საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბელორუსიის ვიცე პრეზიდენტს ანდრეი კობიაკოვს შეხვდა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბელორუსიის ვიცე პრეზიდენტს ანდრეი კობიაკოვს შეხვდა. ბელორუსის ვიცე პრეზიდენტი ბათუმში ვიზიტად ენერგეტიკული კონფერენციის ფარგლებში იმყოფება. საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და ბელორუსს შორის პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავებას შეეხებოდა. ბელორუსის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ორ ქვეყანას შორის არსებულ ტრადიციებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.
"უწინარესად მსურს მოგესალმოთ. ყოველთვის მოხარული ვართ ბელორუსი მეგობრების ხილვით. ბათუმში ზაფხულის თვეებში ბევრი ბელორუსი ტურისტი ისვენებდა და იმედი მაქვს, მომავალში მათი ნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება. დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენი კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდეს და ურთიერთობა უფრო მეტად გაღრმავდეს. კარგი იქნება, თუ ქართველებიც აქტიურად ივლიან თქვენს ქვეყანაში საქმიანი, სასწავლო თუ ტურისტული მიზნებით. მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვაფასებთ ბელორუსიის ხელისუფლების პრინციპულობას, შორსმჭვრეტელობას და სიბრძნეს როგორც საქართველო-ბელორუსიის ურთიერთობაში, ისე დსთ-ს ქვეყნებს შორის. ვიცი, რომ არის ძალიან დიდი გამოწვევა და ვაფასებ თქვენს გამბედაობას და მყარ პოზიციას ამ გამოწვევებთან გამკლავების საქმეში. პირადად ვადევნებდი თვალს დებატებს და ვიცი, რომ ბელორუსი დეპუტატების დიდმა ნაწილმა ღიად დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამას ძალიან ვაფასებთ და ქართველი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს. ვაკვირდებით იმასაც, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და ევროპაში გაჭირვების მიუხედავად, სხვადასხვა ხელისშემშლელი ფაქტორებისა და ასევე იმის მიუხედავად, რომ თქვენს გარშემო მყოფ ქვეყნებს ძალიან დიდი ეკონომიკური პრობლემები შეექმნათ, ბელორუსი თითქმის ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც პოზიტიური ბალანსი და ეკონომიკური წინსვლა აქვს. ეს უდავოდ გასაკვირია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თქვენ წარმატებით ახორციელებთ ეკონომიკურ რეფორმებს. რა თქმა უნდა, მომავალშიც წარმატებებს გისურვებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ბელორუსს საქართველოში ჰყავს მეგობრები. ჩვენი მრავალეთნიკური ერი ვართ და ყველას დიდი სიმპატთია გვაქვს თქვენი ქვეყნის, ერისა და სახელმწიფო პოლიტიკური მოღვაწეების მიმართ. უნდა იცოდეთ, რომ საქართველოში ყოველთვის სიხარულით გელიან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
"დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის. კეთილგანწყობითა და დიდი ინტერესით მოვდიოდით საქართველოში. თქვენს ქვეყანაში პირველად ვარ და იმედი მაქვს დავათვალიერებ ადგილებს, რომლებიც არ მინახავს. საშუალება გვქონდა საკმაოდ სერიოზულად გვესაუბრა თქვენს პრემიერ-მინისტრთან სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით. ჩვენთან ბევრ ქართულ სამარკო ნიშანს დიდად აფასებენ. პრაქტიკულად ყველა მაღაზიაში, რომელსაც შესაბამისი პროდუქციის გაყიდვის უფლება აქვს, შეხვდებით ქართულ ღვინოს, ქართულ მინერალურ წყლებს. დიდად დაინტერესებული ვართ ქართული ციტრუსითაც და იმ პროდუქციით, რომელიც ბელორუსში არ არის და რომელთა შემოტანაც ყოველთვის გვჭირდებოდა საბჭოთა დროსაც და ახლაც. ამიტომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით."
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ციტრუსები და მათგან წარმოებული პროდუქცია საქართველოს რამდენიმე რაიონიდან სწორედ ბელორუსში იგზავნება. ასევე მან ღვინის ხარისხთან დაკავშირებით ილაპარაკა. მან აღნიშნა, რომ განსხვავებული შეფასებებისა და მოსაზრებების მიუხედავად, ბელორუსმა არათუ შეზღუდა ქართული პროდუქციის იმპორტი, არამედ 2006 წლიდან იმპორტის ზრდაც კი შეინიშნებოდა.
საქართველოს პრეზიდენტი მექანიზაციის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ქართულ სოფლებში დიდი მოთხოვნაა ბელორუსის გამოშვებულ ტრაქტორებზე. სწორედ აქედან გამომდინარე, აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი კონტაქტების გაფორმებას გეგმავს. მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ბელორუსის ხელისუფლება ურთიერთგაგებას ამ საკითხთან დაკავშირებითაც მიაღწევენ.
თავის მხრივ, ანდრეი კობიაკოვს მიაჩნია, რომ ორმხრივი ურთიერთობისთვის ეს ძალზე კარგი თემაა და ამ თემის განვითარება კიდევ უფრო გააღრმავებს თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის.
"იმას გარდა, რომ შეგვიძლია მზა ტექნიკისა და მისი გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი აგრეგატების კრებულის მოწოდება, შეგვიძლია ამწყობი წარმოების გაშლაც", - აღნიშნა მან.
საქართველოს პრეზიდენტმა ანდრეი კობიაკოვს როგორც საწარმოების, ისე ტურისტული ობიექტების მშენებლობისთვის ფოთისა და ქუთაისის თავისუფალი ეკონომიკური ზონების ათვისება შესთავაზა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური