სიახლეები
11.08.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზემო აფხაზეთში მშვიდობის ბანაკი გახსნა
დღეს ზემო აფხაზეთში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთი მშვიდობის ბანაკი გახსნა. პატრიოტებისათვის განკუთვნილი დასასვენებელი კომპლექსი ზუსტად იქ აშენდა, სადაც ცნობილი საბჭოთა ბანაკი „აფხაზეთი" იყო განთავსებული. ამ კურორტზე დღეიდან 160 პატრიოტი დაისვენებს. მათთან ერთად კუთვნილ შვებულებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაატარებს.
დღესვე ქვეყნის პირველმა პირმა ახლადგახსნილი ბანაკი დაათვალიერა, პატრიოტები მოინახულა და ახალგაზრდებს მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრა. საქართველოს პრეზიდენტმა მოზარდებს სიტყვით მიმართა.
ოფიციალური გამოსვლის ძირითადი ნაწილი კონფლიქტებს შეეხო. მიხეილ სააკაშვილმა პატრიოტები პრობლემის გადაჭრის მთავარ რესურსად დაასახელა. „დღეს დიდი პროექტი განხორციელდა ჩვენს მიერ. განვახორციელებთ ბევრ სხვა აღმშენებლობით პროექტსაც. საქართველოს იურისდიქციის აღდგენა კოდორის, ჩხალთის ხეობაში ჭუბერის და მაროხის უღელტეხილხე მოხდა არა ძალადობით და ვინმესთან ანგარიშისწორებით, არამედ საავადმყოფოების, გზების, კინოთეატრების, დისკოტეკების მშენებლობით. ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა ეს არის ახალგაზრდული ბანაკების პოლიტიკა, კინოთეატრების, ცივილიზაციის, განათლების, სინათლის პოლიტიკა, რომელიც უარყოფს ძალადობის და იარაღის ლოგიკას. ეს არის ქართული პოლიტიკის მთავარი არსი. ჩვენ ამით მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ ჩვენს განსაკუთრებულ სახეს. დაბომბვას ვუპასუხებთ ახალი საავადმყოფოების, სკოლების და გზების მშენებლობით. მათი ვერტმფრენების ხმაურს გადავფარავთ ჩვენი ახალი ხიტებით, სიმღერებით, ცეკვით, ურთიერთობით და ოპტიმიზმით. თქვენ ხართ ჩვენი მოწინავე რაზმი. ეს არის მშვიდობის ბანაკი. ამ ბანაკის ფუნქცია არ არის ვინმესთვის ნიშნის მოგება, ვინმესთვის რაიმეს დამტკიცება, პრობლემების შექმნა. ეს არის ბანაკი, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ არსებობს ახალგაზრდული ენერგია" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური