Google+

სიახლეები

23.11.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა

მოგესალმებით.

უწინარესად, გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს.

ახლა მოვდივარ სამების საკათედრო ტაძრიდან, სადაც პატრიარქთან ერთად საზეიმო წირვაში ვმონაწილდეობდით.

გიორგობის დღესასწაული არის გამარჯვებულებისა და წარმატებულების დღესასაწაული, ასევე იმ ხალხის დღესასწაული ვინც არასოდეს არ დუნდება, არ ეპუება წინააღმდეგობებს და ვინც საბოლოოდ იმარჯვებს.

დღეს საქართველოს გამარჯვებასა და წარმატებას სახელად „ბზიკები" ჰქვია.

პარატარების ჯგუფმა ჩენ გუშინ სიურპრიზი გაგვიკეთა - გაიმარჯვა ევროვიზიის პრესტიჟულ კონკურსში ბავშვთა შორის.

მომავალ წელს ევროვიზია გაიმართება ჩვენთან, ბათუმში.

ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ საკუთარ სფეროში წარმატებული და გამარჯვებული ვიყოთ, რომ საუკეთესო შედეგებს მივაღწიოთ.

ვაგონშემკეთებელი ქარხანა რამდენიმე ხნის წინათ დახურვის პირას იყო მისული. რომ არ ჩარეულიყო საქართველოს მთავრობა, სხვადასხვა მანიპულაციებისა და ხრიკების კომბინაციის შედეგად, ეს ქარხანა იდახურებოდა.

დღეს ვინც ჭკუას გვარიგებს, მათ სინდისზე იყოს, რომ ამ ქარხანაში მილიონები გააკეთეს.

გპირდებით, რომ ამ ხალხს პასუხს მოვთხოვთ და სასმართლომდე მივიყვანთ. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.

არავის არაფერი შერჩება.

ალბათ, თავადაც დავუშვი შეცდომები, როდესაც ზედმეტად ვენდობოდი ვიღაც -ვიღაცებს.

ჩვენ შევძლებთ იმ პრობლემების გადალახვას, რომლებიც ქარხანას შეექმნა.

ისიც კარგად ვიცი, რომ ამ ვაგონების შეკეთებაზე დიდ ფულს აკეთებდნენ და ინაწილებდნენ.

ამ ზოგ-ზოგიერთებს კონკრეტული სახელები და გვარები დაერქმევა და პასუხსაც აგებენ.

აქამდე ვაგონების შეკვეთებს უკრაინასა და რუსეთს ვაძლევდით, ამიერიდან ვაგონები საქართველოში, ჩვენი ექსპერტებისა და მუშების ხელით უნდა გავაკეთოთ.

მსოფლიოში არის ეკონომიკური კრიზისი, სულ უფრო დიდი კორპორაციები იხურება, მეტი პრობლემები იქმნება. სამუშაო ადგილებს ხალხი მთელ მსოფლიოში კარგავს.

ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოს რთული წელი ექნება, მაგრამ აქედან გამოსავალი უნდა მოვძებნოთ.

ჩვენი პასუხი უნდა იყოს არა ეკონომიკის დაკეტვა, არა ნაკლები დემოკრატია, არამედ პირიქით, მეტი მოქნილობა, თავისუფლება და გამჭირვალეობა.

ჩვენ გვყავს ახალი პრემიერ- მინისტრი, რომელმაც ბიუჯეტი უკან გამოითხოვა და დამატებითი დრო მოითხოვა, რათა ზრუნვისა და დასაქმების თვალსაზრისით ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანოს.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ხალხი დიდ ნაწილს ძალიან უჭირს.

ბოლო ხუთ წელიწადში სიღარიბე ორჯერ შევამცირეთ, მაგრამ ღარიბი საზოგადოების ერთი ნაწილი, კიდევ უფრო ღარიბია, ვიდრე ხუთი წლის წინათ.

წამლებისა და პროდუქტების ფასიც გაიზარდა, რაც მკვეთრად ურტყამს ჩვენი საზოგადოების ნაწილს.

ამიტომ, ყველაზე მეტად ამ ხალხს უნდა მივხედოთ.

თუ აქამდე ეკონომიკურ დახმარებას 600 ათასი ჩვენი მოქალაქე იღებდა, ამიერიდან, საქართველოს 900 ათასამდე მოქალაქე მიიღებს.

თუ შარშან მასწავლებლებს 35 პროცენტით გავუზარდეთ ხელფასი, დავუმატეთ მეცამეტე ხელფასი, გავუუქმეთ ერთწლიანი ხელშეკრულებები, მომავალ წელს მათ ხელფასს 50 პროცენტით გავზრდით. მათ მიმართ დამატებით სოციალურ გარანტიებსა და დაზღვევის სქემასაც ვაფართოებთ.

დავუბრუნდეთ პენსიონერებს. ჩვენ არ გვქონდა იმედი, რომ პენსიის მოსამატებლად საბიუჯეტო სახსრები გამოჩნდებოდა. ჩვენ გვაქვს 50-თვიანი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს პენსიის 100-დოლარიან მინიმალურ პაკეტს, მაგრამ უახლოეს თვეებში, კორექტირება მოხდა ომისა და მსოფლიო კრიზისის გამო. ამის მიუხედავად, პენსიონერებს ჩვენ სიმბოლურად, ათი ლარით მაინც მოვუმატებთ პენსიას - დამსახურებისა და სტაჟისი მიხედვით მათ 10-ლარიანი დანამატი ექნებათ.

ასევე გვაქვს მთელი რიგი პროექტები, მაგრამ, მათ შორის, პირველი ეკონომიკის სტიმულირებაა.

ბიუჯეტის შევსება მნიშვნელოვანი საკითხია, რაც გადასახადების აკრეფის ხარისხსა და მის პროცენტულ მაჩვენებელზეა დამოკიდებული. თუკი გადასახადები იქნება მაღალი, ჩვენ ვერ მოვახერხებთ ეკონომიკის განვითარებას.

ჩვენი ამოცანა მომავალ წელს არის გადასახადების შემცირება - კერძოდ, საშემოსავლო გადასახადს 25 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შევამცირებთ.

ეს რეალურად მოგვცემს იმის საშუალებას, რომ 250 მილიონი ლარი დავუბრუნოთ ეკონომიკას, ე.ი - თქვენს საწარმოს, სოფლის მეურნეობის საწარმოებს, მეტალურგიას, ფეროშენადნობთა ქარხანას და ა.შ. ყველა ამ საწარმოს მსოფლიო ბაზრის კონიუქტურის გამო, ძალიან უჭირს.

არავითარ შემხთვევაში არ უნდა გაკოტრდეს სამშენებლო კომპანიები. მათ ხელი უნდა შევუწყოთ და ამაზე ვმუშაობთ კიდეც, რადგან ისინი ჩვენი რეალურად დასაქმებული მოქალაქები არიან.

ჩვენ რუსეთის აგრესიას შემდეგ, დაახლოებით, ხუთ მილიარდამდე დოლარის უცხოური დახმარება მივიღეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა განვავითაროთ ინფრასტრუქტურა - ეს დარჩება ქვეყანას.

ეს დახმარება კი არ უნდა „შევჭამოთ" (ვგულისხმობ ხელფასების დარიგებას და სხვა...) არამედ უნდა შევქმნათ ისეთი რამ რაც შემდგომში გამოგვადგება, მაგალითად, თქვენს სფეროში.

მე მაქვს ამბიციური პროექტი, რომ თბილისადან ბათუმში რკიგნიგზით ჩასვლა სამ საათში გახდეს შესაძლებელი. იმისათვის, რომ ეს ასე მოხდეს მილიარდი დოლარია აუცილებელი. უცხოური დახმარებით ჩვენ ამას შევძლებთ. საამისოდ საჭიროა რკინიგზის განვითარებული ქსელი, ე. ი -თქვენი ქარხნის გასამმაგებული მუშაობა. რეალურად საქართველოს რკინიგზა დღეს იზოლაციაშია.

შენდება ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა. საქართველოს რკინიგზა მიუერთდება ბოსფორის ქვეშ ევროპის ყველაზე მთავარ სარკინიგზო მაგისტრალს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელი გახდება თბილისიდან ლონდონში მატარებლით წასვლა. ამას დრო დაჭირდება.

მთავარი ის კი არ არის, რომ თბილისიდან ლოდნონში ვიაროთ მატარებლით, მთავარია, რომ ვიაროთ თქვენი ვაგონებით.

ჩვენი ხალხი უნდა საქმდებოდეს აქ და აქ გაკეთებულ ფულს ლონდონში უნდა ხარჯავდეს. ლონდონში არავინ არ უნდა მიდიოდეს სამუშაოდ და სარჩოს საძებნელად.

ეს არ არის ფანტაზიები. საქართველოს კარგი გეოგრაფია და განლაგება აქვს.

როდესაც ვლაპარაკობთ ენერგეტქიკულ ქსელზე, უნდა ითქვას, რომ აქამდე რუსეთი აფინანსებდა რამდენიმე ალტერნატიულ გაზსადენს, ფაქიტობრივად უფასოდ აშენებდა, რათა ევროპაში ენერგოდომინირება მხოლოდ მას შეძლებოდა.

დღეს რუსეთსაც უჭირს ფული, რადან ნავთობის ფასი რეალურად 45 დოლარამდე დაეცა.

მთელი მათი ეკონომიკა არის ნავთობი. ეს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ინფრასტრუტქრის, სატრანზიტო გზების, ინდუსტრიის, ვაგონმშენებელი, ელმავალმშენებელი და ყველა საწარმოს ასამუშავებლად, რომელიც რეალურად ემსახურება ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

ეს იმისათვის არის აუცილებელი, რომ ჩვენი სამუშაო ადგილები არ დავკარგოთ არც რუსეთთან მიმართებაში და არც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ყველაფერი უნდა დარჩეს საქართველოში.

ჩვენი ამოცანაა გავზარდოთ ახალი სამუშაო კადრები, რომლებიც ყოველივე ამას მოემსახურება.

ამას წინათ ვიყავი ხაშურის დეპოში, სადაც სამოცდახუთ წელს მიტანებულ სპეციალისტებს ამცირებენ. ეს ჩვენი საზოგადოების კვალიფიციური ოქროს რეზერვია. ჩვენ კი კვალიფიციური ხალხი ჰაერზე მეტად გვჭირდება. მათი დაკარგვა კიდევ მეტ უმუშევრობას წარმოშობს. ამ ხალხმა სანამ შეუძლიათ უნდა იმუშაონ და ახალი თაობა გაზარდონ.

ოთხი წლის წინათ ისრაელში საავიაციო ქარხანაში ვიყავი, სადაც შემთხვევით ქართული საუბარი მოვისმინე. აღმოჩნდა, რომ თბილისის ავიამშენებელი ვერ ამუშავებდა ხალხს, რის გამოც ასამდე ჩვენი მუშა, რომლებსაც თვითმფრინავების რემონტის კვალიფიკაცია ჰქონდათ, ისრაელში წავიდა სამუშაოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი გადასახადებს იხდიდნენ ისრაელში, ფულს ხარჯავდნენ ისრაელში და, რეალურად, ჩვენი ქარხანა ზარალდებოდა თბილისში. მაშინ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ეს არასდროს აღარ უნდა დაგვეშვა.

დღეს მსოფლოში დიდი კონკურენცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ასჯერ უფრო უკეთესები, მოქნილები, შრომისმოყვარეები უნდა ვიყოთ, რომ სამუშაო ადგილები საქართველოში გაჩნდეს.

ჩვენ ეს შეგვიძლია, ამისათვის მთავრობამ დღე და ღამე უნდა იმუშაოს.

დღეს ეკონომიკის განვითარებაზე დიდი ამოცანა არ გვაქვს.

საქართველოს გამთლიანება დღეს დამოკიდებულია საქართველოს გაძლიერებაზე; საქართველოს გაძლიერება კი - ეკონომიკის სიძლიერეზე.

ეს არის ძლიერი ქართული ოჯახები. ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს საფრთხე ემუქრება, ასეთი ქარხნებითა და სპეციალისტებით, ჩვენ უნდა მოვახერხოთ სამუშაო ადგილების შექმნა, მაშინ როდესაც ჩვენი მეზობლები კარგავენ და დაკარგავენ კიდეც.

საქართველო რთულ სიტუაციაშია, მაგრამ ამ სიტუაციასთან გამკლავების ორი გზა გვაქვს.

ერთი - ჩამოვუშვათ ხელები, ვთქვათ, რომ ჩვენი საქმე ცუდად არის და შევეგუოთ ჩვენს ყოფას; და მეორე - გვესმოდეს, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენს მოთმინებაშია, რაც ნიშნავს მომავლის რწმენას, იმედს, გამძლეობას და ერთიანობას.

საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია.

ჩვენ უნდა გვემოდეს, რომ საქართველო მრავალგზის იყო ოკუპირებული მრავალი იმპერიის მიერ.

საქართველო ისევ არსებობს, ისინი კი აღარ არსებობენ.

ის, რაც ჩვენ გაგვიკეთეს, არავის არასდროს შერჩება. ეს არც არავის შერჩენია, მით უმეტეს, 21 საუკუნეში.

ამის გამკლავების საშუალება არის - სანამ კრიზისია და იმპერიულ ცენტრს აქვს ძალიან დიდი ეკონომიკური პრობლემები, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ, არ უნდა დავჭამოთ ერთმანეთი, მოვეშვათ და არ გავაცინოთ ჩვენი მტერი, რომელსაც გასაცინებლად არ აქვს საქმე. ჩვენს მტერს საკუთარი პრობლემები აქვს დასაძლევი.

როდესაც ჩვენი მტერი დარჩება პირისპირ თავის პრობლემებთან, ჩვენთვის და პრობლემების შექმნისთვის, მას ნამდვილად აღარც დრო დარჩება და არღაც შესაძლებლობა ექნება.

ამას ღიად გეუბნებით, რადგან თქვენგან არავითარი საიდუმლო არ გვაქვს.

ჩვენი ამოცანაა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი პროგრამები გავაგრძელოთ - მცირე კრედიტის პროგრამა, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილის შექმნა. სახელმწიფოს თავისუფალი სახსრები უნდა ჩავდოთ მოსახლეობის მცირეპროცენტიან დაკრედიტებაში.

ეს არის სტიმულირება ბანკებისთვის, რათა მათ დაიწყონ კრედიტების გაცემა. ბანკებს დღეს ფული აქვთ, ისინი არ დაქცეულან, მაგრამ ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გამო, დღეს კრედიტების გაცემა ეშინიათ.

ეს არის ჩვენი ამოცანა.

ყველა დიდი პროექტი, რომელიც დაწყებული გვაქვს, უნდა გავაგრძელოთ.

მაგალითად, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ქალაქების აღდგენა, სოფლების ტრაქტორიზაცია. ჩემი ამბიციაა, რომ საქართველოს ყველაზე მიტოვებულ და შორეულ სოფელშიც კი, სადაც უჭკვიანესი და უნიჭიერესი ხალხი ცხოვრობს, დადიოდეს ტრაქტორი და ის ხელმისაწვდომი იყოს ხალხისთვის.

ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სასუქი, მით უმეტეს, რომ ეს აამუშავებს საწარმოებს.

ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დიზელი, საწვავი შედარებით გაიაფდა და ეს საშუალებას მოგვცემს, რომ სოფლად მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ.

მოსახლეობის 50 პროცენტი ცხოვრობს სოფლად და ჩვენი შიდა პროდუქტის მხოლოდ 10 პროცენტს ვაწარმოებთ.

50 პროცენტი ქმნის 10 პროცენტ პროდუქციას - ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ძალზე ნიჭიერი, განათლებული და შრომისმოყვარე ხალხის 40 პროცენტის შრომა იკარგება იმის გამო, რომ სახელმწიფომ ვერ შექმნა პირობები მათი მარგი ქმედების კოეფიციენტის ასამაღლებლად.

