Google+

სიახლეები

19.12.2006
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ გამართულ სადილზე საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვა წარმოთქვა

თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრეზიდენტო!

ქალბატონებო და ბატონებო!

მსურს გულწრფელი მადლობა მოგახსენოთ შესანიშნავი მასპინძლობისა და იმ გულითადი სიტყვებისათვის, რომელიც ამ დარბაზში პირადად ჩემი და საქართველოს დელეგაციის მისამართით მოვისმინეთ.

მე და ჩემი დელეგაციის წევრები თურქეთის ხშირი სტუმრები ვართ. ჩემთვის დიდი პატივია სიტყვით მივმართო დამსწრე საზოგადოებას, თუმცა ჩემი გრძნობები სცილდება ოფიციალური ვიზიტის პროტოკოლით დადგენილ ფარგლებს უპირველეს ყოვლისა, თავს ვგრძნობ მეგობრებს შორის, რაც უზომო კმაყოფილებით მავსებს.

თურქეთი სიდიდით საქართველოს მეორე მეზობელია. ჩვენ გვაერთიანებს ერთი ზღვა, ერთი საზღვარი. საქართველო მადლიერია იმ თანადგომისა და დახმარებისათვის, რომელსაც თურქეთი დღიდან დამოუკიდებლობის აღდგენისა მის მიმართ იჩენს.

ქართულ-თურქული ურთიერთობები იმის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს, თუ როგორ შეიძლება ორმა მეზობელმა ქვეყანამ გამოიყენოს ახალი შესაძლებლობები და განავითაროს თანამშრომლობა თვისობრივად განსხვავებულ, ახალ დონეზე. მჯერა, რომ ამ ვიზიტის შედეგად, ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის უფრო ეფექტური და სასარგებლო გახდება.

დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული ურთიერთპატივისცემა და მეგობრობა საშუალებას მოგვცემს ჩვენი ოცნება რეალობად ვაქციოთ - მშვიდობიან, სტაბილურ და აყვავებულ რეგიონში ვიცხოვროთ.

საქართველოსა და თურქეთის ძალისხმევამ ენერგეტიკა ჩვენი ხალხების კეთილდღეობის, მეგობრობისა და აყვავების წყაროდ აქცია. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი ჩვენი რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტად წარმოგვიდგენია. საქართველო მზადაა სამომავლოდაც გააგრძელოს ძალისხმევა ამ კუთხით გვსურს თურქეთთან ერთად ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირ-კასპიის ენერგეტიკულ დიალოგში, რაც დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

ამ მიმართულებით, ისევე რეოგორც სხვა სფეროებში, ჩვენი მომავალი ერთმანეთზე გადაჯაჭვულია. კმაყოფილების გრძნობით მსურს ავღნიშნო, რომ დიდ ენერგეტიკულ პროექტებს კიდევ ერთი, არანაკლები მნიშვნელობის სატრანსპორტო პროექტი შეემატა. საქართველო მზადაა ყველანაირად შეუწყოს ხელი ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას. იმედს ვიტოვებ, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება ჩვენი ქვეყნების საზღვრისპირა რეგიონების ეკონომიკური აყვავების საწინდარი გახდება.

პოსტრევოლუციური სირთულეების გადალახვის მიზნით გატარებულმა რეფორმებმა დადებითი ნაყოფი გამოიღო - ჩვენ შევძელით ჩვენი ეკონომიკის ლიბერალიზაცია და შიდა უსაფრთხოების სტაბილიზაცია.

ჩვენ არ გვსურს და არც დრო გვაქვს იმის, რომ გვქონდეს მეზობლებთან რაიმე უთანხმოება. ღრმად გვწამს, რომ არსებობს პრობლემის მოგვარების დემოკრატიული გზა, რაც საშულებას მოგვცემს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა შევინარჩუნოთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეზობელი თურქეთიც იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სეპარატიზმი არის დღევანდელი საერთაშორისო რეალობის არაჯანსაღი გამოვლინება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს და თურქეთს საერთო ხედვა აერთიანებს, რაც გამოიხატება ტერიტორიული მთლიანობის ცალმხრივად ხელყოფის უპერსპექტივობაში.

ხაზგასასმელია, რომ საქართველოს, ისევე როგორც თურქეთს სურთ თავისი მომავალი ევროკავშირს დაუკავშირონ. ჩვენ მხოლოდ ახლა შეუდექით ამ გზას. გვჯერა, რომ გაგვაჩნია ერთობლივი მიზანი - ვაჩვენოთ ევროპას, რომ ჩვენ მისი ნაწილი ვართ. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება ხელიდან გავუშვათ დღევანდელი ისტორიული შანსი.

თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით კვლავ გამოვხატო ჩემი მადლიერება პირადად ჩემი და საქართველოს დელეგაციის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და გულითადი მასპინძლობისათვის. მსურს შემოგთავაზოთ თქვენი აღმატებულების, ქალბატონი სემრას, დამსწრე საზოგადოების, თურქი და ქართველი ხალხის ძმობისა და ბრწყინვალე მომავლის სადღეგრძელო.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)