Google+

სიახლეები

29.07.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიღნაღში ქალაქის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო

ჩემო ძვირფასო სიღნაღელებო! კახეთის სხვადასხვა რაიონების წარმომადგენლებო, ძვირფასო თანამოქალაქენო!

მინდა მოგესალმოთ და სიღნაღის აღდგენის პირველი ეტაპის დასრულება ერთად აღვნიშნოთ, ეს ჩემთვის ძალიან ბედნიერი მომენტია.

იცით, რომ არსებობს პროგრამა „პრეზიდენტის საჩუქარი", ამ პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ბავშვები გასართობ ობიექტებზე დაგვყავს.

ის, რაც ხდება სიღნანღში, არის ერთობლივი საჩუქარი საქართველოს მომავლისათვის.

ეს თითოეული იმათგანის საჩუქარია, ვინც აქ მუშაობდა.

2 ათას 200 სეპციალისტი რამდენიმე თვის განმავლობაში ერთდროულად მუშაობდა და საქმიანობას კვლავაც გააგრძელებს.

ასეთი დიდი მშენებლობა საქართველოში მრავალი ათწლეულის განმავლობაში არ გაჩაღებულა.

ის ათასობით ადამიანი, ვინც აქ შრომობდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გააგრძელებს მუშაობას.

ჩვენ აღსადგენი ბევრი გვაქვს, რადგან წინა წლებში საქართველო დაინგრა .

ყველანი სიბნელიდან მოვდივართ. ჩვენი ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ომმა დაანგრია და გააჩანაგა ყველაფერი, ხოლო ზოგან თავისთავად დაიშალა და დაინგრა.

ამიტომ, სიღნაღი - საქართველოს აღმშენებლობის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოა.

2004 წელს ბერლინში ჩავედი, სადაც ცნობილმა ქირურგმა ალექსი მესხიშვილმა ინგლისელი მკვლევარის წიგნი მაჩუქა.

წიგნი ილუსტრირებული იყო იმდროინდელი სიღნაღის ფოტოებით. სიღნაღის აღდენის იდეა სწორედ მაშინ გამიჩნდა.

სწორედ ამ სურათებმა შთამაგონეს, რომ ამ ულამაზესი ქალაქისათვის სხვა თვალით შემეხედა.

პროცესის ხელმძღვანელობა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა იკისრა.

მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვინც პროკურატურას და მის ხელმძღვანელს ლანძღავს: მარტო იმისათვის, რასაც ადეიშვილი კახეთისათვის აკეთებს, არ ვიცი ოდესმე ძეგლს დაუდგამენ თუ არა, მაგრამ მადლობა ნამდვილად ეკუთვნის; ისევე როგორც ყველა იმ მშენებელს, ინჟინერს, და არქიტექტორს, რომლებიც აქ მუშაობდა.

აქ იმუშავეს საუკეთესო ქართველმა არქიტექტორებმა და მახარებს ის ფაქტი, რომ ასეთი ძალები გვყავს.

ჩვენ იმის ერთი მეხუთედი გავაკეთ, რაც უნდა გაკეთდეს.

აქ აშენდება ულამაზესი ქრისტიანული მუზეუმი.

ეს არის ადგილი, სადაც საქართველოს უმთავრესი წმინდანი - ნინო განისვენებს.

ეს საქართველოსთვის ყველაზე წმინდა ადგილია, თუმცა აქამდე მიტოვებული იყო.

როდესაც ქვეყანა ფეხზე დგება, უპირველეს ყოვლისა თავისი წმინდა ადგილების აღორძინებაზე იწყებს ფიქრს.

აქაურობა გახდება კულტურის ცენტრი და ანდამატივით მიიზიდავს ტურისტებს, თუმცა მშენებლობის დროსაც უამრავი უცხოელი ტურისტი დადიოდა და სურათებს იღებდა.

ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება და აქ ათასჯერ მეტი ხალხი ჩამოვა.ჩვენი ქვეყნით ერთად უნდა ვიამაყოთ.

მთელი ევროპა და მსოფლიოს სხვა ქვეყნები მაქვს შემოვლილი. ასეთი ადგილები პრაქტიკულად არსად არ არის.

ამას წინათ, ერთმა ევროპელმა მეგობარმა მითხრა: თქვენ ყოველდღე უყურებთ ამ საოცრებებს და თქვენთვის ეს ჩვეულებრივია, ხოლო როდესაც ჩვენ ჩამოვდივართ და ამას ვუყურებთ, გაოგნებული ვართო.

ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამას დანარჩენი ცივილიზებული მსოფლიოსთვის.

ჩვენ ისეთი განებივრებულები ვართ ჩვენი ქვეყნის ხელშეუხებელი სილამაზით, რომ ამას ვეღარც აღვიქვავთ.

მინდა სიამაყის გრძნობა, რომლის დამსახურებულად გვეუფლება, გაძლიერდეს და განმტკიცდეს.

მინდა, რომ აქ ხალხი უფრო მდიდარი იყოს.

თქვენ ხედავთ, როგორ მოიმატა აქ ყველაფრის ფასმა, მათ შორის თქვენი მიწის ნაკვეთების ფასმაც, ეს ნორმალური პროცესია და მივესალმებით კიდეც.

გაჩნდა შესაძლებლობა იმისა, რომ კერძო ბიზნესმა საქართველოში სასტუმროების მშენებლობა დაიწყოს.

ჩემი სურვილია, რომ ქართველმა წყვილებმა აქ დაიწერონ ჯვარი, ამ წმინდა ადგილას და თაფლობის თვეები აქ გაატარონ.

მინდა, რომ უბრალოდ დასასვენებლად, საქმიანი შეხვედრებისათვის, გასართობად ჩამოვიდნენ და კახეთის შუაგულში მდებარე ეს სილამაზე დაინახონ.

აღორძინების პროცესი გრძელდება.

უკვე წელს, საქართველოს თითქმის ყველა ძირითად კურორტზე მისასვლელი გზების მშენებლობა დამთავრდა.

ყველაზე მიუწყდომელ კურორტებზე გზები მთლიანად გაკეთდა.

ჩვენ ყველგან მიგვყავს გზები, წყალსადენები, განათება, სადაც შესაძლებელია ბუნებრივი აირიც, ყველგან ვაკეთებთ ისტორიული ძეგლების რესტავრაციას. აღვადგენთ უნიკალურ ძეგლებს.

მომავალ წელს, არ იქნება არცერთი კურორტი, სადაც ჩვენ არ მივალთ ახალი გზით; არ იქნება არცერთი ისტორიული ძეგლი, სადაც არ იქნება გზა და ტურისტული მომსახურეობა.

ძალიან მიხარია, რომ ამ რეგიონში ექსკურსიების რაოდენობამ იმრავლა და სულ მალე ასობით ათასი ტურისტი ხელახლა აღმოაჩენს ამ ქვეყანას.

მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე!

გისურვოთ ბევრი ასეთი პატარა და დიდი გამარჯვება.

სიღნაღისათვის დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის.

მინდა მადლობა ვუთხრა ბიზნესის, მშენებლობის, არქიტექტურის წარმომადგენლებს, ყველა სპეციალისტს, ვინც აქ მუშაობდა იმისათვის, რომ ეს სასწაული რეალური გახადეს.

დღევანდელ დღეს ჩვენ მუშაობის ახალი ტემპის და აღმშენებლობის გაგრძელების დღედ ვაცხადებ!

აღმშენებლობა ჩვეენ დავიწყეთ რამდენიმე წლის წინათ.

მაშინ მე განვაცხადე - აღმშენებლობა დაიწყო დღეს, მაგრამ სანამ მე პრეზიდენტი ვარ, ეს პროცესი ერთი წუთითაც არ გაჩერდება.

თქვენდამი მოცემულ დაპირებას ვასრულებ.

ჩვენ ყველანი ერთად შევასრულებთ ამ დაპირებას ჩვენი მომავალი თაობების წინაშე.

გაუმარჯოს სიღნაღს, გაუმარჯოს კახეთს, გაუმარჯოს საქართველოს!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)