Google+

სიახლეები

17.11.2009
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ოფისი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ოფისი გახსნა.

სააგენტოს ოფისი ავტომობილებს დაარეგისტრირებს, მართვის მოწმობებს გასცემს და ფიზიკური და იურიდიული პირების სამართლებრივ მდგომარეობაზე შესაბამის ინფორმაციას შეაგროვებს.

პრეზიდენტი სააგენტოს მუშაობას პირადად გაეცნო და მართვის მოწმობის მისაღებად საჭირო ტესტები შეავსო. "ასე ჩქარა დოკუმენტები არ გაიცემა არსად მსოფლიოში, როგორც საქართველოში. ასე მარტივად ეს საქმე არსად წყდება, როგორც საქართველოში. ჩვენ, ქართველები ამას მივეჩვიეთ. სხვათა შორის, ყველა გვიღიმის, არავინ ქრთამს არ გვთხოვს. ყველა გვემსახურება" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სააგენტო სპეციალურად გაიხსნა არა ბათუმის ტურისტულ ზონაში, არამედ სოციალურად ყველაზე შეჭირვებულ უბანში, რათა პირველ რიგში იქ მცხოვრებ მოქალაქეებს კეთილდღეობა მოუტანოს.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა აჭარაში იუსტიციის სახლის შენობის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ბათუმის იუსტიციის სახლში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ტერიტორიული სამსახურების - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფისები განთავსდება.

მასში ასევე განთავსდება აჭარის იუსტიციის ტერიტორიული განყოფილება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა და ბათუმის პროკურატურა.

დღესვე ბათუმში, მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატიონის ქუჩაზე გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

პრეზიდენტის განცხადებით, გამწვანების აქციები ყველა იმ ტერიტორიაზე მოეწყობა, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ. აქცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ტარდება და ტრადიციად იქცევა.

"პატრიარქმა მოგვიწოდა, რომ ყველას დაგვერგო 12 ხე წელიწადში. მთელი წელი მე ვერ დავიცდი, რადგან მოუთმენელი ადამიანი ვარ და დღესვე დავრგე თორმეტივე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ხეები მან არა პრესტიჟულ უბანში დარგო, არამედ ჯერ კიდევ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბათუმის გარეუბანში. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დარგვის დროს პატრიარქის მითითებები გაითვალისწინა და ყველას მოუწოდა, რომ უწმინდესის ამ მოწოდებას შეუერთდნენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)