Google+

სიახლეები

26.05.2004
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე

ჩემო თანამოქალაქენო!

ჩემო თანამებრძოლებო!

ჩვენი ერის ჯარისკაცებო!

ოთხი თვის წინათ, პირველად წარვდექი ჩემი ერის წინაშე და დავდე ფიცი, რომ დავიბრუნებდით საქართველოს.

დავიბრუნებდით საქართველოს და იმედგაცრუებისა და გათიშულობის წლებს, იმედისა და ერთიანობის ახალი შეგრძნებით ჩავანაცვლებდით.

მე გთხოვეთ, ერთად დავმდგარიყავით, აღგვედგინა კანონიერება და ღირსება, შეგვექმნა სახელმწიფო ინსტიტუტები.

ჩემი ინაუგურაციის დღეს მე აღგითქვით, რომ აღვასრულებდით ჩვენი წინაპრების ოცნებას, იმ გმირების ოცნებას, რომლებმაც თავი გაწირეს თავისუფალი საქართველოსთვის - სიმბოლურია, რომ დღეს სწორედ 300 არაგველის მემორიალთან ვიმყოფებით.

აღგითქვით, რომ შევუდგებოდით ჩვენი დიდი ერის გაერთიანებისა და გამთლიანების პროცესს.

მაშინ მე გთხოვეთ, რომ გერწმუნათ ჩემი და ჩვენი საერთო უკეთესი მომავლის.

დღეს ყველას შეგვიძლია დავინახოთ, რომ ჩვენმა რწმენამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო.

ოთხი თვის წინათ, ჩვენშიც და უცხოეთშიც ურწმუნოები სჭარბობდნენ მათ, ვისაც სჯეროდა.

პესიმისტები წინასწარმეტყველებდნენ, რომ პირველივე მცდელობაზე ჩვენ კისერს წავიმტვრევდით, ლაპარაკობდნენ სწრაფი მარცხის გარდაუვალობაზე - მათ არ ეგონათ, რომ საქართველოში რაიმეს გამოსწორება შეიძლებოდა.

და მაინც, დღეს მე თქვენს წინაშე ვდგავართ, საქართველო სწორ გზაზე დგას და ამის უარყოფა შეუძლებელია.

დღეს ჩვენს ხალხში ახალი ძალები იკრიბება.

ჩვენი რწმენა არათუ არ იკლებს, არამედ ძლიერდება კიდეც.

ჩვენი რწმენა დღეს უკვე კონკრეტულ შედეგებს ეფუძნება.

საქართველოს ხელახლა გაუჩნდა შანსი - ისე როგორც ოდესღაც გახდეს დიდი სახელმწიფო.

საქართველო შეიძლება გახდეს სახელმწიფო, რომელშიც ჩვენი შვილები იამაყებენ თავიანთი წარმომავლობით, მოქალაქეობით, საკუთარი პასპორტებით.

საქართველო შეიძლება გახდეს სახელმწიფო, რომელიც მეზობელი ქვეყნების პატივისცემისა და აღტაცების ობიექტად იქცევა.

ჩვენი ასეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პირველი ნიშნები უკვე სახეზეა.

ჩვენ დავიწყეთ კორუფციასთან ნამდვილი ომი და ამ ომში პირველი ბრძოლები უკვე მოვიგეთ.

დღესდღეობით, საქართველოს მთავრობის არცერთ დონეზე აღარ არსებობენ ხელშეუხებელი ადამიანები.

ჩვენ გავანეიტრალეთ და განვაიარაღეთ რამდენიმე შეიარაღებული ბანდა.

სერიოზულად წავიწიეთ წინ შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების საქმეში და მსურს აღვნიშნო, რომ, დღეს, როგორც არასდროს იზრდება ჩვენი შეიარაღებული ძალების ნდობა.

დღეს ჩვენს შორის იმყოფება თბილისელი მოქალაქე როლანდ ნებიერიძე, რომელიც ხუთი ვაჟის მამაა.

ხუთივე ჯარში გასაწვევი ასაკისაა, თუმცა ამ ოჯახიდან აქამდე არცერთი არ წასულა ჯარში, რადგან სახელმწიფოს ნდობა არ ჰქონდათ.

ახლა კი ბატონმა როლანდმა მიიღო გადაწყვეტილება ხუთივე ვაჟი ერთდროულად გააგზავნოს ქართულ ჯარში.

ჩვენ მივაღწიეთ სერიოზულ წარმატებებს საერთაშორისო ასპარეზზე.

საქართველოს შელახული, ფეხქვეშ გათელილი რეპუტაცია ბოლომდე აღდგენილია.

საქართველო, როგორც არასდროს მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში, პოპულარულია მთელ მსოფლიოში.

ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა დავამყარეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ვრჩებით მის სამხედრო მოკავშირედ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მივიღეთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ერაყში ჩვენი კონტიგენტი გასამმაგდეს, იმ ჯარისკაცებს, რომლებიც იქ საკუთარი ნებითა და გადაწყვეტილებით წავლენ, ხელი შევუწყოთ და ერთად ამოვუდგეთ მხარში ჩვენს მოკავშირეებს.

ჩვენ მკვეთრად გაგვიუმჯობესდა ურთიერთობა რუსეთთან და თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავედით.

პირველად დაიწყო სერიოზული ლაპარაკი საქართველოზე, როგორც ევროპის კავშირის წევრობის სერიოზული კანდიდატია.

რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ საქართველო...

ვგულისხმობთ, რომ ყველა ცვლილებამ უნდა მიიღოს შეუქცევადი ხასიათი.

ვგულისხმობთ, რომ თითოეულმა ქართულმა ოჯახმა უნდა იგრძნოს ამ ცვლილებების სიკეთე.

ვინ უნდა დაიბრუნოს საქართველო;

ამ კითხვაზე პასუხი თითოეულ ჩვენგანშია.

საქართველოს დაბრუნებას მისი თითოეული შვილის, თითოეული მოქალაქის საერთო საქმე და საერთო პასუხისმგებლობაა.

საქართველოს დაბრუნება თითოეული ჩვენგანის ცხოვრების მთავარი არსი და დანიშნულებაა.

საქართველოს დაბრუნება არის მისი გამთლიანება.

ჩვენ ამისკენ პირველი დიდი ნაბიჯი უკვე გადავდგით აჭარაში.

დღეს აჭარა და ბათუმი თავისუფალია და ეს არის თითოეული იმ აჭარელის, თითოეული იმ ქართველის დამსახურება, ვისაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი გათავისუფლებისა და გაერთიანების სწამდა.

როდესაც საქართველოს გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, უნდა დავუბრუნდეთ ქართველი ერის მთავარ საფუძველს - ორმა მმართველმა ირწმუნა, რომ ძალა ერთობაშია, ორი დიდი მეფე ფარნავაზი და ქუჯი დადგა ერთად, საქართველო გახდა მთლიანი.

საქართველო შეიქმნა, როდესაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეების წინამძღოლებმა საქართველო დააყენეს საკუთარ თავზე მაღლა.

მათ გვერდზე გადადეს გადადეს საკუთარი ეგოიზმი, ინტერესი, ძალაუფლებისადმი ლტოლვა, რათა შეექმნათ მძლავრი, მარადიული, მშვიდობიანი გზით მიღწეული ერთობა.

ძალა ერთობაშია.

ქვეყნების უმრავლესობისაგან განსხვავებით, საქართველო არ შექმნილა დაპყრობისა და ძალის გამოყენების გზით.

სინამდვილეში, ჩვენი ერი, ჩვენი ერთიანობა, ჩვენი კულტურა არის ჩვენი მიწის მკვიდრთა ადამიანური სოლიდარობის ჰარმონიისა და ურთიერთგატანის მრავალფეროვნების შერწყმის უნიკალური ნიჭის შედეგი.

დღეს, ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს მე მსურს კიდევ ერთხელ მოვიხმო ჩვენი წინაპრების სიბრძნე.

სწორედ მათი ტოლერანტულობის, ძმური სიყვარულის, ურთიერთთავგანწირვისა და ადამიანური ღირსების პატივისცემის პრინციპებით ჩვენ ხელახლა უნდა გავაერთიანოთ საქართველო.

მსურს დავადასტურო, რომ არც საქართველო და არც მისი პრეზიდენტი არასდროს არ შეურიგდებიან დაშლილობას.

სწორედ ამიტომ, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს ვთავაზობთ დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს ერთიანი სახელმწიფო კავშირების აღდგენის თაობაზე.

ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ სახელმწიფოებრი მოწყობის ყველანაირი მოდელი მათი ინტერესების გასათვალისწინებლად, მათი მომავალი განვითარების უზრუნველსაყოფად.

მსურს მივმართო ჩვენს ოს ძმებს, გამოვხატო მათ მიმართ უღრმესი პატივისცემა და აღვუთქვა, რომ ქართული სახელმწიფო ყოველთვის გაითვალისწინებს თითოეული მათგანის - საქართველოში მცხოვრები თითოეული ოსის ინტერესს.

მე, საქართველოს პრეზიდენტს მსურს პირველად მივმართო მათ მშობლიურ ოსურ ენაზე, იმ ენაზე, რომლის სახელმწიფოებრივ სტატუსსა და დაცვის გარანტიას ქართული სახელმწიფო შეუქმნის საქართველოს მცხოვრებ თითოეულ ოსს ;საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვა ოსურად წარმოთქვა .

მე მინდა ასევე მივმართო აფხაზებს და კიდევ ერთხელ ვთავაზობ მოლაპარაკების დაწყებას ფედერალური ურთიერთობების შესახებ და მათი ავტონომიის ფართო, მათ შორის საერთაშორისო გარანტიებზე.

ჩვენ აფხაზ ხალხს მეგობრობის ხელს ვუწვდით და მზად ვარ იგივე აფხაზურად გავიმეორო ;საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვა აფხაზურად წარმოთქვა.

და მინდა მივმართო მთელს ქართველ ერს, ვთხოვო ვიყოთ მიმტევებელი, შეგვეძლოს დავინახოთ არა მხოლოდ სხვისი, არამედ საკუთარი შეცდომებიც.

შევძლოთ ხელი გავუწოდოთ ყველას, ვისაც მეგობრობა სურს, ვიყოთ მომთმენნი, მაგრამ გვქონდეს უნარი არასოდეს დავიხიოთ უკან მტრის წინაშე, გაქცეულებმა აღარასდროს ვაჩვენოთ ზურგი მტერს.

როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს დაბრუნებაზე უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ყოველმა მეხუთე მოქალაქემ მიატოვა სამშობლო.

ეს ხალხი გაჭირვებამ, ომმა, ნგრევამ, უპერსპექტივობამ გააქცია.

მათ უკვე გაუჩნდათ შვილები, რომელთაც არასდროს უნახავთ საქართველო.

დღეს მათი დაბრუნება, საკუთარ სამშობლოსთან კავშირის აღდგენა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ისტორიული ამოცანაა.

საქართველოს კონსტიტუცია უფლებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტს მოანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

დღეს მე მივმართე მთელ მსოფლიოში გაბნეულ ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენს სისხლსა და ხორცს, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, მე მივიღე გადაწყვეტილება მივანიჭო საქართველოს მოქალაქეობა უცხოეთში მცხოვრებ ყველა ქართველს, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, ვისაც ამის სურვილი აქვს და ვინც მოგვმართავს ამ განცხადებით, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვუპასუხოთ მომავლის გამოწვევას.

ჩვენ დიდი ტანჯვა-წვალება გამოვიარეთ.

ამ ტანჯვის მთავარი მიზეზი ჩვენი გათიშულობა იყო.

მე გთხოვთ გავერთიანდეთ, ვინაიდან ზუსტად ვიცი რამდენი რამის გაკეთება შეგვიძლია როცა ერთად ვართ.

ჩვენ გვეყოფა გამძლეობა, კულტურა და ინტელექტი, რათა უკეთესობისაკენ შევცვალოთ ჩვენი ყოველდღიური საქციელი და ქმედება.

იმისათვის, რომ ყოველდღიური შრომით არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრება, არამედ ვაქციოთ საქართველო ჭეშმარიტად ევროპულ სახელმწიფოდ.

ჩვენი სანუკვარი მიზნების მისაღწევად საჭირო ძალა თითოეულ ჩვენგანშია, ჩვენს იმ თვითმყოფადობაშია, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა.

მე ჩემს მთავრობასთან ერთად ვკისრულობ პასუხისმგებლობას მოვიხადოთ ჩვენი ვალი პატიოსნად, ღირსებით და თითოეული მოქალაქისადმი პატივისცემით.

ამავე დროს, გთხოვთ, მოგვაშველოთ თქვენი ძალა, დაგვიჭიროთ მხარი და თვითონ მიიღოთ მონაწილეობა წარმატების მისაღწევად გასაწევ ტიტანურ შრომაში.

დაე ღმერთმა მოგვცეს გამძლეობა, სიბრძნე.

დაე წმინდა გიორგი გაგვიძღვეს ჩვენ ახალი გამარჯვებებისაკენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)