სიახლეები
27.08.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ბაჩო ახალაია ოფიციალურად წარადგინა
პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი და საკადრო საკითხი განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ბაჩო ახალაია ოფიციალურად წარადგინა. თავდაცვის მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალაიამ ვასილ სიხარულიძე შეცვალა. სიხარულიძე საგარეო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, თავდაცვის ახალი მინისტრის - ბაჩო ახალაიას ამოცანა აგრესიისაგან ქვეყნის დასაცავად საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებისა და მზადყოფნის ამაღლება იქნება. მისი თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა ბოლო პერიოდში გაუმჯობესდა, მაგრამ ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობას იგი დამაკმაყოფილებელს ვერ უწოდებს.
„ამ კუთხით ბევრად მეტია გასაკეთებელი და ბევრად მკაცრი ხელია საჭირო. მე ვიცი, რომ ბაჩო ახალაიას ბევრი მტერი ჰყავს. მან შეძლო ის, რომ საქართველოში ციხეებს კანონიერი ქურდები ვეღარ მართავენ. ეს დიდი მონაპოვარია და ეს ამ ადამიანმა შეძლო. მან მოკლე ხანში ასევე დიდი სამუშაო ჩაატარა თბილისის ფორტიფიკაციების ხაზის შექმნის და შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის კონტროლის მიმართულებებით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მოქმედი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა არსებული პოლიტიკის გაგრძელება, ქვეყნის დაცვა შესაძლო აგრესიისგან, ავღანეთში ქართული კონტიგენტის გაგზავნა, სამხედრო დოქტრინის გაგრძელება და ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობისკენ მიმართული რეფორმების გაგრძელება. მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბაჩო ახალაია ამ ყოველივესთვის სათანადოდ არის მომზადებული.
„ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა დავიცვათ ქვეყანა შემდგომი აგრესიისგან, ამ პასუხისმგებლობას ვერავის გადავაბარებთ. ჩვენ ვიგებთ მშვიდობას, მაგრამ ომის თავიდან აცილებას მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა და შეიარაღებული ძალების წინსვლა სჭირდება. განსაკუთრებით საბიუჯეტო შეზღუდვების გათვალისწინებით და ეს შეზღუდვები გვაქვს მაშინ, როცა აგრესორი თანხებს აორმაგებს. თუმცა, ჩვენ არსებული რესურსები უფრო რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური