Google+

სიახლეები

25.05.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მეცნიერების და ხელოვნების მოღვაწეები შოთა რუსთაველისა და საქართველოს ეროვნული პრემიებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელოვნებისა და მეცნიერების დარგების მოღვაწეები შოთა რუსთაველის სახელობისა და ეროვნული პრემიებით დააჯილდოვა. შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატები გახდნენ პოეტი იზა ორჯონიკიძე, არქიტექტორი ვაჟა ორბელაძე, მხატვარი ჯიბსონ ხუნდაძე. მათ გადაეცათ ლაურეატის დიპლომები, ოქროს მედლები და ფულადი ჯილდოები 15 000 ლარი.

საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები გახდნენ მეცნიერთა ორი ჯგუფი, ასევე, მხატვარი ემილ ბურჯანაძე, მომღერალი თემურ ქევხიშვილი, მუსიკათმცოდნე მანანა ახმეტელი, მოცეკვავე ომარ მხეიძე და მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე. მათ გადაეცათ დიპლომები, ვერცხლის მედლები და ფულადი ჯილდოები 10 000 ლარის ოდენობით.

"მიუხედავად იმ დიდი ზარალისა, რომელიც ჩვენს მეცნიერებას გაჭირვების, თავმოუბმელობის, შეცდომების გამო მიადგა, მიხედავად იმისა, რომ ჩვენი მეცნიერები ვერ დადიოდნენ კონფერენციებზე, ვეღარ იწერდნენ ლიტერატურას, ნამდვილი ენთუზიასტები და იდეალისტები არიან. ისინი უშუქობაში, უხელფასობის დროსაც არ წყვიტდნენ მუშაობას და მაინც იქმნებოდა ახალი სამეცნიერო ნაშრომები. მსურს ამ ხალხს დიდი მადლობა გადავუხადო.

ვიცი, რომ ხელფასები და დაფინანსება არც დღეს არის საკმარისი და ჩვენ მის გაზრდაზე ვმუშაობთ, მაგრამ მინდა იცოდეთ თუ რამდენად გაფასებთ და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის თქვენი ღვაწლი, თქვენი შრომა და თქვენი მიღწევები", განუცხადა მათ საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ განათლების სფეროში მეტ ინვესტიციების პირობებში, საქართველოში ისევ გაჩნდებიან დიდი მეცნიერები მსოფლიოს მასშტაბით.

"მსურს დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მეცნიერებისა და კულტურის სხვადასხვა სფეროებში მოღვაწეობს და მუხლჩაუხრელად შრომობს, ქმნის ჩვენი ერის განსაკუთრებულობას და ჩვენი ერის სახელით შეაქვს საკუთარი წვლილი მსოფლიო კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.

მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებრივი სათათბიროს შექმნის ინციატივითაც გამოვიდა, რომელშიც საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლები შევლენ.

"გამოვიდვარ წინადადებით, რომ შევქმნათ საზოგადოებრივი სათათბირო და შესაბამისად, მივიღოთ კანონი, რათა ეს ორგანო სტრუქტურირებული იყოს. მასში უნდა შევიყვანოთ ჩვენი საზოგადოები ყველა სფეროს - მეცნიერების, კულტურის, ბიზნესის, ეკონომიკის, განათლების სფეროების და რეგიონული წარმომადგენლები. მივცეთ მათ საშუალება რეკომენდაციები მისცენ აღმასრულებელ ხელისუფლებას და პარლამენტს; გამოვიდნენ საკუთარი ინიციატივებით და მივცეთ კანონების წარდგენისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივა. ჩვენ უნდა მივცეთ მათ საშუალება, თავად დაწერონ კანონები. პარლამენტი ვალდებული უნდა იყოს, რომ ეს კანონები მაქსიმალურად სწრაფად, რიგგარეშე განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება. ეს საშუალებას მოგვცემს ჩვენი პოლიტიკა ხალხს დავუბრუნოთ, ქვეყანა ბოლომდე დავუბრუნოთ ჩვენს ხალხს და ჩვენმა საზოგადოებამ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ახალი ქართული სახელმწიფოებრიობის, ახალი ქართული დემოკრატიის ჩამოყალიბების საქმეში.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში იქმნება ახალი სამოქალაქო საზოგადოება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროცესში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს.

დასასრულ, მიხეილ სააკაშვილმა კულტურის სამინისტროში შეკრებილ საზოგადოებას ეროვნული დამოუკიდებლობის დღესასწაული 26 მაისი მიულოცა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)