14.11.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა. საქართველოს პრეზიდენტმა ძირითადი აქცენტები ქვეყნის აღმშენებლობაზე, რუსულ ქართულ ურთიერთობებეზე, და ტერიტორიულ მთლიანობაზე გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის დიდი სტიმულის მომცემია ის პროცესი, რომელიც საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას შეეხება.
„ქართველები გულმხურვალე ევროპელები ვართ, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ საქართველოს სახით თქვენ ძლიერი და საიმედო პარტნიორი გყავთ"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ევროპის პარლამენტში მიხეილ სააკაშვილი ერთი საათის განმავლობაში საქართველოს უახლეს ისტორიაზე საუბრობდა. მან ევროპარლამენტის დეპუტატებს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას გააცნო, რომლის მიხედვითაც ოფიციალური თბილისი ცხინვალსა და სოხუმს უპრეცედენტო ფართო ავტონომიას სთავაზობს.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, აფხაზები და ოსები საქართველოს ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორიც ქართველები. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ე. წ. 'გაყინული კონფლიქტების' მოგვარება მშვიდობიანი გზებით მოხერხდება.
სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილი გართულებულ რუსულ-ქართულ ურთიერთობასაც შეეხო, თუმცა პრეზიდენტმა განმარტა, რომ არ სურს მისი გამოსვლით ორ ქვეყანას შორის არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბოს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის რუსეთთან კოსტრუქციული დიალოგი აწარმოოს, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთპატივისცემას დაეფუძნება.
„საქართველო ისჯება იმისათვის, რომ ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ მიისწრაფის, თუმცა ეს ჩვენი ხალხის არჩევანია და არა თვითმიზანი. რუსეთი ამ მიმართულების შეცვლას ცდილობს. მე არ მინდა ეს შესაძლებლობა იმისთვის გამოვიყენო, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები უფრო დაიძაბოს. დაძაბულობა არ გვაწყობს, რადგან ეხლა დიპლომატიის დროა. მოვუწოდებ მოსკოვს განვაახლოთ მოლაპარაკებეები და დროზე გამოვასწოროთ ის შეცდომები, რომლის გამოსწორებაც მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. ასევე მოლაპარაკებისაკენ მივუწოდებ სეპარატისტული მთავრობის ლიდერებს. სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზებით ვგეგმავთ. დემოკრატიული გზებით კონფლიქტების მოგვარებისთვის თქვენი დახმარება გვჭირდება."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური