სიახლეები
26.06.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქეთში ქართულ დიასპორას შეხვდა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. სასტუმრო „კონრადში" გამართული შეხვედრა ემოციური იყო. დიასპორის წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად საგანგებო კონცერტი გამართეს და მიხეილ სააკაშვილს საჩუქრები გადასცეს.
საქართველოს პრეზიდენტს თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა ხშირად სტუმრობის თხოვნით მიმართეს. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებს საქართველოს შვილები უწოდა, რომლებმაც ისტორიული სამშობლო არასოდეს დაივიწყეს. პრეზიდენტმა თურქეთში მოღვაწე ქათველ ბიზნესმენებზეც ისაუბრა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში დიდ ინივესტიციებს დებენ.
"თქვენ ის ხალხი ხართ, რომლებიც ჩვენს მეგობარ თურქეთს პრობლემებს არასოდეს არ შეუქმნის. თქვენ ხართ მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოს - თურქეთის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ელიტის ძალზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. თურქეთში ჩამოსვლის პირველი დღე გავატარე სტუმრად ნურეთინ ჩარმიკლისთან, რომელიც იცით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თურქი ბიზნესმენია, თუმცა იგი წარმოშობით არის ქართველი. დღეს ვიყავი კონფერენციაზე, რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ ენერგეტიკის სფეროს ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და ეს კონფერენცია მიხა გოგიტიძის ორგანიზებული იყო. ის მართლაც თურქეთის ბიზნეს და სამრეწველო წრეების ლიდერია. ჩვენ ვიმყოფებით თურქეთისა და მთელი რეგიონის მთავარი ქალაქის - სტამბულის ერთ-ერთ მთავარ სასტუმროში, რომელიც ასევე ქართველს ეკუთვნის. ამ წუთში გამეცნო რუსეთის „რაოეესის" წარმომადგენელი თურქეთში, რომელიც ასევე ქართველია. მოკლედ, ყველგან არიან ქართველები, თანაც ძალიან მაგრად", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური