სიახლეები
24.04.2009
საქართველოს პრეზიდენტმა ენერგეტიკულ სამიტზე გამგზავრების წინ კომენტარი გააკეთა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბულგარეთში გაემგზავრა, სადაც ენერგეტიკული სამიტი მიმდინარეობს. გამგზავრებამდე მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა და სამიტის მნიშვნელობაზე ილაპარაკა. მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანი პერსპექტივა გამოჩნდა იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებზეც საქართველო დიდი ხანია მუშაობს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სოფიაში დღეს სტრატეგიული დოკუმენტები გაფორმდება, რომლებიც ევროპაში აზიური გაზის მიწოდებას შეეხება.
"როგორც ხედავთ, თანდათანობით, კონკრეტული სერიოზული პროექტები გამოგვდის. მოკლევადიანი მნიშვნელობით ამ პროექტების განხორციელება საქართველოში დიდი მშენებლობების დაწყების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საწინდარია, ხოლო გრძელვადანი თვალსაზრისით, ეს არის ჩვენი ქვეყნის ბევრად მეტი დაცულობა, მეტი პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოება, ჩვენი მნიშვნელობის გაზრდა ევროპისთვის. ჩვენ გამოვედით დსთ-დან, ამიტომ ინტეგრაცია ევროპის მიმართულებით და შუააზიის მიმართულებით პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში, სადაც ენერგეტიკა შეასრულებს გადამწყვეტ როლს, ძალზე მნიშვნელოვანია. ამასთან დაკავშირებით, 7 მაისს პრაღაში ხელს ვაწერთ აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივას, ე.ი. ევროკავშირთან პირველად ვამყარებთ ინსტიტუციურ კავშირს და აქაც ენერგეტიკა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს. თანდათანობით, მძივებივით ეწყობა ჩვენი ახალი გეოპოლიტიკური სტრატეგია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სოფიაში ენერგეტიკული სამიტი დღეს გაიხსნა. მასში ევროკავშირის წევრი და მისი მეზობელი ქვეყნები მონაწილეობენ.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური