Google+

სიახლეები

24.05.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი - ”გლობალიზაცია და ცივილიზაციათა შორის დიალოგი” გახსნა

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და იუნესკოს გენერალური დირექტორის კოიჩირო მაცურას პარტონაჟითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მხარდაჭერით გაიხსნა მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი - "გლობალიზაცია და ცივილიზაციათა შორის დიალოგი". ფორუმზე საქართველოს მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები და მოწვეული სტუმრები ცივილიზაციათა შორის თანამშრომლობისა და დიალოგის საკითხებზე, ასევე ფასეულობების გამტკიცების საქმეში განათლების და მეცნიერების როლის შესახებ ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ.

სიმპოზიუმის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნოსს შორის ტოლერანტობის, მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის, ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე. ამას გარდა, პრეზიდენტმა ეკონომიკური წარმატებების შესახებ ისაუბრა.

"საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა ტოლერანტობით. ყველა ეროვნების წარმომადგენელი აქ თავს სრულფასოვან მოქალაქედ მიიჩნევდა", -აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

სიმპოზიუმზე სხვადასხვა აღმსარებლობისა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის დიალოგის გაღრმავებაზე ისაუბრეს. პრეზიდენტმა გამოსვლა დაიწყო იმით, თუ რამდენად დიდია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული წვლილი ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში.

"ჩვენი სახელმწიფოებრიობის უწყვეტი ისტორია ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას უკავშირდება. ამ საქმეში მისი როლი ძალზე მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი ისტორიული მრწამსის ყველაზე უფრო კონცენტრირებული გამოხატულებაა. განსაკუთრებით მივესალმები ჩვენი ეკლესიის როლს საქართველოში სხვადსხვა კონფესიასთან დიალოგში. ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში დიდი ევროპელი მოღვაწე იოანე პავლე მეორე. მისი უწმინდესობა მუდმივ დიალოგს აწარმოებს მუსულმანებთან, ებრაელებთან და სხვა კონფესიებთან, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა: "წელს და მომავალ წელს პატრიარქის აღსაყდრების იუბილეს ვზეიმობთ და ეს განსაკუთრებული ღონისძიებებით უნდა აღინიშნოს".

ქვეყნის პირველმა პირმა ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც მას და მის თანაგუნდელ ზურაბ ჟვანიას არაქართული წარმომავლობა დასწამეს.

"მათთვის, ვისაც საქართველოში სომხები ეზიზღება, ვიქნები სომეხი; ვისაც აზერბაიჯანლები სძულს, ვიქნები აზერბაიჯანელი; ამას წინათ აღმოვაჩინე, რომ ოსი ვყოფილვარ და დიდი სიამოვნებით ვიქნები ოსი; ვიქნები ებრაელი და ეს უდიდესი პატივია ჩემთვის. და მაინც ყოველთვის ასპროცენტიან ქართველად დავრჩები!" - აღნიშნა მან.

გამოსვლისას მიხეილ საააკაშვილი კონფლიქტების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ მათი მშვიდობიანი მოგვარების საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობამ თავისი სიტყვა უნდა თქვას.

"ორი თვის წინათ გაგრის ყველა სკოლიდან გამოიტანეს ყველა ქართული წიგნი და ქალაქის ცენტრში საჯაროდ დაწვეს. სად იყო ამ დროს საერთაშორისო თანამეგობრობა, რატომ არავინ არ ამოიღო ხმა? თუ ჩვენ 21-ე საუკუნეში დავუშვებთ, რომ არსებობდეს იდეოლოგია - საკუთარ სახლში დაბრუნების უფლება ვინმეს მხოლოდ ეთნიკური წარმომავლობის გამო არ მისცენ, ეს იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, არამედ კაცობრიობას აქვს სერიოზული პრობლემები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სიმპოზიუმი ორ დღეს გაგრძელდება და მისი მიზანია მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესის ფონზე, შემწყნარებლობის, კულტურული თვითმყოფადობისა და მრავალფეროვნების დაცვის პრიციპებზე დაყრდნობით, კულტურათა და ცივილიზაციათა ურთიერთობის გაღრმავებაში წვლილის შეტანა; ასევე საქართველოში განსხვავებული რელიგიის, კულტურისა და ენის მშვიდობიანი თანაარსებობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების გაზიარება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)