19.02.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მინისტრებთან ერთად ორმოცდაათდღიანი მოქმედების გეგმა განიხილა
სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის წევრებს შეხვდა და მინისტრებთან ერთად ორმოცდაათდღიანი მოქმედებათა გეგმა განიხილა, რომელიც სამთავრობო პროგრამის - "საქართველო სიღარიბის გარეშე" ნაწილია.
პროგრამაში რამდენიმე პრიორიტეტია, მათ შორის - ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა, სოფლის მეურნეობის აღორძინება და სოციალური პროექტების განხორციელება.
„უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ახალი მთავრობა მუშაობს. ამ კვირეების განმავლობში იგრძნობა ახალი ენეგრგია, ახალი ენთუზიაზმი, ახალი მიდგომები. ახლა მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ყველაფერი თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემაც შეიგრძნოს. საქართველოში ამ მთავრობამ თავისი მუშაობის შედეგად სიღარიბის დაძლევა უნდა მოახერხოს. ხალხის სიღარიბიდან გამოყვანას სჭირდება დიდი დრო, მაგრამ ჩვენი ქმედებები უახლოეს კვირეებში ყველასათვის უნდა გახდეს ცხადი. ჩვენ უნდა დავიწყოთ მოძრაობა ჩვენი მთავარი მიზნისკენ" -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს საბოლოო მითითებები და დავალებები მიცა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ორმოცდაათი დღის შემდეგ, მინიტრებისაგან პროგრამის შესრულების პირველ შედეგს ჩაიბარებს.
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას საგაზაფხულო სამუშაოებისთვის აქტიური მზადებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მსოფლიო ბაზარზე საწვავის გაძვირების ფონზე, საქართველოს მთავრობის ამოცანაა, სოფლის მეურნეობის სექტორს თუნდაც მინიმალური დახმარება გაუწიოს. „ორმოცდაათი დღის შემდეგ კონკრეტული საქმეები შესრულებული უნდა იყოს, მაგალითად, დიზელის პროგრამა. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ახლა იწყება. სწორედ ახლა სჭირდება გლეხს დიზელი. მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასი გაძვირდა. ჩვენი ამოცანაა, რომ ის ოცი ლიტრი დიზელი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ გლეხებს დავურიგოთ, რათა თავიანთი საკარმიდამო ადგილები დაამუშაონ. ამას სჭირდება დიდი საორგანიზაციო მომზადება. ყველა სხვა საკითხზეც ზუსტი გრაფიკი უნდა გავაკეთოთ.
მიხარია საგადასახადო სამსახურის ბევრად უკეთესი მუშაობა. ერთი მხრივ მნიშვნელოვანია, ჩვენ ვაჩვევთ ხალხს საფინანსო დისციპლინას. ეს მოგვცემს საშუალებას მომავალში ჩვენი გეგმა გადასახადების შემცირების კუთხით განვახორციელოთ. მეორეს მხრივ, ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, თუნდაც დარღვევების დროს, რომელიმე ბიზნესის მხრიდან არგადახდის შემთხვევაში, ბიზნესის გაჩერება არ უნდა დაუშვათ. ბიზნესის გაჩერება და დაყადაღება ეს არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება რომ მოხდეს. ეს პრინციპში მინიმუმამდეა დაყვანილი" -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა .
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური