სიახლეები
11.02.2008
მიხეილ სააკაშვილი სერგეი ივანოვს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მიუნხენის უსაფრთხოების 44-ე კონფერენციაში, შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის პირველ ვიცე-პრემიერთან.
„რუსეთთან საქართველოს ურთიერთობა ჩემთვის პრიორიტეტული საკითხია - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სერგეი ივანოვთან შეხვედრისას. პირისპირ საუბრის დროს, მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა ნორმალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტში უნდა იყოს განხილული.
სერგეი ივანოვმა მიხეილ სააკაშვილი მოსკოვში დაგეგმილ დსთ-ს ლიდერთა არაფორმალურ სამიტზე მიიწვია და აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს მომავალი ურთიერთობისათვის დსთ-ს ფორმატში დიალოგი გაცილებით მისაღები ფორმაა. „ეს კარგი შესაძლებლობა იქნება, რომ არაოფიციალურ გარემოში განიხილოთ ჩვენი ურთიერთობის პერსპექტივები... რუსეთი ასევე ისწრაფვის, რომ ჩვენი ურთიერთობები კრიზისიდან გამოვიდეს".
სწორედ იქ გამოთქვა მიხეილ სააკაშვილმა მზადყოფნა, რომ მონაწილეობა მიიღოს დსთ-ს ლიდერთა არაფორმალურ სამიტზე და შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.
„მე დავადასტურე შეხვედრაში მონაწილეობის სურვილი, აუცილებლად ჩამოვალ და გავესაუბრები რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დსთ-ს არაფორმალურ სამიტზე დასწრების გამო მიღებული გადაწყვეტილებისთვის რუსეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.
ორმხრივი შეხვედრისას სერგეი ივანოვმა მიხეილ სააკაშვილს მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევაც მიულოცა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური