Google+

სიახლეები

27.02.2008
საქართველოს პრეზიდენტი მცირე და საშუალო საწარმოთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მცირე და საშუალო საწარმოთა კონკურსში გამარჯვებული კომპანიები სასტურმოში "შერატონ მეტეხი პალასი" დააჯილდოვა.

დაჯილდოვების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო. ნომინაციაში - "საუკეთესო საშუალო საწარმო" გამარჯვებული სწორედ საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მთავრობა აგრძელებს გზას გადასახადებისა და კორუფციის შემცირებისა და კანონის უზენაესობის საბოლოო დამკვიდრებისკენ.

მისი თქმით, საქართველოს არ გააჩნია დიდი რაოდენობით ნავთობი და გაზი და ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა საკუთარი ნიჭით და ინტელექტით შექმნას თავისი და ქვეყნის კეთილდღეობა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ბიზნესეს განვითარება რამდენიმე საკითხს ეფუძნება და ეს უპირველეს ყოვლისა არის ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა. "საქართველომ ბოლო წლებში მოახერხა წარმოუდგენელი გამოცდების გავლა და პოლიტიკური სტაბილურობის მაღალი ხარისხის დემონსტრირება. ძალიან ბევრი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებდა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ხელისუფლების სხვადასხვა დონეებმა წარმოუდგენელი სიმტკიცე და კონსოლიდაცია გამოავლინეს, რათა ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნებულიყო. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ გაუძლო გამოცდას დემოკრატიული თვალსაზრისითაც. „ჩვენ ქვეყნის ბედი გადავეცით ხალხს და ხალხმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველომ მოახერხა სამეწარმეო და ბიზნესგარემოს შენარჩუნება იმ პირობებში, როდესაც მსოფლიო ბაზარზე საკრედიტო კრიზისი დგას და ეკონომიკური განვითარების ტემპის შენელება მიმდინარეობს. მან მაგალითად დაასახელა რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის საწვავსა და საკვებ პროდუქციაზე ფასების ზრდა, მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი ხალხი ამას არ უნდა შეუშინდეს. საქართველოში უნდა იქნას წარმოებული მაღალი ხარისხის საკვები პროდუქცია და უნდა იყოს მოზიდული ინვესტიციები.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთიდან და სპარსეთის ყურის რეგიონებიდან სწორედ იმის გამო, რომ ეს არის ქვეყნები, რომელთაც აქვთ მაღალი შემოსავლები და აქვთ ამ ეტაპზე მაღალი თავისუფალი კაპიტალი. "მაგრამ ამ ყველაფერს აზრი აქვს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოვახერხებთ სტაბილურობის და განვითარების ამ ტემპის შეანრჩუნებას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

„ქვეყანაში არ შეიძლება ძალადობის დონე ამაღლდეს, ერთბაშად გაიღოს ყველა ციხის კარი და არავინ არაფერზე აგოს პასუხი" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გამართულ მცირე და საშუალო საწარმოთა კონკურსში გამარჯვებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს პრინციპი საქართველოში არ დამკვიდრდება. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური ძალების ერთი ნაწილი ყველა პატიმრის გარეთ გამოშვების მომხრე იყო, მაგრამ რაიმე პოლიტიკური ნიშნით ციხის კარის გაღება და ამის მიხედვით გადაწყვეტილებების მიღება ყოვლად მიუღებელია.

"მიტინგებზე ისმოდა სიტყვები, რომ ჩვენ გვითვლიან მოკითხვას მე-5 იზოლატორიდან, ჩვენთანაა მე-5 იზოლატორი. ვფიქრობ, მიუხედავად პატივისცემისა, ამ განცხადების ავტორებს საქართველო არ უყვართ და არ უნდათ ქვეყანას მომავალი ჰქონდეს. მინდა მქონდეს ურთიერთობა ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელსაც საქართველო უყვარს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დაუშვებელია პირადი ინტერესის ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დაყენება. "მე გადავდექი პრეზიდენტობიდან და ქართველ ხალხს მივეცი არჩევანის უფლება. მინდა, რომ სწორედ ეს დამკვიდრდეს სტანდარტად ქართულ პოლიტიკაში, ყველა პოლიტიკური მოქმდი პირისთვის საქართველოში."


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)