სიახლეები
04.07.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბორჯომში ახლადაშენებული რკინიგზის სადგური გახსნა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბორჯომში ახლადაშენებული რკინიგზის სადგური გახსნა და ბორჯომი-ბაკურიანის მიმართულებით ოთხ ვაგონიანი მატარებლითაც იმგზავრა. დღესვე ბორჯომი-თბილისის მატარებლის პრეზენტაციაც შედგა. „ახალი მატარებლის სადგურის გაკეთება დავავალე რაიონის გამგებელს. აშენდა ისეთი სადგური, როგორიც უნდა იყოს ნორმალურ ქვეყანაში. ისეთი, როგორიც ეკადრება საქართველოს და თანამედროვე ქვეყანას, რისიც არავის არ შერცხვება. ის რაც აშენდება, უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს. ერთ წელიწადში გაკეთდა მსოფლიო სტანდარტის პატარა და სასიამოვნო სადგური. მიდგომა უნდა იყოს მარტივი. არსებულის გადაკეთება არაფერს მოგვცემს. ჩვენ უნდა დავშალოთ და ავაშენოთ აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტების ახალი კონსტრუქციები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დღესვე მიხეილ სააკაშვილმა ბორჯომის პარკში ზღაპრის ქალაქი გახსნა. აქვე განახლდა საცურაო აუზი და ჩოგბურთის კორტები, სადაც პრეზიდენტმაც ითამაშა. მოგვიანებით, იგი ბორჯომის მე-2 საშუალო სკოლაში მივიდა და ახლადგახსნილი საფეხბურთო მოედანი დაათვალიერა.
„განკარგულება გავეცი იმის თაობაზე, რომ ფეხბურთის მოედნებთან ერთად, უნდა ვაშენოთ კალათბურთის მოედნები და ჩოგბურთის კორტები. რუსეთის სახელით ყველაზე ცნობილი ჩოგბურთელები - ქარველები ასპარეზობენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ქარვეელებს ეს სისხლში გვაქვს. თუკი რუსეთში ქართულ ღვინოსა და ბორჯომს არ უშვებენ, აღარც ჩვენს ჩოგბურთელებს აღარ მივცემთ. აქ გავზრდით, მოვამზადებთ და მომავალში საქართველოს სახელით ვაასპარეზებთ. ჩვენი ნიჭი არ უნდა დაიკარგოს"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზენტაციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი დასაქმების პროგრამის მონაწილეებს შეხვდა. სტუდენტები, რომლებიც ამ პროგრამით მუშაობდნენ, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ორასლარიანის ნაცვლად, სამასლარიან ანაზღაურებას მიიღებენ. „ეს არის საპრეზიდენტო პროგრამა, თუკი ბავშვები უკეთ იმუშავებენ, მათ კიდევ ას ლარს დავუმატებთ, რათა კიდევ უფრო მეტი გააკეთონ. მადლობა იმისათვის რასაც აკეთებთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური