Google+

სიახლეები

22.02.2008
საქართველოს პრეზიდენტი მოსკოვში ქართულ დიასპორას შეხვდა

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერთა სამიტის დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტი წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში ქართულ დიასპორას და სასულიერო პირებს შეხვდა. წმიდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში საქართველოს პრეზიდენტი უკვე მეორედ იმყოფებოდა. მის პატივსაცემად წირვა-ლოცვა აღესრულა, ხოლო თავად პრეზიდენტმა ეკლესიის წინამძღვარს ღირსების ორდენი გადასცა.

მიხეილ სააკაშვილმა ქართულ დიასპორას მადლობა გადაუხადა სიმტკიცისა და ღირსების შენარჩუნებისათვის.

''ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, თუმცა ამ პატარა ქვეყნის თითიოეული მისხალი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ყველა ამ ბოლო მოვლენის - განცხადებების და სხვადასხვა მუქარების ფონზე, საქართველოს მთავრობა და ქართველი ერი არ დათმობს ქართული მიწის არცერთ მტკაველს. არ დათმობს იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა შეგვინარჩუნეს ათასწლეულების განმავლობაში. ჩვენ აუცილებლად გავაერთიანებთ საქართველოს..... საქართველოს წინააღმდეგ ბევრი კრიტიკა არსებობს, მაგრამ ეს ერის კრიტიკა ძლიერისა და წარმატებულის მისამართით, რომელიც კონკურენციის განცდას ემყარება. ჩვენ განსაკუთრებული ხალხი ვართ. ჩვენ შევასრულეთ დაპირება საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა უმთავრესი დაპირების დრო დადგა, ეს საქართველოს გამთლიანება და გაძლიერებაა. ეს არ არის მუქარა და არც მხოლოდ სურვილი, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მიუხედავად ეს აუცილებლად მოხდება. საქართველოს უამრავი გამოწვევა აქვს. ძალიან კარგად ვიცი თუ რა პრობლემები ექმნებოდა თითოეულ თქვენთაგანს ბოლო პერიოდში, თუმცა თქვენ არ დაკარგეთ ქართული სული და მეობა, რის გამოც ქედს ვიხრი თქვენს წინაშე ... ჩვენ მთელ მსოფლიოს, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, დავანახეთ, რომ იქ, სადაც სხვები კვდებიან, ქართველები ინარჩუნებენ ღირსებას"-მიმართა ტაძარში შეკრებილ მრევლს მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენმტა ქართულ დიასპორას სახელმწიფოებრივი პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.

"ქართველებს აქვთ იმის უნარი, რომ როდესაც არჩევანი პირად კეთილდღეობასა და სამშობლოს შორის დგას, ქვეყნის ღირსება აირჩიონ. ეს ისტორიას არასოდეს დაავიწყდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ინტერესებში არ შედის რუსეთთან ურთიერთობის გართულება. რუსეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს პრეზიდენს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს. მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ქვეყანასთან ურთიერთობები ეტაპობრივად გაუმჯობესდება. საქართველოს პრეზიდენტი რუსეთში მოღვაწე პროფესიონალებს ქვეყანაში შესაბამისი პირობების შექმნასაც დაპირდა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაზე დადასტურდა, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ სცნობს. მისი თქმით, შეხვედრაზე რუსეთის ამ პოზიციის შესახებ ნათლად ითქვა.

"ეს პირველი იმედის მომცემი განცხადებაა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მან ასევე დევნილების აფხაზეთში დაბრუნების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველომ გადადგა და კიდევ გადადგამს დიპლომატიურ და სამართლებრივ ნაბიჯებს, რისი შედეგიც არის ის, რომ დღეისათვის ყველა დოკუმენტში ფიქსირდება დევნილების უპირობო დაბრუნებისა და მათი ქონების შენარჩუნების უფლების შესახებ. „ჩვენ გადავდგამთ დიპლომატიურ სამართლებრივ ნაბიჯებს. საბოლოო ჯამში ეს არის საქართველოს გადასაწყვეტი. ამას ჩვენს გარდა ვერავინ ვერ გააკეთებს. ეს არის საქართველოს სიძლიერისა და განვითარების საკითხი. ეს არის ჩემი ცხოვრების მიზანი. ჩემი სახით თქვენ გყავთ მთავარი დამცველი. მე სხვა ფუნქცია არ მაქვს." - განაცხადა საქართველოს პრეზიდენმტა მიხეილ საკააშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)