საქართველოს პრეზიდენტმა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრები დიპლომატიურ კორპუსს წარუდგინა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს იმ უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა წარუდგინა, რომელმაც 21 მაისს სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უწინარეს ყოვლისა, ხელისუფლებაა დაინტერესებული, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულად გაიმართოს. მისი თქმით, აღნიშნული უწყებათაშორისი ჯგუფი არჩევნების ობიექტურად ჩატარებისათვის აუცილებელ მოსამზადებელ სამუშაოებს შეასრულებს.
"თავისუფალი არჩევნების ჩატარება ჩვენთვის ეროვნული ღირსების, ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს განვითარების ფუნდამენტური და უმთავრესი საკითხია ამ ეტაპზე. შარშან წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევა საპრეზიდენტო არჩევნების მეშვეობით მოვახერხეთ. ახალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად კი, საქართველოს განვითარება აბსოლუტურად შეუქცევადი უნდა გავხადოთ. ჩვენ შევქმენით უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან მინისტრები და მინისტრის მოადგილეები. ამ ჯგუფს ძალზე კონკრეტული ფუნქცია აქვს - ყველა საკითხი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალ რეგულირების სფეროს შეეხება, ქართულ და უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და ყველა საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიასთან ერთად ოპერატიულად გადაწყვიტოს და პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში, ძირში აღმოფხვრას ისინი ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლისას ყველა იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე ილაპარაკა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 21 მაისის არჩევნების ჩატარების ხარისხის გასაუმჯობესებლად მიიღო. იგი შეეხო საარჩევნო ბარიერის 7-დან 5 პროცენტამდე დაწევის, დამატებითი საარჩევნო სიებისა და ამომრჩეველთა რეგისტრაციის გაუქმების საკითხებს, ასევე ისაუბრა საოლქო საარჩევნო კომისიებში წევრთა რაოდენობის 13-მდე გაზრდის თაობაზე, რომელთაგან 6 წევრი ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ცვლილებზეც, რომელთა წყალობითაც ოქმებისა და საარჩევნო დარღვევების სასამართლოში გასაჩივრების პროცედურა მარტივდება. პრეზიდენტმა არც ის საკითხები დატოვა ყურადღების მიღმა, რომლებზეც ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება და საერთო გადაწყვეტილების მიღება ოპოზიციის შიდა შეუთანხმებლობის გამო ვერ მოხერხდა.
"საპარლამენტო უმრავლესობამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილებები ოპოზიციის შიდა შეუთანხმებლობის გამო. იმიტომ, რომ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, მეორე ძალა მთავრობასთან ზედმეტ თანამშრომლობაში არ დაედანაშაულებინა (რაც არასწორად მიმაჩნია, მაგრამ ასეთი იყო მათი გადაწყვეტილება), მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხერხდა. ამის მიუხედავად, ჩვენი გადაწყვეტილებით ძალიან ბევრი საკითხი მივიღეთ. ეს გავაკეთეთ არა რომელიმე პარტიის გამარჯვების ხელშეწყობის მიზნით, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ წარიმართოს იდეალურთან მიახლოებული, ტექნიკურად დახვეწილი საარჩევნო პროცესი. მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი მზად ვარ ვიყო გარანტი იმისა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდება ზედმეტი კითხვის ნიშნების გარეშე, პატიოსნად და გამჭვირვალედ. ქართველი ერის ნება ზედმიწევნით ზუსტ ასახვას ჰპოვებს ახალი პარლამენტის შემადგენლობაში. თუკი ვინმეს კითხვები გაუჩნდება, ჩვენგან პასუხს ნამდვილად მიიღებს. გვყავს ძალიან ბევრი კრიტიკოსი, რომელსაც ზოგადი, ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი და ველური ბრალდებების წამოყენება უყვარს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
დღევანდელ შეხვედრაზე დამსწრე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, იმისათვის, რომ ამ არჩევნების ობიეტურობაში ეჭვი არავინ შეიტანოს, საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ქვეყნებიდან რაც შეიძლება ბევრი მეთვალყურე გამოაგზავნონ.
უწყებათაშორისი ჯგუფი მუშაობას ხვალიდან დაიწყებს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური