Google+

სიახლეები

16.08.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დევნილებს შეხვდა

„ჩვენი ინიციატივა ამ ყველაფრის დაწყება არ ყოფილა. თქვენ კარგად იცით, გამოვიდა კოკოითი დაიმუქრა და ჩვენს წინააღმდეგ განხორციელდა აგრესია. ამ აგრესიის მიზანი მარტო ხეობებზე შემოტევა არ იყო. ამ აგრესიის მიზანი იყო საქართველოს დაპყრობა ისე, როგორც ეს რუსებმა 1921 წელს მოახერხეს. გუშინწინ ისინი მოდიოდნენ თბილისისკენ, იგოეთთან იყვნენ და დღესაც იგოეთთან არიან. თუ არა თქვენი და ჩვენი საზოგადოების გმირული საქციელი, თუ არა მთელი მსოფლიოს დადგომა ფეხზე, ამხელა ყურადღებას ვერ მივიქცევდით. 1992-93 წლებში ამის მეასედი არ გაუკეთებიათ რუსებს აფხაზეთში და არავის არ ვაინტერესებდით. დღეს კი, ყველა - მთელი მსოფლიოს ტელევიზიები და მსოფლიოს ლიდერები დგანან ფეხზე საქართველოს დასაცავად. არცერთ ჩვენს სახლს, ჩვენ სოფელს მათ არ დავუთმობთ. ჩვენ ვართ ქართველები და მთელი მსოფლიო შემოგვყურებს. ჩვენ ვართ მრავალეთნიკური საქართველო, სადაც ოსი, ქართველი და აფხაზი ერთნაირია. ჯერ ამათ მოვაშორებთ ჩვენი ქალაქების და სოფლების ქუჩებიდან და გაძლევთ სიტყვას, გეფიცებით, რომ ეს ოკუპანტები, ინტერვენტები მოშორდებიან საქართველოს ტერიტორიას. ცხინვალი დაბომბეს, გაასწორეს მიწასთან და ოსები გაანადგურეს. ამ ხალხს უნდოდა საქართველოს დაპყრობა. ერთი რამ მინდა იცოდეთ - ყველაფერს აღვადგენთ, უკეთეს სახლებში, უკეთეს ქალაქებში იცხოვრებით. (ამას ოდესღაც კი არა, მალე შევძლებთ). გახსოვთ ალბათ, 1992 წელს როგორ ჩამოგვშალეს, აღარც წყალი იყო, აღარც შუქი, აღარც ბენზინი იყიდებოდა, აღარც სახელმწიფო ფუნქციონირებდა. დღეს მათ ვერ დაანგრიეს ქართული სახელმწიფო. ყველაფერი ფუნქციონირებს, როგორც კი ეს ხალხი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, იმ წამში დაიწყება აღდგენითი სამუშოები, ყველანი დავიკაპიწებთ ხელებს და აღვადგენთ ჩვენს სახელმწიფოს. მათ უნდოდათ ფეხქვეშ გაეთელათ საქართველო. ისეთ ქალაქებსა და სოფლებს აღვადგენთ და ავაშენებთ, რომ ნამდვილად მათი მსგავსი მსოფლიოშიც არ იქნება. ამ არამზადების ჯინაზე ჩვენ ბავშვებს კარგად გავზრდით. ჩვენ ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს რას წარმოადგენს საქართველო და ქართველი ხალხი. არაფრის არ შეგეშინდეთ. მთავარია, რომ ცოცხლები ვართ, არცერთი თქვენგანი არ დარჩება სახლ-კარის და შემოსავლის გარეშე. რაც დაგვინგრიეს, აღვადგენთ და ჩვენსას ბოლომდე გავიტანთ. ჩვენმა ხალხმა ამ დღეებში სასწაული გმირობა ჩაიდინა. რუსები ასეთი ძალებით რომელ ქვეყანაშიც შევიდნენ, ყველა 24 საათში დააჩოქეს. ასე მოხდა ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში და ავღანეთში. ნახეთ, როგორ უწევთ წინააღმდეგობას. ჩვენს სოფლებში და ქალაქებში დაძრწიან, ვერსად ვერ იპოვეს დასაყრდენი, ვევერსად ვერ გატეხეს მთავრობა და საზოგადოება. ნახეთ ჩვენმა საზოგადოებამ თავი როგორ დაიჭირა, ააფრიალა დროშები, ეს არის მთავარი. ჩვენ ვერც ქვეყანა ვერ დაგვინგრიეს, ვერც მთავრობა ვერ ჩამოაგდეს, ვერც საზოგადოება ვერ ჩამოშალეს და ვერც ჯარი ვერ ჩამოშალეს, იმიტომ რომ ჯარი დგას იგოეთის გარშემო. ვერ გაგვაიარაღეს, ჩვენ მთელი იაღარი და ტექნიკა შევინარჩუნეთ. მათი ამოცანა საქართველოს დანგრევა, ქართული საზოგადოების მოსპობა და მიწასთან გასწორება იყო. ამას ვერც მიაღწიეს და ვერც მიაღწევენ. ახლა ჩვენი წამზომი ჩართულია, მათ ძირითადი ძალები უნდა წავიდნენ საქართველოს ტერიტორიიდან იმისათვის, რომ ჩვენ დავიწყოთ ხალხის დაბრუნება. პირველ ეტაპზე ამას უნდა მივაღწიოთ და მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა წავიდნენ საქართველოს ამსოლუტურად ყველა ქალაქიდან და რეგიონიდან. ამაში მთელი მსოფლიო დაგვიდგება გვერდით, ამისათვის ჩვენ უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა. ეხლა დგას ერთადერთი კითხვა - მთელი მსოფლიო ერთიანია, იქნება თუ არა საქართველო შემდგომშიც ერთიანი? ჩვენი ერთიანობა არის ჩვენი გასაღები. ეს არის ჩვენი გზავნილი მთელი მსოფლიოსადმი. ჩვენ ვიქნებით ერთიანი და ისინი ვერ მოგვერევიან, ჩამოვიშლებით და მთელი მსოფლიო შეგვაქცევს ზურგს. დღეს მთელი მსოფლიო გვიჭერს მხარს იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება როგორც ერთი ისე შეირკა. უამრავი დახმარება მოდის საქართველოსთვის, რუსეთის საელჩოების წინ ბევრ ქვეყანაში იმართება ჩვენი მხარდასაჭერი აქციები. საქართველო ძალიან სწრაფად გაიმართება წელში და ორჯერ- სამჯერ უკეთესად ვიცხოვრებთ. ამაში დარწმუნებული ვარ. თქვენ რომ გიყურებთ, ყველაზე მეტად თქვენ დაიჩაგრეთ. თქვენ ხართ ყველაზე მთავარი ხალხი, თქვენზე ძვირფასი ხალხი მსოფლიოს არ ჰყავს, მე კარგად ვიცი რას უძლებდით ამ წლების განმავლობაში. მათი ნაძირლობის მთავარი მიზეზი თქვენი გაუტეხელობაა, რაც რუსებს ყელში ჰქონდათ ამოსული. თუ ჩვენ ვერ გაგვტეხეს, მსოფლიოს ვერ გატეხენ, თუ ჩვენ გადაგვიარეს, მაშინ ნახეთ მსოფლიოს უბედურება. ეს ხალხი საქართველოს ტერიტორიაზე დაძრწის და მათხოვრობს, ტანკებს აჩერებს და პურს მათხოვრობს. რა ოჯახებში არიან გაზრდილი, მათ ჩვენ ღირსებით და ადამიანობით ვჯობივართ, უბრალოდ მათი რიცხვია დიდი. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ეს სახადი უნდა მოვიხადოთ თუ გვინდა რომ საბოლოოდ გავხდეთ ნორმალური ქვეყანა. მათი გეგმები ჩაიშალა, მთელი მსოფლიოს თვალში გასწორებული არიან მიწასთან. მთავარია რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ.

ჩვენ ავაშენებთ გორს ისე, რომ მთელ რეგიონში ასეთი ქალაქი არ იქნება. მეჯვრისხევშიც დავბრუნდებით და რაც მთავარია ცოტა ხანში აფხაზეთშიც დავბრუნდებით. მათ იცოდნენ, რომ ჩვენ ყველგან დავბრუნდებოდით და ამიტომ გადაწყვიტეს თბილისიც გაესწორებინათ მიწასთან, მათ საქართველოს განადგურება გადაწყვიტეს. საქართველო, რომელიც ეხლა გადარჩება, ყველაფერს დაიბრუნებს. დღეს საქართველოს მსოფლიო უყურებს და ყველა მიხვდა, რა იყო ჩვენი ბრძოლა. ეს კონფლიქტი კი არ არის, ეს ცივილიზაციისა და არაცივილიზააციის ბრძოლაა"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)