საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე ორგანიზაციების დაჯილდოებას დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პარლამენტისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ გამოვლენილი საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე ორგანიზაციები დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა, წელს მეორედ ჩატარდა. მას საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე ბიზნესკომპანიების, სამთავრობო სტრუქტურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების წარმომადგენლები დაესწრნენ. ცერემონიალი პარლამენტის წევრმა, ლალი ფაფიაშვილმა გახსნა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული საკითხების საკონსულტაციო საბჭოს კოორდინატორიცაა. მისი თქმით, კონკურსი "გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში" პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებაა, რომელიც ხორციელდება გაერო-ს განვითარების პროგრამისა და საქართველოს პარლამენტის მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
ცერემონიალზე, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გენდერული საბჭოს მუშაობასა და გენდერული თანსწორობის იდეის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,მე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ პარლამენტში, ჩემი ინიციატივით გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა, რომელმაც, შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, გენდერული თანასწორობის იდეის პოპულარიზაციისათვის ბევრი სერიოზული ღონისძიება ჩაატარა. საზოგადოებამ კარგად იცოდეს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა, რომელიც ადამიანებს, მათი სქესის მიუხედავად საკუთარი შესაძლებლობები, უნარი და პროფესიონალიზმი თანაბრად გამოამჟღავნონ"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მან პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ისაუბრა. ,, ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია გენდერული თანასწორობის საკითხის გარკვეულწილად პოლიტიკაშიც გადაწყვეტა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვითმიზნად ვაქციოთ ქალბატონებისა და მამაკაცების თანაბარი რაოდენობრივი წარმომადგენლობითი თვალსაზრისით. თუმცა, იმ რეალობებმა, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია, ყველას კარგად დაანახა, რომ ქალბატონები თავიანთ საქმიანობას ყველა სფეროში, მათ შორის პოლიტიკაშიც შესანიშნავად უძღვებიან"-აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ. საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს მიესალმა და განაცხადა: ,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკური უმცირესობები ჩართულები იყვნენ ყველა იმ პროექტში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, რადგან ეთნიკური უმცირესობების აქტიურ ჩართვას ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს".
კონკურსის შედეგად სამი გამარჯვებული გამოვლინდა, რომელიც ნინო ბურჯანაძემ დააჯილდოვა. ნომინაციაში „ხელმძღვანელ თანამდებობებზე საუკეთესო გენდერული ბალანსისათვის" ჯილდო კომპანია „თეგეტა მოტორსს" გადაეცა. „დასაქმების მხრივ საუკეთესო გენდერული ბალანსისათვის აღმასრულებელ ხელისუფლებაში" - ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს, ხოლო ნომინაციაში „ქალთა წარმომადგენლობის საერთო რაოდენობის მიხედვით ადგილობრივ თვითმმართველობაში" გამარჯვებული ზემო აფხაზეთის მუნიციპალიტეტის საკრებული გახდა. დაჯილდოების დროს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა: ,,დარწმუნებული ვართ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, გენდერული თანასწორობის ასეთივე ღონისძიებას, ჩვენ ყველა ერთად გაერთიანებული საქართველოს ფარგლებში ზემო აფხაზეთში ან სოხუმში ჩავატარებთ, რისთვისაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ".
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური