სიახლეები
29.12.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმერეთის რეგიონში ახალი გუბერნატორი წარადგინა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმერეთის რეგიონის ახალი რწმუნებული ბათუმიდან წარადგინა. მიხეილ ჩოგოვაძე ამ პოსტზე ლაშა მაქაცარიამ შეცვალა. საკადრო ცვლილება მიხეილ სააკაშვილმა დიდების მემორიალის დემონტაჟის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ გადაწყვიტა. პრეზიდენტის თქმით, ყველა პროექტი, რომლის განხორციელებაც რეგიონში დაწყებულია, ბოლომდე უნდა მივიდეს.
"საკადრო ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღე, რაც ქუთაისში ბოლო რამდენიმე ჩასვლისას ადგილზე არსებული უდისციპლინობა დავინახე. განსაკუთრებით იმოქმედა ამ ბოლო ტრაგედიამ, რომელსაც მთელი რიგი ადამიანების, მათ შორის, თანამდებობის პირების არაკომპეტენტურობის, დაუდევრობისა და უნიათობის გამო, სრულიად უდანაშაულო ხალხი ემსხვერპლა. იმედი მაქვს, რომ პროკურატურა კონკრეტული დამნაშავეების საქმეს დროულად მიიყვანს სასამართლომდე და ისინი სრულად აგებენ პასუხს კანონის წინაშე. ჩვენ ახლა გვჭირდება იქ ახალი სისხლი, ახალი კადრი, ახალი გუბერნატორი და ბევრად უფრო დახვეწილი და ეფექტური პოლიტიკა. მინდა იცოდეს ყველა ქუთაისელმადა იმერეთის თითოეულმა მკვიდრმა, რომ ყველა ჩვენი დაპირება, ყველა ჩვენი პროექტი ძალაშია და ყველაფერი ზედმიწევნით განხორციელდება ბოლომდე - უფრო ადრეც ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ჩვენ გვაქვს პროექტი, რომ ქუთაისი ვაქციოთ მეორე დედაქალაქად და ამ პროექტზე მუშაობას ახლა უფრო ინტენსიურად გავაგრძელებთ. ის დრო, როდესაც ჩვეულებრივი ადამიანების ბედი ადგილობრივ ხელისუფლებას არ აღელვებდა, რაც საკუთარი თვალით ვნახე ქუთაისში ამასწინანდელი სტუმრობისას, დასრულდა. მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს არც იმერეთში და არც არსად სხვაგან საქართველოში. ამაზე მკაცრად მოვთხოვ ყველას პასუხს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური