28.08.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თიანეთის რაიონს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს თიანეთის რაიონის სოფელ სიონს ესტუმრა. პრეზიდენტმა ახლადგახსნილი სპორტული კომპლექსი, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მინიფეხბურთის, კალათბურთისა და ჩოგბურთის მოედნები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. საუბრისას პრეზიდენტმა რაიონის ტურისტულ პოტენციალზე გაამხვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყველას არ აქვს ბაკურიანში ან საზღვაო კურორტებზე სასტუმროებში დასვენების საშუალება. ამიტომ, მისი თქმით, მსგავსი კურორტები უნდა იყოს ათვისებული. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივებს გზისა და გაზიფიცირების პრობლემის მოგვარებასაც დაჰპირდა. ადგილობრივი მოსახლეობის დასასაქმებლად და მათი შემოსავლის გასაზრდელად კი მას ფესტივალებისა და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა მიაჩნია აუცილებლად.
"ბათუმის, ქობულეთის, ურეკის ან თუნდაც ბაკურიანისა და ბორჯომის სასტუ,როებში ყველა ვერ დაისვენებს. აქ უფრო იაფია დასვენება, შეიძლება ნაკლებად კომფორტული იყოს. ამ ცენტრის გახსნით ეს ადგილი გავაცოცხლეთ. მე და ცეზარ ჩოჩელი ვლაპარაკობდით, რომ ხალიჩების, წინდებისა და სხვა ნივთების ვაჭრობით ადგილობრივებმა 160 ათას ლარზე მეტი მიიღეს. ერთმა ოჯახმა ოჯახის ბიუჯეტში შესული 3-4 ათასიდან პირობების გასაუმჯობესებლად 1500 ლარიც რომ ჩადოს, მომავალ წელს აქ ბევრად მეტი ხალხი ჩამოვა. ჩვენ ამას ხელს ვუწყობთ - გზა მოგვყავს აქამდე, წყალსაცავზე კეთილმოწყობილი პლაჟი უნდა გავაკეთოთ. ეს ულამაზესი ადგილია და მნიშვნელოვანია, რომ ეს კურორტი განვავითაროთ. შეიძლება დიდი კომფორტი არ იყოს, მაგრამ დასასვენებლად საუკეთესოა. ჩემი შვილიც ჩვეულებრივ ოჯახში ისვენებდა, მაგრამ კარგი საკვები, ჰაერი, ათ თანატოლთან ერთ ოთახში ძილი, ბევრ კარგ სასტუმროში დასვენებას სჯობს.
"ჩვენი ამოცანაა, რომ თქვენ იყოთ კარგად, შემოსავალი გქონდეთ, ამისათვის სხვადასხვა ღონისძიებები უნდა დავგეგმოთ. ასევე ფული უნდა ჩავდოთ ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ვიდრე პრეზიდენტად ამირჩევდნენ, მახსოვს, აქ ამოსასვლელად სამი საათი დამჭირდა. ახლა მხოლოდ 9 კილომეტრია შესაკეთებელი, რაც მალე დასრულდება. გაზიც მალე იქნება. აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ დაპირებები მოგცეთ. აქ იმისთვის მოვედი, რომ ვნახოთ რა გაკეთდა - ხუთი წლის წინათ, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ვიყრიდი კენჭს, ჩამოვედი და მაშინდელი დანაპირები შევასრულეთ. შარშან ჩოგბურთის კორტების აშენებას დაგპირდით და ესეც შევასრულეთ. ახლა გვინდა, რომ ამაზე ბევრად მეტი გავაკეთოთ. ასევე ხელი უნდა შევუწყოთ პატარა-პატარ სასტუმროების გახსნას", - განაცხადა მოხეილ სააკაშვილმა.
მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი სიონის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მივიდა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური