Google+

სიახლეები

07.04.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფოთში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფოთში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილმა 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტის პრეზენტაცია ერთ-ერთი ფოთელის ლორენცი გოგელიძის ოჯახში გამართა, სადაც ინფორმაცია სამუშაოებთან დაკავშირებით პირადად პროექტის ხელმძღვანელებისა და სამეგრელოს გუბერნატორისგან მოისმინა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სასმელი წყლის პროექტის წარმატებულად დასრულება ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საუბარია თავისუფალი ინტდუსტრიული ზონის მშენებლობის აქტიურ ფაზაში გადასვლაზე. საქართველოს პრეზიდენტი ფოთში მოსახლეობასაც შეხვდა, რომლებმაც თავიანთ პრობლემებზე ისაუბრეს.

"გილოცავთ ყველას ხარებას. ამ პროექტის დასრულებასთან ერთად ფოთში 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, სასმელი წყლის პროექტის პარალელურად, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიატაციაც დაიწყება.მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ფოთში დიდი მშენებლობების პროცესი იწყება, რომელიც დღემდე შეფერხებებით მიმდინარეობდა.

„ფოთის მოსახლეობა, სულ მცირე, გასამაგდება, რადგან აქ იქნება დასაქმება. სადაც დასაქმებაა, იქ არის უფრო მეტი ხალხი. აქ ცხოვრების უკეთესი პირობები უნდა შეიქმნას. ახლა იწყება საქალაქო ინფრასტრუქტურისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დიდი მშენებლობის პროცესი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ფოთში წყალიც იყოს და კანალიზაციაც",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ფოთში ყოფნისას განაცხადა, დიალოგი აუცილებელია, თუნდაც ყველაზე რადიკალურ და ყველაზე მცირე ჯგუფთან. მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა.

ერთმანეთის მოსმენას, კომპრომისების ძიებას და დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. პრეზიდენტის თქმით, ერთმანეთის აზრის გაუთვალისწინებლობამ ქვეყანა კატასტროფამდე რამდენჯერმე მიიყვანა. ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გათვალისწინებით, ყველა ჯგუფთან დიალოგია საჭირო.

"იმაზე საუბარმა, რომ ჩვენ თქვენი აზრი არ გვაინტერესებს, რასაც გვინდა მაინც იმას ვიზამთ, მთავრობის მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან რამდენჯერმე ჩვენი ქვეყანა მიიყვანა კატასტროფამდე. ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს 20 % ოკუპირებულია, საფრთხე არ მოხსნილა და ტერიტორიები გვაქვს გასათავისუფლებელი, არის მსოფლიო კრიზისი, რომელიც ურტყამს თითოეულ ჩვენს ოჯახს, დიალოგს, ერთმანეთის მოსმენას, კომპრომისის ძიებას წინ არაფერი უდგას და ამ ძველ პრაქტიკაზე ყველამ უარი უნდა ვთქვათ. ჩვენ ყველას აზრი უნდა გავითვალისწინოთ. სიტუაცია გაუმჯობესდა ამ მხრივ პარლამენტში, დიალოგი დაიწყო არასამთავრობო სექტორში და რეგიონულ საკითხებში, რეგიონებს შორისაც. მაგრამ, ყველაზე პატარა, ყველაზე რადიკალურ ჯგუფთანაც კი საჭიროა დიალოგი, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს მათი მოთხოვნა, რადგან ალტერნატივა საქართველოს, უბრალოდ, არ აქვს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ფოთში ვიზიტისას მეთევზეების პრობლემებითაც დაინტერესდა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მეთევზეთა კავშირის თავმჯდომარე მურად მიმინოშვილისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო, თუ რა ხდება ამ დარგში.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში აშშ-დან შემოვა გემი, რომელიც თევზგადამამუშავებელ ქარხნებს მოემსახურება. "ეს ძალიან მნიშვნელოვანი დარგია და პრობლემები არ უნდა შეიქმნას", -აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ხელვაჩაურში ჩავიდა და სოფელ თხილნარის საჯარო სკოლის შენობის გახსნას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ფიზკულტურის გაკვეთილები ძალიან ბევრ სკოლაში ჩაკვდა და ამ საკითხის მოგვარება საქართველოს პრეზიდენტმა განათლების მინისტრს დაავალა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)