ეს ჩვენი მარცხი და დიდი პრობლემაა.

მთავრობას ამ მხრივაც მივეცით დავალებები და ჩვენი ახალი პრემიერ-მინისტრი ძალიან სერიოზულად ამუშავდა.

ეს არის ჩემი ბოლო საპრეზიდენტო ვადა.

თუ ამჩნევთ, ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ბევრი ახალი, ხალხი მოგვყავს. ჩვენ გვჭირდება ბევრი ლიდერი, ახალი სისხლი ჩვენს გარშემო. ჩვენ გვჭირდება ბევრი განათლებული, ნიჭიერი, ენერგიული, კონტაქტური, პოპულარული ადამიანი.

ამ ქვეყანას თან ვერავინ წაიღებს. ჩვენ ყველას გვსურს, რომ იყოს არჩევანი, ლიდერთა თანავარსკვლავედი; იყოს პერსპექტივა თითოეული ჩვენგანისთვის; იყოს შეჯიბრი ვინ უფრო ეფექტიანი იქნება ხალხისთვის და ვინ უფრო მეტ ახალ სასიკეთო საქმეს გაუკეთებს ხალხს; ვინ უფრო მეტად ამოიყვანს ჩვენს ხალხს სიღარიბიდან; ვინ შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს და ვინ უფრო მეტად დაგვეხმარება სიღარიბის დაძლევაში.

როდესაც ყოველივე ამას მივაღწევთ საქართველო იქნება გამარჯვებული.

მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ იმის თაობაზე, რა არის ჩვენი ამოცანა უახლოეს თვეებსა და წლებში.

ჩვენი ამოცანაა, რომ თქვენ მიიტანოთ საკვები თქვენი შვილებისთვის, არ გქონდეთ მომავლის შიში - არ გქონდეთ პენსიაზე გასვლის შიში, არ გქონდეთ შიში იმისა, თქვენს შვილებს არ ექნება მომავალი, რომ ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდება დიდი გამოცდებისა და უფრო დიდი პრობლემების წინაშე.

ჩვენი ქვეყნის გზა არ იქნება მხოლოდ ია-ვარდით მოფენილი. ეს რთული გზაა - დიდი გამოწვევების გზა და არ მინდა გითხრათ, რომ ამ გზის გავლა ადვილი იქნება.

ჩვენ არც ის ბიჭები მოგვიტყუებია, რომლებიც აგვისტოში იმისათვის დაიღუპნენ, რომ თბილისს მომდგარი 80-ათასიანი, 200 თვითმფრინავითა და 3000 ტანკით აღჭურვილი უცხო ჯარი შეეჩერებინათ.

ჩვენ არ მოგვიტყუებია ის ბიჭები, ისინი შეგნებულად წავიდნენ, რათა სამშობლოსთვის გაეწირათ თავი.

ჩვენ არც თქვენი მოტყუება გვსურს - პრობლემები არის, რომელთა გადალახვა საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ გვაქვს გეგმა, ხედვა, რწმენა და რაც მთავარია, მათი გადალახვისა და საქართველოს სამშვიდობოზე გაყვანის სურვილი.

ჩვენი გამოწვევა არის ისტორიული, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, იმ შემთხვევაში თუ ყველანი ერთად, ხელიხელჩაკიდებული დავდგებით, ჩვენი შედეგებიც იქნება განსაკუთრებულად კარგი და წარმატებული.

ეს არის ის, რისი თქმაც თქვენთვის მსურდა.

სიამოვნებით გავცემ პასუხს თქვენს კითხვებს.

შეკითხვა:

მსოფლიო კრიზისი, რა თქმა უნდა, ჩვენს სახელმწიფოზეც ახდენს გავლენას და აქედან გამომდინარე, საწარმოზეც. დღეს ბედნიერი ვართ იმით, რომ ჩვენმა საწარმომ კიდევ ერთხელ აიდგა ფეხი და დაიწყო მუშაობა, ჩვენ გვაქვს სამუშაო განწყობა, მაგრამ ვშიშობთ, ხომ არ გაგვიცრუვდება იმედი და ხომ არ დაემუქრება რაიმე საფრთხე ჩვენს საწარმოს ამ თვალსაზრისით?

მიხეილ სააკაშვილი:

ვფიქრობ, ამ კითხვას უკვე გავეცი პასუხი, მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თქვენი საწარმო მიბმულია ქართული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სახელმწიფომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ნაკისრი ვალდებულებები კარგად შეასრულა, რაზეც ამჟამად ვმუშაობთ, თუ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა ამუშავდა, თუ შევუერთდით ევროპული რკინიგზის ქსელს, თუ დავიწყებთ და ავამუშავებთ თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული რკინიგზის მშენებლობას, ყველაფერი კარგად იქნება. მართალია, ეს თქვენ არ გეხებათ, მაგრამ მომავალ წელს ვიწყებთ ასევე დიდ მშენებლობას გზების თვალსაზრისით. ჩვენს გეგმებში შედის ავტობანის დასრულება შავი ზღვისპირეთამდე, ომბორისა და გოდერძის უღელტეხილის გზების მშენებლობა, თითქმის ყველა დიდ სოფლამდე მისული კარგი გზა და ყოველივე ეს კეთდება იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს.

უცხოური დახმარება უნდა გამოვიყენოთ და უახლოესი წლები უნდა გადავიტანოთ იმით, რომ თანხა შემდგომი წლების განვითარებასა და წარმატებაში ჩავდოთ. არაფერი ისე არ აახლოებს საქართველოს მსოფლიოსთან და არაფერს ისე არ მიჰყავს ქვეყანა წინ, როგორც რკინიგზას. თვითმფრინავი უფრო ჩქარი ტრანსპორტია, მაგრამ რკინიგზა უფრო სწრაფად ატარებს ქვეყანას წინ.

ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი სპეციალისტები შევინარჩუნოთ. სხვათა შორის, თავის დროზე, მერიასთან მოვილაპარაკეთ და ჩვენს მეორე ქარხანას, მეტროს ვაგონშემკეთებელს, თბილისის მეტროს ვაგონების განახლების შეკვეთა ხელოვნურად მივეცით. იმ ეტაპზე თბილისის უპირველესი ამოცანა არ იყო მეტროს გალამაზებული ვაგონები, თუმცა ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია და არანაკლებ გვახარებს ყველას, მაგრამ სამი წლის წინათ, როდესაც ეს პროექტი დავიწყეთ, ჩემთვის მთავარი ამოცანა იყო, აგვემუშავებინა ამ დარგის საუკეთესო ჩვენი სპეციალისტები. მაშინ რუსეთისა და უკრაინის ქარხნები მზად იყვნენ, ეს სპეციალისტები თავისთან წაეყვანათ. ამის გაგებისთანავე, გადავწყვიტე, რომ თუნდაც ბოლო თეთრების ფასად შეგვენარჩუნებინა ეს სპეციალისტები და დაგვეტოვებინა საქართველოში. გაახლებული ვაგონებიც მივიღეთ, მაგრამ მთავარი იყო ის, რომ ხალხი შევინარჩუნეთ. თქვენს ქარხანასაც და იმ ქარხანასაც, რკინიგზის განვითარების დღევანდელი პერსპექტივის პირობებში, სამუშაო და შეკვეთა დღეს თავზე საყრელი უნდა ჰქონდეს.

აი, რა არის ჩვენი ამოცანა.

ჩვენ ყოველთვის სწორად ვერ ვმოქმედებდით, კიდევ ერთხელ ვამბობ, ბევრი ხრიკი კომბინაცია ჩაიდინეს თქვენი ქარხნის მიმართ, მაგრამ ასეთი ქარხნების გაჩერებას ჩვენ არ დავუშვებთ. ჩვენ იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ სპეციალისტთა მთელი თაობა ისევ დავკარგოთ. როდესაც თაობებს შორის ხდება წყვეტა, სპეციალისტების გაზრდას ათწლეულები სჭირდება. ღმერთმა არ ქნას, რომ ისევ ამ პრობლემის წინაშე დავდგეთ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)