტებმა და კონტრაბანდისტებმა. მე ვიცი, როგორ მუშაობს ჩვენი მტრების პროპაგანდა, ისინი მთელი წელი ლაპარაკობენ, რომ საქართველოში იქნება ომი, რაც არ მოხდება,' - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური