Google+

სიახლეები

17.04.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის გაფართოებულ სხდომას დაესწრო

დღეს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის გაფართოებულ სხდომას დაესწრო. პრეზიდენტმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე, რუსეთის გუშინდელი გადაწყვეტილების შესახებ საერთაშორისო გამოხმაურებაზე საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაცია მოისმინა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის მხრიდან ყველა იმ გადაწყვეტილების გადასინჯვას მოითხოვს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას არღვევს. პრეზიდენტის თქმით, საქართველო კვლავაც მიმართული იქნება ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანებისკენ და საერთაშორისო თანამეგობრობისგან არა მხოლოდ განცხადებებს, არამედ კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს ელოდება, რომლებიც უახლოეს მომავალში იქნება გადადგმული.

"ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვერანაირი მექანიზმებით ვერ შეაჩერებენ საქართველოს გზას დემოკრატიული, წარმატებული და ერთიანი ქვეყნისკენ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ის განცვიფრებული და აღშფოთებულია რუსეთის პროვოკციული ნაბიჯით და ამავე დროს, კმაყოფილია იმ რეაგირებით, რომელიც ნატო-სა და ევროპის მხრიდან ძალიან სწრაფად გაჟღერდა. მისივე თქმით, ამ რეაქციას ევროკავშირის მხრიდან რუასეთი არ მოელოდა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება, ფაქტობრივად, აღიარებს იმას, რომ რუსეთის ნაბიჯი პროვოკაციული იყო და მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევისკენ. "ნატო და საეთრაშორისო თანამეგობრობა მოითხოვენ ამ ნაბიჯის შეცვლას. ევროკავშირის მხრიდან არსებობს საქართველოს სამშვიდობო გეგმის მკაფიო მხარდაჭერა", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო დავალებები მისცა მთავრობის წევრებს. სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძეს კონკრეტულად ამ ნაბიჯთან დაკავშირებით, ხვალიდან სხვადასხვა ვიზიტებით ევროპულ ქვეყნებში, კერძოდ, გერმანიასა და საფრანგეთში გაემგზავრება დაავალა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ბაქრაძეს კი, - კონსულტაციების გასამართად ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება დაევალა.

"საქართველო მზად არის, კონსულტაციები გამართოს, ასევე, რუსეთთან და ყველა მხარესთან, რათა განხორციელდეს ის სამშვიდობო გეგმა, რომელიც საქართველომ წარმოადგინა",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)