სიახლეები
28.03.2008
საქართველოს პრეზიდენტი ბოლნისის რაიონს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოლნისის რაიონში ქვემო ქართლის ახალ გუბერნატორთან - დავით კირკიტაძესთან და სახელმწიფო მინისტრ დავით ტყეშელაშვილთან ერთად ჩავიდა.
საქართველოს პრეზიდენტის ვოიაჟი ქვემო ქართლში ბოლნისის რაიონის სოფელ მუხრანიდან დაიწყო. მიხეილ სააკაშვილმა სოფლის სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. ამის შემდეგ იგი სოფელ სავანეთის მეფრინველეობის ფაბრიკაში გაემართა, სადაც მუშა-მოსამსახურეებს შეხვდა.
დღესვე მიხეილ სააკაშვილი სოფელ რაჭის უბანში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ხვნის პროცესს დაესწრო.
მიხეილ სააკაშვილმა სოფლის მოსახლეობას ქვემო ქართლის ახალი გუბერნატორი დავით კირკიტაძე პირდაპირ მინდორში წარუდგინა. მიხეილ სააკაშვილმა ახალ გუბერნატორს გარკვეული დავალებები მისცა. მისი თქმით, სოფელში ბუნებრივი აირის გაყვანა უნდა მოხდეს და გაკეთდეს ამბულატორია. მიხეილ სააკაშვილმა დავით კირკიტაძეს დროის უდიდესი ნაწილის ხალხში გატარებისაკენ მიუთითა. რაჭის უბნიდან საქართველოს პრეზიდენტი ბოლნისის სიონისკენ გაემართა, სადაც მან მე-6 საუკუნის აღდგენილი ტაძარი დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი წლების განმავლობაში ბოლნისის სიონის ტაძრის მომვლელს, ბოლნისის რაიონის უხუცეს - ასი წლის ქალბატონს ევგენია ვასილევიჩს შეხვდა, ღირსების ორდენი გადასცა და საჩუქრად ტელევიზორი უსახსოვრა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური