სიახლეები
31.10.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისრაელში გაემგზავრა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით ისრაელში გაემგზავრა. დღესვე იგი ხაიფას უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციას "ტრანზიტი - გლობალური ენერგეტიკული და პოლიტიკური მიმართულებები" დაესწრება და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. მიხეილ სააკაშვილი ხაიფას უნივერსიტეტის პრეზიდენტს პროფესორ აარონ ბენ-ზეევს შეხვდება.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრები ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან მოშე კაცავთან, ქნესეთის სპიკერთან დალია იციკთან და პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტთან.
ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტი შოთა რუსთაველის მემორიალის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და ასევე გვირგვინით შეამკობს ისხაკ რაბინის მემორიალს.
1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი ქართულ დიასპორას შეხვდება.
საქართველოს პრეზიდენტი სამშობლოში 2 ნოემბერს დაბრუნდება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური